LC Queisser პარიზში მცხოვრები მულტიმედია არტისტის, სერ სერპასის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენას Monakhos ეწოდება, რაც ბერძნულად განმარტოებულს ნიშნავს, სწორედ არტისტული მარტოობის კვლევად შეიძლება მივიჩნიოთ წარმოდგენილი ექსპოზიცია. სერ სერპასი ინსტალაციებზე მუშაობს, რომლებიც შედგება ქანდაკების, ფერწერის, ნახატისა და პოეზიისგან. არტისტი დაინტერესებულია სხეულით, როგორც ფიზიკური მატერიითა და ეფემერული ცნებით, სწორედ ამიტომ ის სხეულებს სკულპტურულად ცვლის, ქანდაკებაში კი სხეულისთვის დამახასიათებელი ბუნებრიობა შეაქვს. სერპასის პრაქტიკა სცდება კონკრეტულად ერთ მედიუმს, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს ცოდნას ფიზიკურობის, ფრაგმენტაციის, ხელოვნური მოწყობის და არტისტის ავტონომიით გამოწვეული ცვლილებების შესახებ. 


არტისტი განუწყვეტლივ იცვლის საცხოვრებელ ადგილს - ცხოვრობს ციურიხში, პარიზში, ლოს-ანჯელესსა და თბილისში. სწორედ მუდმივი მიგზაურობა ხდება მისი შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი, მოგზაურობითაა შთაგონებული მისი პოეზიის კრებულიც - “სასტუმრო სახლი”. მუდმივი მიმოსვლა მის ნამუშევრებში ფიზიკურადაც აისახება, მაგალითად, ერთ-ერთი სკულპტურა არტისტს სხვადასხვა ქალაქში ნაპოვნი მასალებით აქვს შექმნილი. “Monakhos” იქცევა არტისტული განმარტოებისა და არსაიდან პროვოცირებული უძრაობის ჯიუტ მედიტაციად. გამოფენაზე წარმოდგენილია მსხვილიმონასმით შესრულებული ზეთის ფერწერული ნამუშევრები,  გადაუჭიმავ ტილოზე, რომლებიც ებრაული ბიბლიითა და წარსულ ეპოქაში ცხოვრებითაა შთაგონებული. სერიის შთაგონების წყარო სხეულებია, სახეების გარეშე, რომლებიც არტისტმა პლასტიკური ოპერაციების აღსაბეჭდად გადაღებულ ფოტოებში იპოვა. სერ სერპასის ქანდაკებებში აღიბეჭდება განვლილი წამის სიმყიფე და ხასიათი, მის ქანდაკებებში ნაწილები არ არის დაფიქსირებული, ფერწერაში წარმოდგენილი სხეულები კი საოცრად მოდუნებული და მსუბუქია, პორტრეტები კი სტოიკურ სიმშვიდეს ასხივებენ.

 

 

 

 

 

ფოტო: LC Queisser