სევდის სამკუთხედს წარბებსა და ცხვირს შორის არსებულ ნაოჭებს ეძახიან, რომელთა გაჩენაც სილამაზისა და მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის ნამდვილი ტრაგედია და კარიერის დასასრულის დასაწყისია. სწორედ ორი მოდელია რუბენ ოსტლუნდის ახალი ფილმის - “სევდის სამკუთხედის” მთავარი პერსონაჟი. ფილმი ფოტოგადაღების სცენით იწყება, სადაც მოდელი ბიჭები, მათ შორის მთავარი გმირი, კარლი, ცდილობენ, რომ “ბალენსიაგასთვის” დამახასიათებელი უემოციო და ოდნავ ქედმაღლური გამომეტყველება მიიღონ. ფოტოგრაფები და პროდიუსერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიჭები რაც შეიძლება სასურველი გახადონ, მოდელები პროდუქტს წარმოადგენენ, მათი სილამაზე კი - ერთგვარ ვალუტას, რაც მოდელების ფასს განსაზღვრავს. მოდელია კარლის შეყვარებულიც - იაია, სწორედ გოგოს საშუალებით აღმოჩნდება წყვილი ძვირადღირებულ კრუიზზე, სადაც ფილმის მთავარი სიუჟეტი თამაშდება.
შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ძირითადად ერთ ჟანრში მუშაობს, რომელსაც ალბათ შეიძლება სოციალური სატირა ვუწოდოთ. ის უკანასკნელ სამ ფილმში ირჩევს სხვადასხვა პრივილეგირებულ ჯგუფს და მათ ნამდვილ, საშინელ სახეს წარმოადგენს. ფილმში - Force Majeur ის ჰეტერონორმატიული, ტრადიციული ოჯახის ფასადურობაზე საუბრობს, Square-ში სახელოვნებო სამყაროს ცრუ ემპათიურობასა და ამაოებაზე, “სევდის სამკუთხედში” ის მილიარდერებს ირჩევს, მათ ახირებებს, ჩვევებს, სილამაზისა და ახალგაზრდობის ობსესიას..
სწორედ მდიდარ ადამიანებს ვიცნობთ ფილმის მეორე აქტში, გემზე. ძირითადი პერსონაჟები არიან: ხელყუმბარების ბიზნესით გამდიდრებული ბრიტანელი წყვილი, რუსი ოლიგარქი, რომელიც კრუიზზე ცოლთან და საყვარელთან ერთადაა, შვედი, რომლის შექმნილმა თამაშმაც პოპულარობა მოიპოვა, კარლი და იაია, რომელთა დანიშნულებაც გემზე ინფლუენსერობაა, მათ უნდა გაყიდონ საკუთარი სილამაზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესონ, გემის ეკიპაჟი - კონვეირული მუშაობის წესით და კაპიტანი - ლოთი მარქსისტი, რომელიც ძირითად დროს კაბინაში ნასვამი ატარებს.
ფილმის მთავარი მოქმედება კაპიტნის ვახშმის დროს თამაშდება, როდესაც გემი იძირება, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილ მთავარ პერსონაჟებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, თუმცა ყველა მათგანი სრულიად უუნაროა, ყველა, გარდა დამლაგებელი ქალისა, რომელიც გადარჩენილთა ტომის ერთგვარ ბელადად იქცევა.
ოსტლუნდი ფილმს ინფლუენსერების კრიტიკით იწყებს. იაიასა და კარლის ყველა დიალოგი მშრალი, ძალიან ზედაპირული და უინტერესოა, ფილმის ყურებისას მაყურებელს არაერთხელ ებადება შეკითხვა - მართლა უყვარს წყვილს ერთმანეთი თუ მხოლოდ იმიტომ არიან ერთად, რომ ასეა საჭირო მათი იმიჯისთვის, რაც ალბათ ყველას, ერთხელ მაინც გვიფიქრია ცნობილი წყვილების შესახებ. რეჟისორი “სევდის სამკუთხედში” ზუსტად იმავე მეთოდს იყენებს, რამაც მის წინა ფილმში - “კვადრატში” გაამართლა, ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პრივილეგირებული ცხოვრებით ძალიან კმაყოფილები არიან, მაქსიმალურად არაკომფორტულ მდგომარეობაში წარმოადგენს. ფილმი რაღაცით ბუნიუელის “ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლს” მოგაგონებთ, სრულიად აბსურდული თავგადასავლებითა და დიალოგებით, თუმცა ოსტლუნდი ერთ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ის იყენებს სიმბოლიზმს, რომელიც ზედმეტად ცხადია და დაფიქრებას არ საჭიროებს, ჩაძირვისას გემზე მყოფ მილიარდერებს საკუთარ განავალში სვრის, რათა გვაჩვენოს, თუ რამდენი სიბინძურეა მათი მბრწყინავი ფასადის მიღმა, ამავე სცენაში კადრს დაქანებულად გვიჩვენებს, რათა დავინახოთ, თუ როგორ არათანაბრადაა გადანაწილებული სოციალურ კიბეზე სხვადასხვა კლასი. ეს ყველაფერი თავიდან თუ სასაცილოა, შემდეგ მოსაწყენი ხდება და უკვე გვღლის მდიდრების უუნარობა თუ ზედაპირულობა. ოსტლუნდი არც პირველი რეჟისორია, ვინც ამ თემებს ეხება და არც უკანასკნელი, თუმცა მისი კინო ალბათ ყველაზე ღიად და პირდაპირ საუბრობს, რაც ხშირად არა ფილმის პლუსი, არამედ ნაკლია. მაგალითად, ძირითადად მსგავს თემებს ირჩევს ჩანგ დონ ლიც, თუნდაც თავის ყველაზე პოპულარულ ფილმში “ალმოდებულნი”, თუმცა ის მუდმივად მინიშნებებით გვესაუბრება და თითქოს რაღაც საიდუმლოს გვიმხელს, შვედი რეჟისორი კი ძალიან გამარტივებული ენით, სიტყვასიტყვით გვეუბნება სათქმელს. თუმცა ძალიან საინტერესო ვიზუალური ესთეტიკისა და იუმორის წყალობით, რუბენ ოსტლუნდი საბოლოოდ მაინც ახერხებს, რომ მაყურებელი დააინტერესოს, თხრობაში ჩაითრიოს და საბოლოოდ კინოთი მოხიბლოს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Cannes Film Festival
დაწერე კომენტარი