ამერიკაში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფი და რეჟისორი ფრენკ ბობო ძირითადად დოკუმენტურილ ფოტოებს იღებს, თუმცა განსაკუთრებული ხედვისა და ესთეტიკის გამო მისი ფოტოები ხშირად კინოკადრებს ემსგავსება. 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბობო 2008 წლიდან ძირითადად მხოლოდ ფოტოგრაფიაში მუშაობს, კინო მისი შემოქმედების მუდმივი ნაწილია, მის ნამუშევრებში მარტივად იპოვით სხვადასხვა რეჟისორისა თუ ჟანრის გავლენას. 

 

 

ფრენკ ბობოს ფოტოები თითქოს რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის არსებულ ზღვარს აღწერს, მისი თითოეული კადრი კი რომელიმე ჯერ არ გადაღებული ფილმის სცენას ემსგავსება. 


ფოტოგრაფი ხშირად აღბეჭდავს ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს სიურრეალისტურ სურათებს, უცნაურად სიმეტრიულ შენობებსა და ხედებს, ნეონის ნათურებს ბნელ ქუჩაზე… და ყოველდღიურ ცხოვრებას საოცარ პოეტურობას სძენს. მისი ფოტოები სავსეა ნოსტალგიურობით, თუმცა ნოსტალგიის მიზეზი ხშირად ცხადად არც ჩანს. 


ფრენკ ბობოს ობიექტივში ძირითადად საჯარო სივრცეები და არქიტექტურული ნაგებობები ხვდება, თუმცა შუქ-ჩრდილებითა და ფერთა უცნაური პალიტრით ბობო უძრავ ობიექტებს სიმსუბუქესა და ადმიანურობას ანიჭებს. საინტერესოა, რომ სრულიად განსხვავებულია მისი ხელწერა დღისა და ღამის ფოტოებში. 


ფაქტი, რომ ფოტოგრაფის მთავარ სიყვარულს კინო წარმოადგენს, განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მის სერიას, რომელიც ლოს-ანჯელესის კინოთეატრებს აღბეჭდავს. პანდემიის შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით დაზარალდა კინოინდუსტრია, რამაც ლოს-ანჯელესში არაერთი კინოთეატრის დახურვა გამოიწვია. პროექტით, რომელსაც The Last Show ეწოდება, ფრენკ ბობო გადმოსცემს ლოს-ანჯელესის კინოთეატრების მშვენიერებას, დიდებას, ზოგჯერ კიჩურობასა და ტრაგედიას. გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება სამყარო, უფუნქციოდ დარჩენილი შენობები კი უბრალოდ არქიტექტურულ ნაგებობებადაა ქცეული მიუხედავად წარსული დანიშნულებისა. ამ სერიით ფოტოგრაფი ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ყოფილი კინოთეატრების ადამიანთა მეხსიერებაში დარჩენას, მეორე მხრივ კი გვაჩვენებს იმ საერთო თუ პირად სევდას, რასაც მათი დახურვა იწვევს.


ის ნოსტალგია, რაც ბობოს შემოქმედების მუდმივ ლაიტმოტივს ქმნის, განსაკუთრებით თვალშისაცემია სერიაში - Forever Young, რომელიც აკვაპარკშია გადაღებული. მკრთალი, 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი პასტელური ფერები, მზიანი სასრიალოები და ბავშვობისდროინდელი ზაფხულის განცდა სერიას უცნაურად ახლობელს და ნაცნობს ხდის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ის დამთვალიერებლის წარსულსა და ბავშვობის წლებს. 


ფრენკ ბობოს, როგორც ხელოვანს ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს შემოქმედებითი მრავალფეროვნება - თუ კინოთეატრებისა და აკვაპარკის სერიებში ის 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელ გამოსახულებებს გვთავაზობს, თოვლიანი ნიუ-იორკის პროექტში 80-იან წლებში გადაინაცვლებს. ჩაბნელებული ქალაქი, ნეონის ნათურებითა და ასფალტზე არეკლილი შუქნიშნებით 80-იანი წლების კინოსა და ნეო-ნუარის გავლენებს მოიცავს, ფოტოები კარანტინის პერიოდშია გადაღებული, ამიტომ ძირითადად დაცარიელებულ ქუჩებს ვხედავთ, კადრები ძალიან ემსგავსება სცენებს ფილმიდან Blade Runner და ქალაქს პოსტაპოკალიფსურ შესახედაობას სძენს.. 


ფრენკ ბობოს ფოტოებში ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ძალიან მკვეთრად გამოხატული მახასიათებლებით, სწორედ ამ ნიუანსზე დაკვირვებით ბობო ახერხებს, რომ სხვადასხვა ქალაქი ახლებური კუთხიდან დაგვანახოს და ფოტოზე აღბეჭდილი ადგილები არა კონკრეტულ, არამედ აბსტრაქტულ, წარმოსახვით სამყაროს დაამსგავსოს. 





ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Franck Bohbot