2021 წლის გაზაფხულზე თბილისში დიზაინის დღეები გაიმართება. შემოქმედებითი ფესტივალი იმ სფეროების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც არქიტექტურასთან, ინტერიერისა თუ პროდუქტის დიზაინთან და პირდაპირ თუ ირიბად არქიტექტურასა და დიზაინთან  იქნება დაკავშირებული. გარდა სხვადასხვა სახის ძალიან საინტერესო დისკუსიებისა და გამოფენებისა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3-დღიანი კონფერენცია, რომელზეც მოხსენებებს მოწვეული და ადგილობრივი სტუმრები წაიკითხავენ და თავიანთ შემოქმედებას დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნობენ.

Hammock Magazine წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისის დიზაინის დღეების იდეის ავტორებთან, გალერეა Window Project-ის დამფუძნებელ თამუნა ღვაბერიძესა და არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან.


პირველად როდის და როგორ გაჩნდა იდეა, რომ თბილისში დიზაინის დღეები ჩატარებულიყო? 

თამუნა: ზაფხულში გაგვიჩნდა იდეა, რომ 3-დღიანი ფესტივალი ჩაგვეტარებინა, ქეთუნა პროფესიით არქიტექტორია და პირდაპირ კავშირშია ამ სფეროსთან, მეც დიდი ხანია  ურთიერთობა მაქვს დიზაინის სამყაროსთან. ვიცით, რომ მსოფლიოს ბევრ ქალაქში ტარდება მსგავსი ღონისძიება და გადავწყვიტეთ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენთანაც მოეწყობოდა დიზაინის დღეები, რომელიც დიზაინს, არქიტექტურასა და ყველაფერ იმას მოიცავდა, რაც ამ სფეროებთანაა დაკავშირებული.  

რას გულისხმობს თბილისის დიზაინის დღეები და რა სახის ღონისძიებები გაიმართება ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში?

ქეთუნა: დიზაინის კვირეულები უკვე დიდი ხანია ტარდება  ლონდონში, მილანში, სტოკჰოლმში, თუმცა ამ ღონისძიებებს განსხვავებული ფორმატი აქვს, ძირითადად, ავეჯის გამოფენები ეწყობა და სხვადასხვა ბრენდები თავიანთი ახალი პროდუქტის პრეზენტაციას აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით ამ მასშტაბზე არ ვფიქრობთ, დასაწყისისთვის გვინდა, რომ პროექტს კონფერენციის სახე ჰქონდეს, თუმცა სტუმრებს, რომლებსაც მოვიწვევთ, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ, რომ თავიანთი პროდუქტებიც წარმოგვიდგინონ. ასევე გვაქვს იდეა, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სახის გამოფენები ჩატარდეს. ასე რომ, ეს არ იქნება მხოლოდ კონფერენცია, გვინდა, რომ სამი დღის განმავლობაში მთელი ქალაქი ამ სფეროთი იყოს მოცული.


რა არის პროექტის მთავარი მიზანი,  რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

ქეთუნა: მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, საქართველოს პოპულარიზაციაა, თუმცა გარდა ამისა, პროექტს საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს. ვფიქრობ, უცხოელებისთვისაც საინტერესო იქნება იმის გაგება, რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენთან  და ჩვენთვისაც საინტერესოა შევიტყოთ, რა სიახლეებია დანარჩენ სამყაროში. გარდა ამისა, ადგილობრივ დიზაინერებსა და არქიტექტორებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შემოქმედება უცხოელ კოლეგებს გააცნონ, შეიძლება მათ შორის თანამშრომლობაც  შედგეს და საერთო პროექტებიც შეიქმნას. არა მხოლოდ დიზაინერების, არქიტექტორების და ბრენდების, არამედ თავად მწარმოებლების მოწვევასაც ვაპირებთ, გვინდა, რომ რაც შეიძლება ინფორმაციული კონფერენცია გამოგვივიდეს.

თამუნა:  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არქიტექტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები ისედაც ტარდება,  მაგალითად, თბილისის არქიტექტურული ბიენალე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას  და ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს, თავისთავად საინტერესო და მისასალმებელია. ჩვენს ქვეყანას მაინც ბევრი საინტერესო ისტორია აქვს მოსაყოლი, მაგალითად, ძველი დროის არქიტექტორები და თანამედროვე   სახელები, კავშირები ძველს და ახალს შორის. ამიტომ მგონია, რომ ამ ისტორიებს აუცილებლად სჭირდება გარეთ გატანა და ასევე მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილების შემოტანა. მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიაში არსებული  ახალი ხარისხიანი მასალების, ტექნოლოგიების და მიმართულებების გაზიარება ადგილობრივი ბაზრისთვის. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ამ თვალსაზრისით სათქმელი ბევრია. კონფერენციის ინფორმაციულად დატვირთვა არაპირდაპირაც აამაღლებს ადგილობრივებს შორის ცნობიერებას, შეიძლება შეცდომებიც გამოასწოროს და ახალი დისკუსიებიც გამოიწვიოს.  სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად ბევრი სიმახინჯე შენდება, ეს ისაა, რასაც ალბათ ვერ გამოვასწორებთ, თუმცა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი არ განმეორდეს, საჭიროა სიახლეების მიმართ უფრო გახსნილები ვიყოთ.


როგორც ვიცი, 2021  წლის გაზაფხულამდე აპირებთ, რომ ღონისძიების შესავალი ნაწილი ინტერნეტსივრცეში გაიმართოს, კონკრეტულად რას სთავაზობთ დაინტერესებულ აუდიტორიას?

ჯერ მუშაობის პროცესში ვართ, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტპლატფორმებთან ვითანამშრომლოთ და მათთან, ვის მოწვევასაც ვაპირებთ, წერილობითი ინტერვიუები გავაკეთოთ, რათა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდეს და მაშინ როცა თბილისში რეალურად ჩამოვლენ, ეს სახელები და სახეები ჩვენი სტუმრებისთვის უცხო არ იყოს. თავდაპირველად ფეისბუქით დავიწყებთ, დასაწყისში გვინდოდა პრესკონფერენციაც ჩაგვეტარებინა, რომ მაქსიმალურად გახსნილები ვყოფილიყავით და სხვების იდეებიც გაგვეთვალისწინებინა, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ ეტაპზე ვაპირებთ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში მივაწოდოთ.

ვის ექნება კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების საშუალება და  რამდენად მარტივი იქნება ღონისძიებაზე დასწრება?

ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ პირველი რამდენიმე წელი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,   ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს კი საშუალება ექნება ღონისძიებისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია.