კინემატოგრაფია ხელოვნების სინთეზური დარგია, ის ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის, ზოგჯერ ფოტოგრაფიის გამოყენებით ქმნის ერთიან პროდუქტს - კინოს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგებია. სწორედ ამიტომ კინოს ბევრად უკეთ შეუძლია ხალხზე ზემოქმედება, ვიდრე ხელოვნების ნებისმიერ სხვა მიმდინარეობას, მას ხშირად იყენებენ პროპაგანდისტული მიზნებით, თუმცა ზოგჯერ კინო, სრულიად მოულოდნელად, შემთხვევით ზემოქმედებს რეალურ ცხოვრებაზე და საკმაოდ უცნაურ შედეგებამდე მივყავართ. 


1996-97 წლებში უილ სმიტის მონაწილეობით ორი ფილმი გამოვიდა - Independence Day და Men In Black, ორივე ფილმის სიუჟეტი უცხოპლანეტელებს ეხება. ამ წლებში გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა. დეივიდ კლარკმა, ბრიტანეთის ეროვნული არქივის კონსულტანტმა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხი გამოიკვლია, რომელიც 1959-2008 წლებში უცხოპლანეტელების ან მათი საფრენი აპარატების შესახებ პოლიციაში შესულ განცხადებებში იყო აღწერილი. მისი დაკვირვებით, 1996 წელს, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ იყო გაზრდილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემჩნევის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში უცნობი ობიექტი სინამდვილეში თვითმფრინავი, ვერტმფრენი ან უბრალოდ ღრუბელი აღმოჩნდა, ამ ორი ფილმით გამოწვეულ ინტერესთა უპრეცედენტო მატებას კი უილ სმიტის ეფექტი ეწოდა. 

კიდევ უფრო უცნაური შედეგი მოჰყვა სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმს,  Jaws-ს. 1975 წელს, როდესაც “ყბები” კინოთეატრებში გამოვიდა, ჯერ არ არსებობდა საზაფხულო ბლოკბასტერების კულტურა და მიიჩნევდნენ, რომ ამ სეზონზე გამოსულ ფილმებს ხალხი არ ნახულობდა. სწორედ ამიტომ გამოუშვეს  ჯერ უცნობი 26 წლის სტივენ სპილბერგის Jaws ივნისში. ფილმმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, სპილბერგი დებიუტანტიდან კინოს ლეგენდად იქცა. თუმცა, ზუსტად იმ ფაქტმა, რომ კინო ზაფხულში გამოვიდა, ზღვისპირა კურორტებზე სეზონის ჩავარდნა გამოიწვია -  გიგანტური ზვიგენის თავდასხმით შეშინებული ტურისტები არდადეგებს აუქმებდნენ, სერფერები კი ნებისმიერი თევზისა თუ მყვინთავის დანახვისას სასწრაფოდ ტოვებდნენ ოკეანეს. თუმცა, ტურისტულ სეზონზე მეტად ფილმმა ზვიგენების პოპულაციაზე იმოქმედა, მხოლოდ 1975 წელს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით მეტი ზვიგენი დახოცეს ადამიანებმა, რადგან ეგონათ, რომ ამით სხვებს იცავდნენ შესაძლო თავდასხმისგან. სიდნეის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით კი Jaws-ის გამოსვლის შემდეგ ზვიგენების პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა. თუმცა, ფილმის გამოსვლამ პოპულარული გახადა ე.წ. ზვიგენების ტურიზმი, რაც ზვიგენებთან ერთად ყვინთვას გულისხმობს მათთვის ბუნებრივ გარემოში, რაც დადებითად მოქმედებს ზვიგენებზე, რადგან ასეთ დაწესებულებებში მათ მუდმივად მიეწოდებათ საკვები და ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. 

 

 

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები კინოში მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ინსცენირებას იწყებენ, განსაკუთრებით ხშირია სხვადასხვა დანაშაულის იმიტირება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც სტენლი კუბრიკის Clockwork Orange გამოვიდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის პერსონაჟებივით ჩაცმული 16 წლის ბიჭები თავს დაესხნენ სხვა ბავშვებს, ასევე რამდენიმე შემთხვევაში კრიმინალები მთავარი პერსონაჟის, ალექსის მსგავსად, მღეროდნენ სიმღერას ფილმიდან Singin’ in the rain. ამ მოვლენებით შეშფოთებულმა კუბრიკმა Warner Brothers-ს მიმართა თხოვნით, რომ სურათი სხვა ქვეყნებში აღარ გაეშვათ. ფილმის ჩვენება აიკრძალა დიდ ბრიტანეთში. 

 

 

თუმცა კინოს ზემოქმედება ყოველთვის უარყოფითი არაა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ფილმები დადებით ცვლილებას იწვევს. 1966 წელს, როდესაც კენ ლოუჩის Cathy Come Home გამოვიდა, რომელიც ქუჩაში დარჩენილი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, ბრიტანეთის მოსახლეობამ პირველად გააცნობიერა, თუ რამდენად მძიმეა უსახლკარობის პრობლემა ქვეყანაში. ფილმის ჩვენებიდან რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია Shelter, რომელმაც გამარტივებული მეთოდით დაიწყო უსახლკაროების შეფარება. ერთი წლის შემდეგ კი ორგანიზაცია Crisis შეიქმნა, რომელიც უსახლკარო ადამიანებს თავშესაფართან ერთად სწავლას უფინანსებს. 

 

 

დადებითი შედეგი მოჰყვა ანიმაციურ ფილმ Bambi-საც, დაობლებული შვლის ისტორიამ ამერიკულ საზოგადოებაზე ისე იმოქმედა, რომ ქვეყანაში განახევრდა ირმებზე ნადირობის სიხშირე, კოლორადოს შტატში კი, სადაც ირმისა და შვლის ხორცს ისევე ხშირად მოიხმარენ, როგორც ძროხისას, განსაკუთრებულად გაიზარდა ვეგეტარიანელთა რიცხვი. 

 

 

ძალიან საინტერესო შედეგი მოჰყვა ფილმს - V for Vendetta. ტირანული მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი, საიდუმლოებით მოცული V გახდა ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ის შთაგონების წყარო - ანარქისტული დაჯგუფება, ფილმის პერსონაჟის მსგავსად, კიბერშეტევებს ახორციელებს დიდ კორპორაციებზე, პოლიტიკურ ჯგუფებსა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებზე.  Anonymous მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთ-უკრაინის ომში, დაჯგუფება, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარეს იბრძვის. 

 

 

ზოგჯერ კინოს შეგნებულად იღებენ იმისათვის, რომ საზოგადოების ისეთ ფენებამდე  მიაღწიოს, სადაც ამა თუ იმ პრობლემის შესახებ საკმარისი ცოდნა არ აქვთ. ასეთი იყო Philadelphia-ს შემთხვევა. 80-90-იან წლებში აშშ-ში აივ ინფექციის ეპიდემია გავრცელდა, თუმცა ჰომოფობიური განწყობების გამო ქვეყანაში ვირუსის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტამ იცოდა; ხალხი მიიჩნევდა, რომ ვირუსი მხოლოდ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში, გეი კაცებსა და აფროამერიკელებში ვრცელდებოდა, შიდსითაც მხოლოდ ისინი ავადდებოდნენ. საზოგადოებაში მარგინალური ჯგუფების პრობლემები კი მასას, რა თქმა უნდა, არ ადარდებდა. თუმცა, 1993 წელს Philadephia გამოვიდა. ფილმი მოგვითხრობს კაცის შესახებ, რომელიც გეია, შიდსით არის დაავადებული და კანონდარღვევით განთავისუფლების გამო კომპანიას უჩივის, ადვოკატად კი ჰომოფობი აჰყავს, რომელიც თანდათან აცნობიერებს, რომ ცდება, და როგორც ქვიარ ადამიანების, ასევე აივ ინფიცირებულებისადმი დამოკიდებულებას იცვლის. 

“ფილადელფია” პირველი მაღალბიუჯეტიანი ფილმი იყო, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე ალაპარაკდა, ფილმი მიზანმიმართულად გადაიღეს, რომ მთავარ პერსონაჟს ემპათია გამოეწვია. შედეგმაც არ დააყოვნა: ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს ჰომოფობ ადვოკატში ხედავდნენ, დაიწყეს გაცნობიერება, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა და დანაშაული არ არის, ვირუსით კი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს. 

 

 

არის შემთხვევები, როდესაც კინოს გავლენა არ არის ცალსახად კარგი ან ცუდი, თუმცა თვალშისაცემია მისი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. მაგალითად, 1955 წელს გამოსულ ფილმს - Rebel Without a Cause მოჰყვა ამერიკული კონტ-კულტურული მოძრაობის დაბადება. ფილმის სიუჟეტი თინეიჯერებზე მოგვითხრობს, რომელთა ამბოხი და კანონდარღვევაც ოჯახების ბრალია, ოჯახების, სადაც მათ ინდივიდებად ვერ აღიქვამენ, საკმარის ყურადღებას არ უთმობენ ან უფლებებს უზღუდავენ. ფილმი პრაქტიკულად პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც ამერიკული, ჰეტერონორმატიული, იდილიას ამოფარებული ოჯახის იდეალს ეჭვქვეშ აყენებს, ხაზს უსვამს იმ სოციალური და გენდერული ნორმების მანკიერებას, რაც მაშინდელ ამერიკაში იყო გამეფებული. ფილმის გამოსვლამ განსაკუთრებით იმოქმედა მოზარდებსა და ახალგაზრდებზე, რომელთაც აღარ უნდოდათ მშობლების გაწერილი წესებით ცხოვრება, აშინებდათ მზარდი უმუშევრობა და მომავალი, რომელიც ძირითადად კორპორაციულ, ოფისის სამუშაოს უწინასწარმეტყველებდათ. მიუხედავად იმისა, რომ Rebel Without a Cause-ს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ჰიპი მოძრაობის ძირითად შთაგონებას, ის ერთგვარ შემოლაწუნებად იქცა ამერიკელი თინეიჯერებისთვის, რომლებმაც საკუთარი ბრაზისა და ამბოხის გამოხატვა დაიწყეს, შემდეგ კი ჰიპებად იქცნენ.

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Indiewire, Hypebeast, IMDB