თქვენთვის რასთან ასოცირდება 60-იანი წლები? ალბათ, პირველ რიგში გლამურთან, ბევრ შამპანურთან, ცნობილ მუსიკოსებთან, არტისტებთან და მხიარულ წვეულებებთან. ამ პერიოდის ნიუ-იორკს თავისი ლეგენდა ჰყავდა - ენდი უორჰოლი. ის მართავდა ყველაზე ექსკლუზიურ წვეულებებს თავის ოთხ სხვადასხვა სახელოსნოში, რომელთაც “ფაბრიკის” სახელით მოიხსენიებდნენ, ამ წვეულებებზე პატიჟებდა ყველაზე ცნობილ მუსიკოსებს, მსახიობებს, მხატვრებს და “უორჰოლის სუპერვარსკვლავებს” - ხელოვანებს, რომლებიც ცნობილები სწორედ მისი დახმარებით გახდნენ. 


1964 წელს ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ნეტ ფინკელშტაინი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა უორჰოლის ერთ-ერთ წვეულებაზე, იმ დაუდევრობამ და თავზეხელაღებულმა გართობამ, რაც წვეულებაზე ხდებოდა, გააოგნა და გადაწყვიტა, რომ უორჰოლის წვეულებები დოკუმენტური სიზუსტით აღებეჭდა. ფინკელშტაინი “ფაბრიკაში” რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და ენდი უორჰოლს თანამშრომლობა შესთავაზა, უორჰოლი, რომელიც იმ დროს განსაკუთრებით დაინტერესებული იყო პოპულარობით, დათანხმდა, რადგან ნეტ ფინკელშტაინი პრესტიჟულ ჟურნალში მუშაობდა და გადაღებული ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები.

ფინკელშტაინმა “ფაბრიკაში” სამი წელი გაატარა და აღბეჭდა ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ედი სეჯვიკი, ბობ დილანი, მარსელ დიუშანი და თვითონ უორჰოლი სამუშაო პროცესში, გართობისას თუ წვეულებებზე და ფოტოებით გადმოსცა, როგორ იქმნებოდა უორჰოლის სტუდიის ხალისიანი, თავზეხელაღებული ცხოვრება. 

ფინკელშტაინის ფოტოსერია აღბეჭდავს რევოლუციურ პერიოდს, როგორც უორჰოლისა და მისი გარემოცვისთვის, ასევე, ზოგადად,  ამერიკული საზოგადოებისთვის, ფოტოგრაფის “ფაბრიკაში” მუშაობის პერიოდში შექმნა უორჰოლმა სერია Screen Tests, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ადამიანის შავ-თეთრ ვიდეოებს აერთიანებს, ამავე დროს დაიწყო ამერიკაში მოძრაობა სამოქალაქო და ქვიარ უფლებებისთვის. ფოტოებით ვეცნობით, როგორ იქმნებოდა ამერიკული “მაღალი საზოგადოება”, ვხედავთ ედი სეჯვიკის პირველ ნაბიჯებს პოპულარობისკენ, ბობ დილანისა და ენდი უორჰოლის შეხვედრას, ლუ რიდისა და Velvet Underground-ის რეპეტიციებს, თუმცა, ამავდროულად, ნეტ ფინკელშტაინი მუდმივად ინარჩუნებს ობიექტურ ხედვას და “ფაბრიკის” რეალობას მხოლოდ ნათელ ფერებში არ ხატავს, ის ვარსკვლავებს აღბეჭდავს ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს და არ ცდილობს სურათებით მათი სოციალური სტატუსის გადმოცემას. 


დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე საინტერესო ფინკელშტაინის ფოტოებში ის ალტერნატიული, მძიმე სიტუაციაა, რაშიც “ფაბრიკის” სტუმარი არტისტები რეალურად იმყოფებოდნენ.  60-ინი წლების ფიქსაცია პოპულარობასა და გართობაზე სინამდვილეში ნარკოტიკებისა და ადიქციების გზაზე გადიოდა, რამაც საბოლოოდ ამ არტისტთა ნაწილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე, ზოგჯერ კი სუიციდამდე მიიყვანა. ნეტ ფინკელშტაინი ამ ყველაფერში ნაწილობრივ ენდი უორჰოლს ადანაშაულებდა, რომლის პოპულარობაც დამწყებ არტისტებს “ფაბრიკაში” იზიდავდა, მისი მნიშვნელობა და რეპუტაცია კი მათში სრულ ნდობას იწვევდა, ახალგაზრდა არტისტები ვერ აცნობიერებდნენ, რომ უორჰოლის გარემოცვაში მიღებული ნარკოტიკი საზიანო შეიძლება ყოფილიყო, რამაც საბოლოოდ რეჟისორი, ენდი უორჰოლის პარტნიორი და “ფაბრიკის” განუყრელი წევრი დენი უილიამსი სუიციდამდე მიიყვანა, ედი სეჯვიკი კი - ნარკოდამოკიდებულებამდე.  

ფინკელშტაინი “ფაბრიკის” პერიოდში სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზეც მუშაობდა, იღებდა ფოტოებს სამოქალაქო უფლებებისათვის მიმდინარე გამოსვლებზე, რაც მას ნაწილობრივ ეხმარებოდა იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად განსხვავებულ, გარესამყაროსგან იზოლირებულ რეალობას ქმნიდა “ფაბრიკა”, სადაც ყველა ბავშვივით იქცეოდა, მდიდარი არტისტები ერთობოდნენ და ნარკოტიკებს იღებდნენ ღარიბ ხელოვანებთან ერთად, რომელთაც “ფაბრიკის” გარეთ არათუ ნარკოტიკი, ხშირად საჭმელიც კი არ ჰქონდათ, ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, თუმცა რეალურად არაფერს აკეთებდნენ მოძრაობის დასახმარებლად.

ნეტ ფინკელშტაინის ფოტოები, ერთი მხრივ, ზუსტად გადმოსცემდა, თუ რამხელა განსხვავება იყო აქტივისტებსა და არტისტებს შორის, რომლებიც თავს მეამბოხეებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, თვითონ ფოტოგრაფსა და ენდი უორჰოლს შორის განსხვავების მაჩვენებლად იქცა. ფინკელშტაინმა “ფაბრიკაში” ძალიან დიდი დრო გაატარა, რამაც საშუალება მისცა, რომ ამბავთან, რომელსაც გადმოსცემდა, საკმარისი სიახლოვე ჰქონოდა და არა უბრალო დამკვირვებლად, არამედ მოქმედების ნაწილად ქცეულიყო, სწორედ ამ სიახლოვით მოახერხა მან დასახული მიზნის განხორციელება და სამყაროს უჩვენა 1960-იანი წლების რეალური სახე, ყოველგვარი გლამურისგან დაცლილი, სევდიანი და მარტოსული ელიტარული საზოგადოების წარმოჩენით. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Dazed, Nat Finkelstein