ამერიკელმა არტისტმა ჯეიმს ტურელმა კოლორადოსთან ახლოს, ტყეში ახალი ინსტალაცია შექმნა, რომელსაც გამოარჩევს მანათობელი ჭერი ოთხკუთხა ღიობით. ინსტალაცია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მწვერვალის, პაიკს პიკის ძირას მდებარეობს, ნაგებობა ტბას გადაჰყურებს და მარადმწვანე ხეებითაა გარშემორტყმული.
შენობა ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, მის ასაგებად გამოყენებულია მხოლოდ კოლორადოს ქვა, შენობას მეტალის სახურავი აქვს, რომელზე არსებული ღიობითაც ცის დანახვაა შესაძლებელი. მსგავსი ტიპის ინსტალაცია ტურელს 85 ადგილას აქვს აგებული, თუმცა არტისტმა პირველად იმუშავა მთებში.
ინსტალაცია ერთდროულად იყენებს ბუნებრივ და ხელოვნურ სინათლეს და ერთგვარ ობსერვატორიას ქმნის, რომელიც ცას აკვირდება. ღიობის მახვილი კუთხეები და კონტრასტული, ცვალებადი ფერის სინათლე, რომელიც ჭერს ანათებს, ცას სიურრეალისტურ იერს სძენს, განსხვავებულ ამინდსა და დღის მონაკვეთში ინსტალაცია სრულიად სხვადასხვა შთაბეჭდილებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ცაზე დაკვირვება დღის სხვადასხვა მონაკვეთშია შესაძლებელი, ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა მზის ჩასვლისა და ამოსვლის დროს იქმნება.
ჯეიმს ტურელი “ცის ობსერვატორიებს” 1970-იანი წლებიდან ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაგებობები ერთი კონცეფციითაა შექმნილი, თითოეულ მათგანს გამოარჩევს ინდივიდუალური შტრიხები, განსხვავებული გარემო და კლიმატური პირობები კი, საერთო ჯამში, განსხვავებულ ინსტალაციებს ქმნის.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Dezeen
დაწერე კომენტარი