12 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ზურა აფხაზის მულტიმედიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც “დედიკას გალერეა” წარმოადგენს. „ქვების ხმაური“ ზურა აფხაზის მიერ ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების კრებულია, ხანგრძლივმა ძიებებმა გამოკვეთა მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, მისი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებამ შედეგად მოიტანა მკაფიო, ზურა აფხაზის სტილის დამადასტურებელი შთამბეჭდავი გამოსახულებები.

ზურა აფხაზი (აფხაზაშვილი) დაიბადა 1968 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად. არის მრავალი გამოფენის მონაწილე. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანული ექსპრესიონიზმისთვის დასახასიათებელმა ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურად აისახება მის ნამუშევრებში. არტისტის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია, სწორედ ეს მოტივები ქმნის ზურა აფხაზის ენას. არტისტის შექმნილი შავ-თეთრი სერია, რომელიც კოსმოსსა და სამყაროს წესრიგს გამოხატავს, ისეთივე იდუმალია, როგორც თავად კოსმოსი.

პროექტს წარმოადგენს Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, რომელთანაც ზურა აფხაზს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. გამოფენის კურატორია ხათუნა ხაბულიანი. ვიდეო-ჩანართებზე იმუშავეს ლექსო სოსელიამ და უჩა წოწერიამ, ხოლო ხმოვანი ნაწილი ეკუთვნის დიმა დადიანს. გამოფენა 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

 

 

 

ფოტო: სოსო ჩიბურდანიძე, Dédicace Gallery