უკრაინელი არტისტის ფედორა აკიმოვას პერსონალური გამოფენა ომზე გვესაუბრება, მოგონებების, სახლის დაკარგვისა და სიკვდილით გამოწვეული კოლექტიური გამოცდილებების გაზიარებით. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება, სოლო გამოფენისა და Land Art ობიექტისგან, რომელთაც რია ქებურიას ფონდში იხილავთ.  


გალერეის სივრცეში არტისტი ქმნის სამკუთხა თაღებს, რომლებიც ნაჩქარევად ამოთხრილ სამხედროების საფლავებს განასახიერებენ, თაღები ქმნიან იმ შემზარავ პატერნს, რაც მსგავს საფლავებს გააჩნიათ და სიკვდილზე გვესაუბრებიან. მცირე დერეფანში ფედორა აკიმოვა პოსტ ტრავმატული მეხსიერების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ძალიან მძიმე და მასშტაბური ტრავმის გადატანის შემდეგ, ადამიანებს ახასიათებთ კონკრეტული მოგონებების ან პერიოდის სრულიად დავიწყება, ამ დარბაზში გამოფენილი ნამუშვრები ფრაგმენტირებული და გაფანტულია, არტისტი ქმნის მოგონებების წამიერ გაელვებებს, რომლებიც დანაკარგს განასახიერებენ. 


ფედორა აკიმოვა სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტია, მის შემოქმედებაში გვხვდება ინსტალაციები, სხვადასხვა ნივთები თუ ვიდეო არტი. ის 1987 წელს კიევში დაიბადა, მისი შემოქმედება გრაფიკული ილუსტრაციებით იწყება. მისი გამოფენები იმართებოდა: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, პოლონეთში გერმანიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და მექსიკაში და რა თქმა უნდა უკრაინაში.  არტისტი 2022 წლის მარტიდან თბილისში ცხოვრობს და მუშობს.

 

 

 

ექსპოზიციის ხმის დიზაინზე იმუშავა გუგა ქველაშვილმა, გამოფენის კურატორია მაშა კრიუჩკოვა, გამოფენა 8 ივლისს, 19:00 საათზე, კაჭრეთის ამბასადორში მდებარე რია ქებურიას ფონდში გაიხსნა.

 

 

ფოტო: Mike Makarenko