გლასტონბერის ფესტივალზე კენდრიკ ლამარი ეკლიანი გვირგვინით გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მისი მეხუთე ალბომი - Mr Morale & The Big Steppers გამოვიდა, მის ფანებს სურთ გაიგონ, რას განასახიერებს ეკლიანი გვირგვინი, რითაც რეპერი ალბომის ყდაზეა წარმოდგენილი.
გვირგვინი კენდრიკ ლამარის, მისი მენეჯერის, დეივ ფრისა და Tiffany & Co.-ს კოლაბორაციაა და გეტოს ფილოსოფიის ახლებურად წარმოჩენას ემსახურება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური სიმბოლო განასახიერებს შემოქმედებით სიმამაცეს, თავმდაბლობასა და მოთმინებას, გვირგვინი ერთგვარი პატივის მიგებაა იმ არტისტებისადმი, რომლებიც კენდრიკ ლამარამდე მოღვაწეობდნენ.
გვირგვინის დიზაინი 10 თვის განმავლობაში იქმნებოდა, ის შედგება 8000 მინიატურული ბრილიანტისგან, თავსაბურავი ხელნაკეთია და დაახლოებით 1300 საათის განმავლობაში მზადდებოდა.
გვირგვინი წარმოადგენდა რეპერის პერფორმანსის ღერძს გლასტონბერის ფესტივალზე. სანამ ლამარი უკანასკნელ კომპოზიციას შეასრულებდა, შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ გვირგვინი უკეთია, რათა შეგვახსენოს, რომ ყველას განგვსჯიან, ქრისტესაც კი. რეპერმა პერფორმანსი ქალთა უფლებების მხარდაჭერით დაასრულა, და აშშ-ში მიღებულ კანონს დაუპირისპირდა, რომელიც გაამარტივებს ზოგიერთ შტატში აბორტის აკრძალვას.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Vogue, Hypebeast, NME
დაწერე კომენტარი