Bedford Falls დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბენდია, რომლის ახალ კომპოზიციებსა და კონცერტებს მსმენელები განსაკუთრებით ელიან, ბენდის წევრები დათო ჯიქია (ვოკალი, რიტმული გიტარა), მიხო კალანდარიშვილი (წამყვანი გიტარა) გიორგი მიგრიაული (ბას-გიტარა) და სანდრო დიასამიძე (დრამი) არიან.
ბენდის სახელი ფრენკ კაპრას ფილმს, It’s a Wonderful Life-ს უკავშირდება, Bedford Falls გამოგონილი ქალაქია, სადაც ფილმის მოქმედება მიმდინარეობს. Bedford Falls-ის შემოქმედება ერთდროულად ძალიან ნაცნობ და ახლებურ ჟღერადობას, ნოსტალგიას, ბავშვობის მოგონებებს, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ სევდას აერთიანებს და საერთო ჯამში ქმნის მუსიკას, რომელიც ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მსმენელისთვის.
როგორ შეიქმნა Bedford Falls?
პრინციპში ყველაფერი მარტივად მოხდა, როდესაც ერთმანეთს ოთხი ადამიანი ხვდება, რომელთაც მუსიკის შექმნა უნდათ, ლოგიკურია, რომ ბენდს ჩამოაყალიბებენ, ჩვენ ერთმანეთს 2014 წელს შევხვდით, მას შემდეგ არსებობს Bedford Falls.
რთულია თქვენი მუსიკა კონკრეტულ ჟანრს მიაკუთვნო, რადგან კომპოზიციებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ჟღერადობა აქვთ, რატომ ხდება ასე?
რეალურად თითოეული სიმღერა სხვადასხვა თავგადასავალია, შეიძლება რაღაც ელემენტები მსგავსი იყოს, მაგრამ შედეგი სრულიად განსხვავებული გამოდის. დროთა განმავლობაში წერის პროცესის მიმართ მიდგომაც შეგვეცვალა, 4 წლის წინანდელ და ახალშექმნილ კომპოზიციებს სრულიად სხვადასხვა ჟღერადობა აქვთ. პრინციპში არც გვინდა, რომ კონკრეტულ ჟანრში მოვექცეთ, მაგალითად, Idaho, საერთოდ არ ჰგავს Thrill Is Gone-ს და ეს ძალიან მოგვწონს, რადგან ამდენი წლის განმავლობაში დაწერილი სიმღერები ერთმანეთს რომ ჰგავდეს, გამოვა, რომ ვერ ვვითარდებით, წინ ვერ მივდივართ და ერთ ადგილს ვტკეპნით.
რვა წელია, რაც ერთად უკრავთ, როდის დაიწყეთ ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა, გაცნობიერება, რომ მართლა ბენდი ხართ?
ალბათ თავიდანვე, რადგან მსმენელების რაღაც მცირერიცხოვანი რაოდენობა მაშინვე გაგვიჩნდა, შეიძლება სულ 50 ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს კონცერტებს ესწრებოდნენ, მათ მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობდით, შეიძლება Youtube-ზე 500 ნახვა გვქონოდა, მაგრამ ეს 500 ადამიანი ახალ კომპოზიციებს ელოდა. რეალურად არ გვქონია ისეთი მომენტი, რომ ცარიელ დარბაზში დაგვეკრა, ან ახალი სიმღერა დაგვედო და არავის მოესმინა.
თუმცა რეალური პოპულარობა ალბათ უფრო მოგვიანებით მოვიდა...
პოპულარულები ალბათ ბენდის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ გავხდით, როდესაც ჯერ Newcomers-ში გავიმარჯვეთ და Tbilisi Open Air-ზე დავუკარით, შემდეგ კი Thrill Is Gone-ს დავწერეთ, რომელიც ერთბაშად პოპულარული ნამდვილად არ გამხდარა, მაგრამ ამ დროს დავისახეთ მიზანი, რომ თამასა, რაც ამ სიმღერამ დააწესა, აღარ დაგვეწია და ნელ-ნელა უფრო წინ წავსულიყავით. მანამდე არც გვქონდა იმის განცდა, რომ პოპულარობას ან წარმატებას ვიმსახურებდით, საკმაოდ რაციონალურად აღვიქვამდით ჩვენს მუსიკას, თუმცა მალევე რომ არ დამდგარიყო ეს მომენტი, ალბათ დღეს აღარც ვიარსებებდით, როგორც ბენდი.
კონკრეტული მომენტი თუ გახსენდებათ, როდესაც მიხვდით, რომ მუსიკოსობა გინდათ?
გიორგი: პირადად ჩემზე MTV-მ იქონია დიდი გავლენა, კონკრეტულად ბენდი არ მახსენდება, მაგრამ ბავშვობაში კონცერტების ლაივებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მეც იმავეს კეთება მინდოდა ცხოვრებაში.
სანდრო: მე კონკრეტული მოგონება მაქვს, ბაბუაჩემმა ჩემს ბიძაშვილს, რომელიც ჩემზე უფროსია, პირველი გიტარა უყიდა, ბიძაშვილმა უმცროსებისთვის სხვა ინსტრუმენტები მოაგროვა და ჩვენი ბენდი შევქმენით, ბაბუაჩემი გვასწავლიდა, როგორ უნდა ვყოფილიყავით ნამდვილი “როკენროლშიკები”, როგორ გვეხტუნა გიტარით ნილ იანგივით, ძალიან კარგი იყო.
მიხო: ჩემმა ძმამ დაიწყო გიტარაზე სიარული, ერთხელ The Beatles-ის Yellow Submarine-ს არჩევდა, ჩემთვის ნაცნობი მუსიკა გავიგე და პირველად გავაცნობიერე, რომ იგივე მეც მინდოდა გამეკეთებინა, მაშინ მომინდა, რომ დაკვრა მესწავლა.
დათო: მე კონკრეტული მომენტი არ მახსენდება, ალბათ ბავშვობიდან მინდოდა. საერთოდ, მგონია, რომ ის მითი თუ ოცნება, რომ ბენდში იყო, მუსიკას წერდე და ხალხს უყვარდე, ყველა ჩვენგანშია, უბრალოდ საკმარისად გულუბრყვილო უნდა აღმოჩნდე, რომ ამ ოცნებას და ამბიციას გაჰყვე.
ისეთი კომპოზიცია თუ გაქვთ, რომელიც მოგწყინდათ, მაგრამ ხალხს უყვარს და კონცერტებზე იძულებული ხართ დაუკრათ?
გვგონია, რომ რაღაც სიმღერებმა გულწრფელი მუხტი ამოწურეს, ერთ-ერთია Thrill Is Gone, რომელიც უბრალოდ ძალიან ბევრჯერ დავუკარით, ასევე Dreamer Once, რომელსაც რეალურად იმიტომ ვუკრავთ, რომ ძალიან პოპულარულია და ხალხს უყვარს. ამ დროს პირიქითაც ხდება, გვაქვს სიმღერა, This Is Your House, რომლის კონცერტებზე შესრულებაც გვინდა, მაგრამ ხალხს ნაკლებად მოსწონს. სიმღერა ⅞ თვლაშია დაწერილი, რაც ნიშნავს, რომ ცოტა უცნაური მოსასმენია, ტაქტის ნახევრამდე თითქოს მოგვყვება ხალხი, მაგრამ მერე ჰბეზრდებათ. ზოგადად, არასტანდარტული თვლის მოსმენა საკმაოდ რთულია, ამ დროს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ სიმღერის დაკვრა ზუსტად თვლის გამოა, რაღაცნაირად ამოცანის ამოხსნას ჰგავს.
როდის უნდა ველოდეთ ახალ ალბომს?
ახალი ალბომიდან Track-ების გაზიარება უკვე დავიწყეთ, პირველი იყო KINO, შემდეგს, რომელიც რამდენიმე კონცერტზე უკვე დავუკარით, უახლოეს დღეებში გავაზიარებთ. რეალურად ალბომის დასრულებასთან ახლოს ვართ, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებთ. გვაქვს სიმღერები, რომლებსაც ერთმანეთთან თემატური ან სიმბოლური კავშირი და საკმაოდ განსხვავებული ჟღერადობა აქვთ, გვგონია, რომ მსმენელს იმედგაცრუებულს არ დავტოვებთ და ეს ალბომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც აქამდე გაგვიკეთებია.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: ნატა სოფრომაძე, მარიამ გიუნაშვილი, საბა გორგოძე, Insight Projects
დაწერე კომენტარი