გაზაფხული წლის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ენერგიული პერიოდია. ბოლო დღეებში აპრილის მზეც გვინათებს ფანჯრებს და ვისაც აივანი ან ეზო გვაქვს, გარეთ გასვლის სიამოვნება არ გვაკლია. თუმცა, მიუხედავად მუდმივად სახლში ყოფნისა, რაც ადრე დასვენებასთან ასოცირდებოდა, ბევრი ჩვენგანი, ვინც ან დისტანციურად ვსწავლობთ, ან დისტანციურად ვმუშაობთ, უმეტესად, მაინც დაღლილები ვართ. ზოგნი იმაზე მეტადაც კი - ვიდრე მანამდე. 

ასეთ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება, რისი ერთ-ერთი სასიამოვნო გზაც ბუნებაში პიკნიკის მოწყობაა, მაგრამ რადგან ამჟამად ამის ფუფუნება არ გვაქვს, Hammock Magazine გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება მოვაწყოთ ძალიან სასიამოვნო “პიკნიკი” სახლში.

 

დაგეგმეთ



წინასწარ შეარჩიეთ დრო და სივრცე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განმარტოებას თავი სხვადასხვა მიზეზით აარიდოთ. კარგი იქნება, თუ აივანს ან რომელიმე ისეთ ოთახს შეარჩევთ, რომელიც ყველაზე უკეთაა განათებული ან, უბრალოდ, ყველაზე კომფორტულია. თუ მარტო ცხოვრობთ, პრობლემები არ გექნებათ, მაგრამ თუ სახლში სხვა ადამიანებიც არიან, მათ წინასწარ შეუთანხმდით.

წასახემსებელი და სასმელი



იმისთვის, რომ ყველაფერი უფრო რეალისტური იყოს, წინასწარ მოამზადეთ წასახემსებელი და სასმელი. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ყველაფერს ჯანსაღს მიიღებთ, მაგალითად, სასმელი შეიძლება იყოს უბრალოდ წყალი, ნატურალური წვენი ან ერთი ჭიქა ღვინო.
საჭმელად კი შეგიძლიათ სენდვიჩები მოამზადოთ ან ხილი მიირთვათ.

წიგნი



თუ კითხვა გიყვართ, ეს შესანიშნავი დროა წიგნის წასაკითხად. ეცადეთ, რაიმე ნაკლებად მძიმე წაიკითხოთ. ფოლკნერის “სული რომ ამომდიოდა” ამ პირობებში ალბათ არც ისე რაციონალური არჩევანია. იმავეს თქმა შეიძლება ჰამსუნის “შიმშილზეც”, მით უმეტეს, რომ საჭმელი, წესითა და რიგით, უკვე უნდა მომზადებული უნდა გქონდეთ. კონკრეტულად ამ დღისთვის რეი ბრედბერის ნებისმიერ ტექსტს გირჩევთ. მისი რომანებიცა და მოთხრობებიც პერსონაჟების და, ზოგადად, ადამიანების დიდი სიყვარულითაა დაწერილი და თავს ძალიან კომფორტულად გაგრძნობინებთ.

ფურცელი და ფანქარი



მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა წერა ან ხატვა, გირჩევთ, ფურცლები და ფანქრები მოიმარაგოთ. ბოლო კვირებში ყველას უამრავი ემოცია დაგვიგროვდა, ამიტომ კარგი იქნება, თუ თავს უფლებას მისცემთ, ეს ემოციები გამოხატოთ, ამისთვის კი წერა და ხატვა საუკეთესო საშუალებაა. თუ ხატვა არასდროს გიცდიათ, ე.წ. doodling საკმაოდ სახალისო და მარტივი გზაა დასაწყებად. რაც შეეხება წერას, შეგიძლიათ, დღიურის ტიპის ჩანაწერები გააკეთოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ მთელ ფურცელს მხოლოდ ერთი სიტყვით გაავსებთ, თავს ოდნავ უკეთ იგრძნობთ, რაც ცდად ნამდვილად ღირს.

მუსიკა



მუსიკა, ალბათ, მთელი ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროდ, სახლის პიკნიკზე, ჩიტების ჭიკჭიკით განებივრებულები ვერ იქნებით, მაგრამ კარგი მუსიკის მოსმენა ნამდვილად შეიძლება. აქვე გირჩევთ რამდენიმე ალბომს:

Perpetual Motion People, Ezra Furman

Loner, Caroline Rose

Freudian, Daniel Caesar

El Camino, The Black Keys

Trauma, Post Industrial Boys

I’m Wide Awake It’s Morning, Bright Eyes

მედიტაცია



კიდევ ერთი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მედიტაციაა. მედიტაცია ბრწყინვალე საშუალებაა განტვირთვისთვის. ხანგრძლივ პერიოდში კი დადებით გავლენას ახდენს როგორც ძილის ციკლზე, ისე, ზოგადად, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ დამწყები ხართ, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი აპლიკაციაა  Headspace.

სოციალური მედიისგან მოწყვეტა



ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მთავარი ელემენტი - სოციალური მედიისგან მოწყვეტა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიზეზი, რის გამოც დღეს ყველა ჩვენგანს სჭირდება განტვირთვა, სწორედ სოციალური მედიიდან მიღებული უამრავი ნეგატიური ინფორმაციაა. “პიკნიკის” დროს ნუ დაურეკავთ და ნუ მისწერთ მეგობრებსაც. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ლამაზი ფოტოები გადაიღოთ და მათ მოგვიანებით გაუზიაროთ. 

სასიამოვნო პიკნიკს გისურვებთ!