მკვეთრი ფერები, ტრადიციული იაპონური კულტურისა და ევროპული იმპრესიონიზმის ჰარმონია, სცენა, რომელიც მუზეუმში გამოფენილ ტილოს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალო კადრს - აკირა კუროსავა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც ტილოზე გადმოტანილ საკუთარ ხედვას, სიზმრებსა და ფიქრებს კინოში 57 წლის განმავლობაში აცოცხლებდა.
სანამ კინოს აღმოაჩენდა, ახალგაზრდა აკირა მხატვრის კარიერაზე ოცნებობდა. ხელოვნებისადმი მისი სიყვარული და ინტერესი მამისა და უფროსი ძმის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა და მისი წინაპრები იაპონელი სამურაები იყვნენ, აკირას მამა შვილების ხელოვნებით გატაცებასა და დასავლური კულტურისადმი ინტერესს ყოველთვის გამორჩეულ ყურადღებას უთმობდა. მის პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აკირას უფროსმა ძმამ, ჰეიგომ, რომელმაც მას კინო, დოსტოევსკი და დასავლური ხელოვნება შეაყვარა. სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, სწორედ ძმის თვითმკვლელობა გახდა იმის მიზეზი, რომ აკირამ მხატვრის კარიერაზე უარი თქვა და ადამიანებამდე საკუთარი სათქმელის მისატანად სხვა გზა - კინო - აირჩია.
„როცა კარიერა შევიცვალე, იქამდე შესრულებული ყველა ნახატი დავწვი. გადაწყვეტილი მქონდა, ხატვა სამუდამოდ დამევიწყებინა. ერთი ცნობილი იაპონური ანდაზა გვეუბნება: „თუ ორ კურდღელს გაეკიდები, შესაძლოა ვერც ერთი დაიჭირო“.
მართლაც, დიდმა რეჟისორმა საყვარელ საქმიანობაზე ხელი აიღო და მთლიანად კინოზე გადაერთო, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ საკუთარი იდეების სრული სიზუსტით გადმოსაცემად მხოლოდ სიტყვები არ ჰყოფნიდა, განსაკუთრებით, როცა შავ-თეთრი კინოს ოსტატმა ფერადი ფილმების გადაღება გადაწყვიტა. შეუძლებელი იყო სიტყვებში ჩაეტია ყველა ფერი, რომელსაც მისი ხელოვანი სული გონებაში ხატავდა. საბოლოოდ, რეჟისორმა დასახმარებლად კვლავ ფუნჯს მიმართა.
„კინოინდუსტრიაში მუშაობის დაწყების შემდეგ საერთოდ აღარ ვხატავდი, მაგრამ როდესაც რეჟისორი გავხდი, მივხვდი, რომ უხეშად შესრულებული ესკიზები ჩემი იდეების გუნდის წევრებისთვის გადაცემაში ძალიან მეხმარებოდა.“
მალე აკირა კუროსავას ცხოვრებასა და მისი ფილმების გადასაღებ მოედანზე ფუნჯი, ფანქრები თუ ტილო ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც კამერა. ფილმის სცენარზე მარტო თითქმის არასდროს მუშაობდა, მაგრამ სიტყვებისა და კადრების ფილმად ქცევას მუდამ თავისთვის იტოვებდა. თუმცა მანამ, სანამ მის მდიდარ წარმოსახვაში “მცხოვრებ” სცენებს, პერსონაჟებსა და უამრავ მცირე, თუმცა უმნიშვნელოვანეს წვრილმანს მაყურებლამდე მიიტანდა, მათ ჯერ საკუთარ ესკიზებსა და ჩანახატებში სრულყოფდა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რეჟისორმა 30 ფილმი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მსოფლიო აღიარება შავ-თეთრი ფილმებით მოიპოვა, აკირა კუროსავას, როგორც მხატვრის ოსტატობა ყველაზე კარგად ფერად ფილმებში ჩანს.
კაგემუშა (Kagemusha)
„კაგემუშა“ რეჟისორისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული პროექტი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ფილმზე მუშაობა მხოლოდ მასზე ფიქრითა და ხატვით შემოიფარგლებოდა, რადგან გადაღებების დასაწყებად რესურსებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას უშედეგოდ ცდილობდა. ისტორია, რომლის ეკრანზე გადატანასაც ვერ ახერხებდა, სულს დიდხანს უღრღნიდა. რეჟისორის უიმედობა და პესიმიზმი ნახატებსა და ამბის პერსონაჟებზე თავისებურად აისახა: პერსონაჟთა სახეებს კუროსავას გონებაში ღრმა ფსიქოლოგიური დეტალები ემატებოდა, იზრდებოდა ჩანახატების რაოდენობა და მასშტაბები; მარტივი ესკიზები თანდათანობით კომპლექსურ ტილოებად იქცა.
„გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ეს პროექტი დღის სინათლეს ვერასდროს იხილავდა. რადგანაც ძალიან მინდოდა ხალხს ფილმისთვის ჩემი იდეები ენახა, გაბრაზებულმა ხატვა დავიწყე. თითქმის ყოველდღე ვხატავდი, რამდენიმე ასეული ესკიზი მაინც მექნება შესრულებული“.
საბოლოოდ, ფრენსის ფორდ კოპოლასა და ჯორჯ ლუკასის წყალობით, „კაგემუშას“ გადაღებები დაიწყო და 1980 წელს მაყურებელმა კუროსავას შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი იხილა. „კაგემუშა“ დიდებული მხატვრის ხედვისა და გამოცდილი რეჟისორის ოსტატობის იშვიათი შერწყმა და აკირა კუროსავას ხანგრძლივი კარიერის ბოლო ეტაპის მშვენიერი დასაწყისია.
რანი (Ran)
„რანი“ რეჟისორის მხატვრული ხედვის, ფერებით მანიპულირებისა და სიმბოლოებით საუბრის შთამბეჭდავი ნიჭის დემონსტრირების საუკეთესო მაგალითია. ფილმში აშკარად იგრძნობა შექსპირის „მეფე ლირის“ გავლენა. მისი საოცარი პეიზაჟები პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას ასახავს და ჰარმონიულად ერწყმის მათ გამომეტყველებასა და დასამახსოვრებელ ვიზუალს. გარემო, პერსონაჟთა გამომეტყველება, მათი ჩაცმულობა, ჯარისკაცთა აღჭურვილობა - სანამ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ბრძოლის სცენების ქორეოგრაფიულობითა და მკვეთრი ფერების შეხამებით აუდიტორიას გააოცებდა, აკირა კუროსავა თითოეულ წვრილმანს ხელით ხატავდა. შედეგად, „რანი“ კინემატოგრაფიისა და მხატვრობის შესანიშნავი სინთეზია.
„ჩემთვის ფილმის შექმნა ყველაფერს აერთიანებს. სწორედ ამიტომ მივუძღვენი ჩემი ცხოვრება კინოს. ფილმებში ნახატი და ლიტერატურა, თეატრი და მუსიკა ერთმანეთს ერწყმის“.
სიზმრები (Dreams)
ბავშვური უძლურება, მაცდური სიკვდილი, ომი, მარტივი ცხოვრების მშვენიერება, ატომური იარაღის საშინელება, ხელოვნება - ფილმი 8 დამოუკიდებელი სურათის ერთობლიობაა, რომელთა შთაგონების წყარო აკირა კუროსავას სიზმრები და იაპონური ფოლკლორია. მაშინ როცა მისი სხვა ფილმები ნებისმიერი აუდიტორიისთვის ნაცნობ, ახლობელ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებსა და თემებს უღრმავდება, „სიზმრები“ რეჟისორის შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, ტილო, რომელიც მხატვარმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შექმნა. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნას ის ფაქტი, რომ ფილმში ძალიან ცოტა დიალოგია და პერსონაჟები სათქმელს მარტივად და ლაკონიურად გადმოსცემენ - თითქოს რეჟისორი სიზმრებს სხვებს კი არ უხსნის, არამედ მხოლოდ საკუთარ თავთან განიხილავს.
„როცა ახალგაზრდა ვიყავი და ჯერ კიდევ ხელოვნებას ვსწავლობდი, ჩემი ნახატების კოლექციის პარიზში გამოფენაზე ვოცნებობდი“. - „კაგემუშასა“ და „რანისთვის“ შესრულებული მისი ნახატების გამოქვეყნებით რეჟისორმა, გარკვეულწილად, ახალგაზრდობის ოცნება აისრულა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მეხსიერებაში აკირა კუროსავა დიდებულ რეჟისორად დარჩა, თამამად შეიძლება მას მხატვარიც ვუწოდოთ. მის ნამუშევრებს ხომ სწორედ მხატვრის თვალი და ხედვა, მკვეთრი ფერებით თამაშის უნარი, მოძრაობის გეომეტრიული სიზუსტე და დეტალებისადმი პერფექციონისტური დამოკიდებულება გამოარჩევს. ოცნების ასრულებასთან ერთად აკირა კუროსავამ იაპონურ ანდაზასაც აჯობა და საბოლოოდ ორივე კურდღლის დაჭერა შეძლო.
დაწერე კომენტარი