დიზაინერისა და Off-White-ს დამფუძნებლის, ვირჯილ აბლოს უკანასკნელი ნამუშევრები მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგინეს. კოლექციაში შედის როგორც Off-White-ისთვის, ასევე სხვა ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილი ნივთები. ცნობილია, რომ დიზაინერი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა, სწორედ ამ დროს შეიქმნა დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია.
მილანის დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილ ნივთებს შორის იყო ვირჯილ აბლოსა და იტალიური ბრენდის, Alessi-ს კოლაბორაციით შექმნილი უჟანგავი ფოლადის სამზარეულოს კომპლექტი, რომლის დიზაინიც სამუშაო იარაღებით არის შთაგონებული.
კიდევ ერთი კოლაბორაცია ავეჯის ბრენდ Cassina-სათვის შექმნილი მულტიფუნქციური კუბია. ინდუსტრიული დიზაინის კუბი შთაგონებულია ლე კორბუზიეს ტაბურეტებით, მისი ინტერიერში გამოყენება რამდენიმე დანიშნულებით შეიძლება: პუფის, სკამისა და მაგიდის. მინიმალისტური დიზაინი და მრავალფუნქციურობა კუბს არა მხოლოდ აქსესუარად, არამედ მნიშვნელოვან ფუნქციურ ნივთად აქცევს.
დანარჩენი ნამუშევრები Off White-ის სახლის აქსესუარების მეოთხე კოლექციას ქმნის. აქსესუარებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა თეთრი, ცილინდრის ფორმის კერამიკული ლარნაკები, რომელთაც ერთმანეთისგან ზომა და პრინტი განასხვავებთ, თითოეულ ვაზაზე ხელით არის დასმული საღებავების წვეთები, რომლებსაც დახვეწილ ლარნაკებზე მცირე ქაოსი შემოაქვთ.
სახლის აქსესუარების კოლექციიდანაა მინის ასიმეტრიული შანდლები ფერადი სანთლებით. გამჭვირვალე შანდლებზე ანთებული სანთლები შორიდან ჰაერში ლივლივის ეფექტს ქმნიან.
მილანის დიზაინის კვირეულზე წარმოადგინეს სპარსული ხალიჩის აბლოსეული ინტერპრეტაცია, ხალიჩა ერთდროულად ბრენდის სტილისა და ტრადიციული სპარსული ხელოვნების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. ხალიჩის ცენტრში წარწერა Don’t Look Now კი Off-White-ის 2019 წლის კოლექციას - Keep Off-ს ეხმიანება.
კოლექციის ნაწილია ხის სკამებიც, რომელთაც სრულიად ჩვეულებრივი ფორმა აქვთ, თუმცა საზურგეებზე ვხედავთ ამოჭრილ წრეებს, ე.წ კრატერებს, რომლებიც ხშირად გვხვდება Off White-ის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
წარმოდგენილ კოლექციაში ყველაზე უჩვეულო მაგიდის საათებია. რეტროფუტურისტული საათები მოძრავი რიცხვებით წარსულის ნოსტალგიას ქმნიან, მათზე დატანილი წარწერა Don’t waste კი გვახსენებს, რომ ცხოვრება წარმავალია და დრო არ უნდა დავკარგოთ.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Dezeen
დაწერე კომენტარი