ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის, გრეტა გერვიგის ახალი ფილმი  - ”ბარბი” საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას აჩენს, თუმცა მაინც დიდია მოლოდინი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კენის ფოტო გამოქვეყნდა, რომლის როლსაც რაიან გოსლინგი შეასრულებს. სურათში რაიან გოსლინგი 90-იანი წლების მოდელს მოგვაგონებს ძალიან ქერა თმით, გარუჯული კანითა და დენიმის ტანსაცმლით.


“ბარბის” შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა უკვე ვიცით, რომ ფილმს ვარსკვლავური სამსახიობო ანსამბლი ჰყავს, გარდა მარგო რობისა და რაიან გოსლინგისა, რომლებიც ბარბისა და კენის როლებს მოირგებენ, ფილმში ვნახავთ: უილ ფარელს, ქეით მაკკინონს, ამერიკა ფერერას, ემა მაკკეისა და პოპ-ვარსკვლავ დუა ლიპას, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლებს შეასრულებენ ჩამოთვლილი მსახიობები.

ფემინისტი რეჟისორი გრეტა გერვიგისთვის ფილმის გადაღება სათამაშოზე, რომელიც სილამაზის არაბუნებრივ სტანდარტს აწესებს, საკმაოდ უცნაურია, თუმცა ის სცენარს რეჟისორ ნოა ბაუმბახთან ერთად წერს, ვისი შემოქმედებაც ირონიითა და ცინიზმით გამოირჩევა, ამიტომ შესაძლებელია, რომ “ბარბი” სულაც არ აღმოჩნდეს ის ფილმი, რის შთაბეჭდილებასაც ამ ეტაპზე ტოვებს. “ბარბი” კინოთეატრებში 2023 წლის 21 ივლისს გამოვა.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე 

 

ფოტო: Vogue, Hypebeast