“კერა” სამი არქიტექტორის - სანდრო ბახტაძის, კოტე გუნიასა და ბექა გუჯეჯიანის დაარსებული სახელოსნოა, რომელიც 2018 წლიდან მუშაობს. “კერას” პრაქტიკა უკვე არსებული ცოდნის კვლევასა და მშენებლობის ტრადიციულ ტექნიკას ეფუძნება და ცდილობს შეინარჩუნოს კულტურული მოცემულობები, რომლებიც დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ გადაწყვიტეთ “კერას” დაარსება?
ბავშვობიდან ვმეგობრობთ, წლების შემდეგ რომ შევხვდით, აღმოჩნდა, მუშაობის დროსაც ერთ ტალღაზე ვართ, ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სახელოსნო დაგვეარსებინა და ერთად გვემუშავა.
არსებობს საერთო კონცეფცია ან სტილი, რაც თქვენს პროექტებს აერთიანებს?
საერთო კონცეფცია ან მიდგომა, რაც ყველა პროექტის უკან დგას, ინტერესია იმ ადგილის მიმართ, სადაც ნაგებობა უნდა აშენდეს. გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა უკვე არსებული ცოდნის კვლევას ემყარება, ტრადიციული მშენებლობის ტექნიკა და კულტურული მოცემულობები, რომლებიც არსებობს, იკარგება და მათი გაღვიძება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. ვითვალისწინებთ ისტორიულ მოცემულობას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მასალებს, ვცდილობთ, რომ ყოველთვის ადგილობრივი მასალა გამოვიყენოთ, რაც გარემოს ბუნებრივად ერწყმის.
რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო, რაც პროექტებზე აისახება?
როგორც აღვნიშნეთ, ისტორია და კონტექსტი. გარდა ამისა, პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის ჩავდივართ იქ, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, რამდენიმე დღე ან კვირა ვრჩებით და ვცდილობთ ვიპოვოთ მთავარი წერტილი, რასაც შემდეგ გავშლით და არქიტექტურაში გადავიტანთ.
სულ ახლახან შაორის ტბის სასტუმროს არქიტექტურულ კონკურსში მე-2 საპრიზო ადგილი აიღეთ, მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.
შაორის ტბის სასტუმროსთვის კერძო ინვესტორმა გამოაცხადა კონკურსი, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია. ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ჩვეულებრივი, ნაცადი პრაქტიკაა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ასეთ კონკურსებში მონაწილეობას. ტრადიციულად ჩავედით რაჭაში და გავეცანით გარემოს. ჩვენთვის ამ მასშტაბის პროექტზე მუშაობის პირველი გამოცდილება იყო. მიზნად დავისახეთ, რომ მიუხედავად მოცულობისა, არ დაგვეკარგა ჩვენი ძირითადი ხედვა, ისევ განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო დეტალებისთვის, რა თქმა უნდა, კომპრომისებზე წასვლაც დაგვჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, მოვახერხეთ დასახული მიზნის შესრულება.
კიდევ ერთი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ, გულისხმობდა ნიქოზში ხელოვნების სასახლის პროექტის შექმნას, როგორი იყო სამუშაო პროცესი?
ეს კონკურსი არა კერძო კომპანიამ, არამედ ნიქოზის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა. ნიქოზს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - 2008 წლის ომის შემდეგ, გარდა ამისა, სოფელში არის ვახტანგ გორგასლის დროს აშენებული ეკლესია, აღმოჩენილი აქვთ ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ხელოვნების სასახლის აშენება, სადაც მუდმივი ექსპოზიცია გაკეთდება. ამასთანავე ნიქოზის ეკლესიას ბავშვთა საგანმანათლებლო წრეები აქვს, რისთვისაც სივრცე ხელოვნების სასახლეში უნდა გამოიყოს. ამ პროექტზე მუშაობის დროსაც ერთი კვირა ნიქოზში გავატარეთ, რაც ზღაპრული გამოცდილება იყო. ჩავედით საშობაოდ, ვეცადეთ ადგილობრივებთან გვესაუბრა ხელოვნების სასახლეზე, რადგან რეალურად ეს პროექტი მათთვის კეთდება, ეს ხალხი და მათი განცდები უნდა გადავიტანოთ არქიტექტურაში. ძალიან საინტერესო სოფელია ნიქოზი, 2008 წლის ომის ექო დღემდე შემორჩენილია, და ეს გვინდოდა, რომ პროექტში აგვესახა. მუშაობისას ვერაფრით გავექცეოდით და არც გვსურდა, რომ გავქცეოდით ოკუპაციის თემას, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ტკეპნილი მიწა, როგორც იდეალური მედიუმი ამ თემაზე სასაუბროდ. მიწაში სტრიქონებად გაშვებული იყო ომის დროს დანგრეული შენობის ნაწილები, რაც თითქოს ჰყვებოდა, თუ რა გადახდა სოფელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსი ვერ მოვიგეთ, ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი და დაკვირვება სოფელზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე ომის ისტორიაა შენახული.
რენდერების ნაცვლად ძირითადად კოლაჟებს იყენებთ, რატომ ანიჭებთ უპირატესობას ამ ფორმას?
კოლაჟი უფრო შემოქმედებითი ფორმაა იდეის გადმოსაცემად, რაც სამუშაო პროცესს ბევრად საინტერესოს ხდის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ ფორმას ვირჩევთ არის ის, რომ კოლაჟებზე საკუთარი ხელით ვმუშაობთ, პროექტი რომ გვერდით გადავდოთ, იქმნება ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. გარდა ამისა, ეს ფორმა ჩვენც და დამკვეთსაც წარმოსახვის გააქტიურებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს. კოლაჟით შესაძლებელია ატმოსფეროს ჩვენება, რაც ძალიან აბსტრაქტულია და რენდერში ვერ აისახება. სწორედ ეს ატმოსფერო უნდა დაიჭირო და საკუთარ გონებაში დაბადო, როგორც ფიზიკური სხეული.
თუ გახსენდებათ პროექტი, რომელზე მუშაობაც განსაკუთრებით საინტერესო იყო?
პირველ რიგში ალბათ ისევ ნიქოზი, გარდა ამისა, სამლოცველო, რომელიც ძალიან პატარაა, მაგრამ ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, თუ რა არის “კერა”.
სამომავლო გეგმები…
კახეთში ვმუშაობთ ვენახში მდებარე კოტეჯების პროექტზე, გვგონია, რომ ვიპოვეთ წერტილი, როდესაც ქართულ რეალობაში არსებული სამშენებლო უნარები ემთხვევა ჩვენს სურვილებს და განვახორციელებთ პროექტს, რომელიც არ იქნება ძალიან ინდუსტრიული და კულტურულ ავთენტურობას შეინარჩუნებს. სულ მალე უნდა დავიწყოთ მშენებლობა. ეს პროექტი ერთგვარი გარდამტეხი წერტილი გვგონია ჩვენს საქმიანობაში, რომელიც ძალიან გვინდა, რომ გამოვიდეს
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: კერა
დაწერე კომენტარი