ბრიტანელი კრიტიკოსი და თეორეტიკოსი ჯონ რასკინი მიიჩნევდა, რომ არქიტექტურა წარსულის ისტორიას ინახავს, შენობები დროთა განმავლობაში იცილებენ ყოველგვარ ზედაპირულ, ხელოვნურ მახასიათებლებს და საუკეთესო ფორმას დაძველების შემდეგ აღწევენ, როდესაც მათში ილექება წლების, ზოგჯერ კი საუკუნეების ცოდნა და ისტორია. შენობებზე მოქმედებს გარემო, ბუნება… სწორედ ამიტომ, რესტავრაციის დროს არ უნდა მოხდეს მისი სრულად გარდაქმნა, ძველი მასალების ახლით ჩანაცვლება და შენობისთვის იდენტობის ჩამოშორება.
სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვა კორსიკელი არქიტექტორი ამელია ტაველა, რომელმაც 1480 წელს აშენებულ წმინდა ფრანსუას მონასტრის რეაბილიტაციაზე იმუშავა. არქიტექტორმა სრულად შეინარჩუნა ის ნაკვალევი, რომელიც შენობას დრომ დაამჩნია, მონასტრის ნანგრევებს კი ფუნქციურობა შესძინა წარსულის წაშლის გარეშე.
კლდეებს, ტყესა და ზეთისხილის ბაღებს შორის მოქცეული კომპლექსი შორიდან სასახლეს მოგაგონებთ. მონასტერი წლების განმავლობაში სრულიად დაისაკუთრა ბუნებამ და მის ერთგვარ ფარად იქცა, რამაც შენობა დანგრევისგან იხსნა. შენობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა ლეღვის ხის ფესვები, რომლებიც ფასადს იცავს. არქიტექტორის გადაწყვეტილებით შენარჩუნდა მონასტრის ნანგრევები, ჩამოშლილი ნაწილი კი სპილენძის სტრუქტურით ჩანაცვლდა, რომელიც იმეორებს შენობის ძველ სილუეტს და მონასტრის არქიტექტურაში თანამედროვე შტრიხებს აჩენს. მასალა შემთხვევით არ შერჩეულა, ის პირველ რიგში გამძლეა, გარდა ამისა, სპილენძს გააჩნია დროისა და გარემოს ზემოქმედების შედეგად გარდაქმნის უნარი, რაც გაიმეორებს არქიტექტორის ფილოსოფიას და შენობის ახალ ნაწილზეც აღბეჭდავს ისტორიას.
სპილენძის კონსტრუქცია დახვრეტილია და შენობაში მზის სხივებს უშვებს, მშენებლობის ამ მეთოდს ხშირად იყენებენ არაბულ ქვეყნებში. მას mashrabiyya ეწოდება და გულისხმობს დიდ ნაგებობებში ბუნებრივი ვენტილაციის და სინათლის წყაროს შექმნას. ნამუშევარი მუდმივად წარსულზეა ორიენტირებული და პატივს მიაგებს საუკუნეების მეხსიერებას, რასაც მონასტერი ავლენს, ბუნებრივ ტრანსფორმაციას კი შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად აქცევს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Domusweb
დაწერე კომენტარი