იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ მილანის დიზაინის კვირეულზე ფეხსაცმლის ბრენდ Timberland-თან ერთად მოტივტივე ტყე შექმნა. მდინარე დარსენაზე განთავსებული ინსტალაცია ურბანული სივრცეების გამწვანების აუცილებლობაზე მიუთითებს და ამასთანავე Timberland-ის ახალ, ეკომეგობრულ კოლექციას წარადგენს.
მდინარეზე მოტივტივე ხელოვნური კუნძული ექვსასზე მეტი განსხვავებული ჯიშისა და წარმოშობის მცენარითაა გამწვანებული, კუნძულს ოთხი ბილიკი კვეთს, რომლებზეც Timberland-ის პროდუქციაა განთავსებული.
როგორც სტეფანო ბოერიმ განაცხადა, მას სურდა დიზაინის კვირეულისთვის რაიმე სრულიად ახლებური შეექმნა, სწორედ ასე გაჩნდა მოტივტივე ტყის იდეა, რაც საბოლოოდ კლიმატის ცვლილების პირობებში ურბანული გამწვანების მნიშვნელობის დემონსტრაციად იქცა. ბოერი თავის ნამუშევრებში ხშირად უსვამს ხაზს მსოფლიოში გამწვანების პრობლემას, ხშირად იყენებს ვერტიკალურ ბაღებსა და გამწვანების სხვა, ახლებურ ფორმებს.
ინსტალაცია კვირეულის შემდეგ ახლებური ფორმით განაგრძობს არსებობას, მასში გამოყენებულ მცენარეებს მილანის ერთ-ერთ პარკში გადარგავენ, კუნძულის შესაქმნელად გამოყენებულ ყველა დეტალს კი გადაამუშავებენ და ხელახლა გამოიყენებენ.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Dezeen
დაწერე კომენტარი