Louis Vuitton-მა პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე კოლექცია ლუვრის შიდა ეზოში მოწყობილ გიგანტურ გასართობ მოედანზე წარადგინა. კოლექცია იანვარში გარდაცვლილ ვირჯილ აბლოს ეძღვნებოდა, რომელიც ბრენდის მამაკაცის ხაზის დიზაინერი იყო.
ჩვენება ფლორიდის აგარარული უნივერსიტეტის სასულე ორკესტრმა გახსნა, რის შემდეგაც კენდრიკ ლამარის შოუ დაიწყო. რეპერმა პერფორმანსი გახსნა სიტყვებით - Long live Virgil ... How many miles away?
გიგანტური ყვითელი სასრიალო, რომელზეც ჩვენება მიმდინარეობდა, განასახიერებდა ყვითელი აგურის ბილიკს ვირჯილ აბლოს საყვარელი წიგნიდან “ოზის ჯადოქარი", რომლის სიუჟეტიც ხშირად ხდებოდა მისი შთაგონების წყარო.
ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმელიც დიზაინერს და მისი და ბრენდის ოთხწლიან თანამშრომლობას მიაგებდა პატივს. ზომაზე დიდი პიჯაკები დიდი ჯიბეებით, მკვეთრი ხალისიანი ფერები და ფერადი პრინტები ქმნიდა ბავშვობის ნოსტალგიას, რაც ვირჯილ აბლოს შემოქმედების მუდმივი ლაიტმოტივი იყო.
შოუს ესწრებოდნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯესიკა ბილი და ნაომი კემპბელი. საინტერესოა, რომ აბლოს გარდაცვალების შემდეგ, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზს დიზაინერი ჯერჯერობით არ ჰყავს. როგორც ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ახალი დიზაინერის ვინაობა 2023 წლის ზამთარში გახდება ცნობილი.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Louis Vuitton, WWD, Harpers Bazaar, Hype Beast
დაწერე კომენტარი