ფრაიბურგის ოპერის თეატრში მსოფლიოში ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანდრი ჟოლდაკმა ჯუზეპე ვერდის ოპერის - “მაკბეტის” თანამედროვე ვერსია დადგა. “მაკბეტის” კოსტიუმებზე ქართველმა თეატრის მხატვარმა სიმონ მაჩაბელმა იმუშავა. როგორც მან აღნიშნა, ეს მისი და ანდრი ჟოლდაკის პირველი თანამშრომლობა არ იყო.


“ძალიან საინტერესო რეჟისორია ანდრი ჟოლდაკი, მასთან ერთად ხშირად მიმუშავია, სამუშაო პროცესი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო, 150 კოსტიუმი შევქმენი როგორც მთავარი გმირებისთვის, ასევე გუნდისათვის. სპექტაკლზე საერთაშორისო დასი მუშაობდა. დადგმაში სულ რამდენიმე გერმანელი არტისტი მონაწილეობს.” 


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფრაიბურგის ოპერის თეატრში სპექტაკლს უკრაინელი რეჟისორი დგამს. სიმბოლურია, რომ ეს სპექტაკლი “მაკბეტია” - ამბავი ძალადობაზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ბოროტების დამარცხებაზე. ჟოლდაკისეული ინტერპრეტაციით სპექტაკლში მოქმედება თანამედროვე რეალობაში ხდება. 


“პიესის სიუჟეტიდან გამომდინარე, რეჟისორს საშუალება ჰქონდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე გაეკეთებინა აქცენტი.  მოქმედება თანამედროვე დროში ხდება, ანტრაქტისას კი მაყურებელს სლაიდ-შოუ უჩვენეს ბუჩას ტრაგედიის ამსახველი და მისი შემოქმედის, პუტინის ფოტოებით. სპექტაკლის სიუჟეტშიც არის რეალური სამყაროს ელემენტები.”


“მაკბეტის” პრემიერა 2 ივლისს შედგა, სპექტაკლს საერთაშორისო გამოცემებში ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Martin Sigmund, Paul Leclaire