არ აქვს მნიშვნელობა შვებულებას იღებთ თუ მუშაობთ, მთა გიყვართ თუ ზღვა, ზაფხული დასვენებისა და გართობის დროა. ამიტომ აუცილებელია, რომ ქალაქიდან ორი დღით მაინც გახვიდეთ, გაერთოთ, ახალი ადგილები აღმოაჩინოთ ან უბრალოდ წყნარ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ. თიბისი კონცეპტს სპეციალურად საზაფხულოდ საქართველოს სხვადასხვა სასტუმროში შეთავაზებები აქვს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ხანგრძლივი თუ ხანმოკლე დასვენება დაგეგმოთ.
ინტურისტი ყაზბეგი
თუ ზაფხულის მთაში გატარება გიყვართ, ალბათ ყაზბეგზე უკეთეს ადგილს ვერ აარჩევთ. 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დაბა ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია, გამწვანებული გარემოს ფონზე კიდევ უფრო თვალისმომჭრელი ხდება ყაზბეგის მთავარი მშვენერება - მყინვარწვერი. ყაზბეგში დაისვენებთ როგორც აქტიურად, ასევე პასიურად. აქ შეგიძლიათ დალაშქროთ მთა და გერგეთის სამების მოსანახულებლად ახვიდეთ, ფეხით შემოიაროთ სნო და ჯუთა, ან მთელი დღე სასტუმროს აივანზე, გარემოზე დაკვირვებაში გაატაროთ. ამ ყველაფერს ახალგახსნილ სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგში შეძლებთ, რომელიც 60 წლის წინ არსებული სასტუმრო ინტურისტის ადგილას მდებარეობს.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის ტენისის კორტები და რესტორანი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ევროპული, ასევე ადგილობრივი, ხევისთვის დამახასიათებელი კერძები. სასტუმროს ორფეროვანი რეტრო დიზაინი კი ნოსტალგიურ, შინაურულ განწყობას შეგიქმნით.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგში შეგიძლიათ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერი ტიპის ნომერზე.
ლეთო - ზუგდიდი
თიბისი კონცეპტის შეთავაზება საშუალებას გაძლევთ, რომ ზაფხულის დღეები საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში გაატაროთ, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ დადიანების სასახლე და სასახლის ულამაზესი ბაღი, ეწვიოთ კოლხეთის ნაკრძალს და მიირთვათ უგემრიელესი მეგრული კერძები. ხუთვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო ლეთო ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს, სასტუმროს ტერიტორიაზე არის ღია აუზი, რესტორანი და ღამის კლუბი. თუ ლეთოში დასვენებას გადაწყვეტთ, შეძლებთ დღის საათები აუზზე გაატაროთ და გაირუჯოთ, საღამოს კი ქალაქი დაათვალიეროთ.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ლეთოში 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ნებისმიერი კატეგორიის ნომერსა და სპა მომსახურებაზე, შეთავაზება ძალაშია 30 ივნისის ჩათვლით.
ესკიზი - თელავი
თელავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია, სადაც ყოველ კუთხეში ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი ან ღვინის მარანი შეგხვდებათ. თბილისიდან საათ-ნახევრის გზაზე მდებარე ქალაქი იდეალურია შაბათ-კვირის გასატარებლად. თუ გსურთ, რომ ზაფხულის დღეები განსაკუთრებით ლამაზ გარემოში გაატაროთ, სასტუმრო ესკიზი უნდა აირჩიოთ. ესკიზი სრულიად გამორჩეული დიზაინის სასტუმროა, რომელიც აერთიანებს ქართული ტრადიციული და აღმოსავლური დიზაინის დეტალებს, სასტუმროში დაგხვდებათ ულამაზესი აუზი, ბიბლიოთეკა, მარანი და ორი რესტორანი.
თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის ესკიზში 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ფოსტა - მესტია
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მთის მოყვარულებს გაახარებთ, მესტიაა. სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი და მისტიკური რეგიონია, სადაც დღემდე შემორჩენილია ქრისტიანობამდელი კულტურის ნაშთები და ჩვეულებები. სწორედ სვანეთში, მესტიაში მდებარეობს სასტუმრო ფოსტა, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზეა მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, ფოსტაში დასვენებისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ მესტიის ღირსშესანიშნაობები და სვანეთის თვალისმომჭრელი ბუნება.
თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის ფოსტაშიც 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბორჯომი - ლიკანი
თუ ზაფხული ბავშვებთან ერთად უნდა გაატაროთ, საუკეთესო ვარიანტი ბორჯომი - ლიკანია. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო წიწვოვანი პარკის შუაგულში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმროს ტერიტორიაზეა რომანოვების სასახლე, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. სასტუმროში შესაძლებელია სპა და გამაჯანსაღებელი მომსახურებების მიღება, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა, სასტუმროშივე ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ცენტრი. ბორჯომში დასვენებისას შეგიძლიათ მთელი დღე პარკში გაატაროთ, სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს რელაქსაციას და გართობას.
ბორჯომი - ლიკანში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო სასტუმროს რესტორანში 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
მანინო - უწერა
თუ ზაფხულის რაჭაში გატარება გსურთ, შეგიძლიათ ონის რაიონის სოფელ უწერაში მდებარე სასტუმრო მანინოს ესტუმროთ. 14-ნომრიანი თანამედროვე დიზაინის სასტუმრო იდეალურად ერწყმის გარემოს, ონის რაიონი განსაკუთრებით მოხიბლავთ ველური ბუნების მოყვარულებს კლდოვანი მთებით, ფართოფოთლოვანი ტყეებითა და ვიწრო ხევებით.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მანინოში 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
ვაინ სფეისი - სადმელი
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, გლემფინგის მოყვარულებს ვაინ სფეისში სტუმრობა შეუძლიათ. ვაინ სფეისი ბუტიკ სასტუმროსა და გლემფინგ კოტეჯს აერთიანებს, სასტუმროს ტერიტორიაზეა ისტორიული მარანი, სადაც ხვანჭკარას ამზადებენ. ამბროლაურის რაიონში სტუმრობისას შეგიძლიათ ამბროლაურის ხელოვნების მუზეუმს ესტუმროთ, სადაც ძალიან ცნობილი ქართველი მხატვრების ტილოებია გამოფენილი.
ვაინ სფეისში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ახალი საირმე
იმერეთში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი საირმე გამოირჩევა თვალისმომჭრელი ბუნებით, თბილი მიწისქვეშა წყლები კურორტის მუდმივ სიმწვანეს უზრუნველყოფს. ახალი საირმე იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, შენობა გარშემორტყმულია ტყით, სასტუმროს ტერიტორიაზე შესაძლებელია მრავალფეროვანი აქტივობებით გართობა, ახალ საირმეში დაგხვდებათ თერმული აუზები, ზიპ ლაინი, სპორტული მოედნები, შესაძლებელია ველოსიპედებით გასეირნება, სპორტდარბაზში ვარჯიში და მიზანში სროლა. ახალ საირმეში არის სპა, რომელშიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სხვადასხვა სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალ საირმეში სტანდარტული ნომრის დაჯავშნისას 20%-იან, პრემიუმ ნომრის შემთხვევაში კი 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Intourist Kazbegi, Esquisse, ლუიზა ჩალათაშვილი, Hotel Posta, Hotel Leto, Hotel Borjomi Likani, Archello, ლევან მაისურაძე, Hotel Wine Space, ნიკა ფანიაშვილი
დაწერე კომენტარი