1998 წელს ცნობილმა არქიტექტორმა რენცო პიანომ ტოკიოში Hermès-ის ოფისის შენობა შექმნა. Hermès-ის ოფისი დღემდე ითვლება 1990-იანი წლების არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშად. ნაგებობა ტოკიოს სავაჭრო უბანში, გინზაში მდებარეობს, ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, იაპონიაში მრავალი სამშენებლო რეგულაცია არსებობს, სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს ფასადის დიზაინს.
56 მეტრის სიმაღლის შენობა სიგანეში მხოლოდ 10 მეტრია, ფასადი იქმნება 13000 კვადრატული მინის ბლოკით, რომლებიც ფლორენციაში - Vetroarredo-ში სპეციალურად დაამზადეს ისე, რომ მიწისძვრასა და ხანძარს გაუძლოს, კუთხეებს კი მომრგვალებული, მინის აგურები ქმნის. მიწისძვრის დროს შენობის ფასადი ბიძგების მიხედვით მოძრაობს, რაც 90-იან წლებში ინოვაციურ ტექნოლოგიას წარმოდგენდა.
ნაგებობის მთავარი შთაგონების წყარო ეგრეთწოდებული იაპონური ჯადოსნური ფარნებია, რომლებსაც წარსულში ხშირად შეხვდებოდით სახლების კარებთან. ეს ფარნები ანათებდნენ ქუჩას და ღამით ძირითადი სინათლის წყაროს ქმნიდნენ. მინის კუბები მათ ფორმას იმეორებს, შენობიდან გამომავალი სინათლე კი შენობას განათების წყაროდ აქცევს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Steffan Studio
დაწერე კომენტარი