DESTE 1983 წელს ჟენევაში დააარსა ბერძნული წარმოშობის კოლექციონერმა დაკის იოანუსმა. ფონდი ცნობილია საგამოფენო პროგრამით, რომელიც ერთდროულად როგორც დამწყებ, ასევე ძალიან ცნობილ არტისტებთან მუშაობს და მათ ექსპოზიციებს საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე მდებარე ყოფილი სასაკლაოს ტერიტორიაზე წარმოადგენს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, DESTE გამოფენებს ვერ მართავდა, თუმცა საგამოფენო პროგრამა წარმატებით დაბრუნდა. ჰიდრა ცნობილი არტისტის, ჯეფ კუნსის სოლო პროექტ აპოლონს მასპინძლობს. 


გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის ახალი სკულპტურები და მის მიერ შერჩეული ნივთები, რომლებიც დამთვალიერებელს ერთგვარ მეტაფიზიკურ დიალოგში იწვევენ, ექსპოზიცია ცდილობს წარმოადგინოს თანამედროვე და ანტიკურ სამყაროს შორის კავშირი.  


ექსპოზიციაზე შესვლამდე დამთვალიერებელს ეგებება 9 მეტრის სიმაღლის, მზის ფორმის ოქროსფერი ქარის წისქვილი, რომელიც სასაკლაოს სახურავზეა განთავსებული. სკულპტურის ცენტრში, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ხელოვნების, მუსიკის, პოეზიისა და წინასწარმეტყველების ღმერთის - აპოლონის სახეა წარმოდგენილი.  


საგამოფენო სივრცის პირველი ექსპონატი აპოლონის ფერადი ქანდაკებაა, რომელიც კითარით არის წარმოდგენილი. სკულპტურა გარშემორტყმულია ძველი ფრესკებით, რაც სივრცეს ტაძარს ამსგავსებს. პროექტით - აპოლონი ჯეფ კუნსი ქმნის ბერძნულ კულტურაში უმნიშვნელოვანესი აპოლონის ტაძრების თანამედროვე ინტერპრეტაციას. გამოფენაზე ისმის ძველებური მუსიკა, წვავენ სალბს და აპოლონს პურს სწირავენ, რაც საერთო ჯამში ქმნის ანტიკური პერიოდის შთაბეჭდილებას. აპოლონი პატივს მიაგებს კაცობრიობის ისტორიას და მიღწევებს, იხსენებს ანტიკურ ხანას, როდესაც ხელოვნებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Designboom