ხელოვნების ნიმუშებს საჯარო სივრცეში ხშირად ვხვდებით. ისინი უმეტესად ქალაქის ნაწილად იქცევიან და გავლენას ახდენენ მის იერსახეზე. ამ ტიპის ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი, ერთი მხრივ, ერგებიან გარშემო არსებულ სივრცეს, მეორე მხრივ კი - მის ცვლილებასა და განვითარებასთან ერთად იცვლიან კონტექსტს, მნიშვნელობასა თუ იერსახეს. გარდა ამისა, ეს ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს, რომ ცნობილი არტისტების შემოქმედებას მუზეუმებსა და გალერეებს გარეთ, ბუნებრივ და ავთენტურ სამყაროში გავეცნოთ. საჯარო სივრცეში გაფანტულ ქანდაკებებს, რომლებიც გარემოს განუყოფელ ნაწილებადაა ქცეული, საქართველოშიც მრავლად შეხვდებით.
ვაჟა მიქაბერიძე - უსათაურო, N’Uovo
ერთ-ერთი მოქანდაკე, რომლის ნამუშევრებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული, იტალიაში მცხოვრები ვაჟა მიქაბერიძე, იგივე პრასტოა. გუდაურში, სასტუმრო Quadrum-ის წინ მდებარე უსათაურო სკულპტურა შორიდან სასტუმროს ფასადის ნაწილად აღიქმება, პრასტოს შემოქმედებაში ხშირად განმეორებადი კვერცხის ფორმა ამ შემთხვევაში ამრეკლი ზედაპირითაა გაფორმებული, რაც სკულპტურას წელიწადის სხვადასხვა დროსა და ამინდში სრულიად განსხვავებულ იერს სძენს.
თბილისში პრასტოს მიერ შექმნილ კვერცხის ფორმის ქანდაკებას პირველად რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო რედისონის წინ იპოვით, ნამუშევარს N’Uovo ჰქვია. კვერცხი, როგორც ყოველივე ცოცხალის საწყისი, რომელიც ნაყოფიერებას, კეთილდღეობასა და სიახლეს განასახიერებს. სკულპტურა მოძრავია და ქარის დროს ტრიალებს.
გელა წულაძე - ვარიაციები სიყვარულზე
გელა წულაძე საფრანგეთსა და საქართველოში მოღვაწე არტისტია, რომლის ავტორობითა და თანაავტორობით შექმნილ ნამუშევრებს ბათუმში იპოვით. გელა წულაძის სკულპტურებს ახასიათებს პრიმიტივისტული ფორმები, სწორედ სიმარტივე და გადაუტვირთავი ესთეტიკა განაპირობებს ნამუშევრების ჰარმონიულ შერწყმას ქალაქის ლანდშაფტთან.
ბათუმში იხილავთ სერიას - “ვარიაციები სიყვარულზე”, რომელიც აერთიანებს ქალაქის სანაპიროზე მიმობნეულ ადამიანის ფიგურებს წითელი გულებით. ფიგურები სიყვარულის ყველაზე მარტივ და გულწრფელ მანიფესტაციას წარმოადგენენ.
თენგიზ სეფიაშვილი - მთავარი დარაჯი
კაჭრეთში, რია ქებურიას ფონდის ბაზაზე არსებულ სკულპტურების პარკში, გაშლილ მინდორზე წარმოდგენილი ხელოვნება სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან და დამთვალიერებელს ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობს. სხვა მრავალ ნამუშევართან ერთად აქ იხილავთ თენგიზ სეფიაშვილის მრავალდეტალიან სკულპტურას - “მთავარი დარაჯი”, რომელიც კალიისა და ადამიანის ერთგვარი ჰიბრიდია და არქიტექტურისა და ხელოვნების სინთეზითაა შექმნილი.
რომან მანიხინი - Young Fellows
სკულპტურების პარკში იპოვით რომან მანიხინის ფერად ფიგურებსაც, რომლებიც ადამიანებისა და მცენარეების ტრანსფორმაციას წარმოადგენენ, ჰიბრიდულ არსებებს, რომლებიც მიწას იცავენ.
შოთა საგანელიძე - ქართული ცეკვა
შოთა საგანელიძის ხის სკულპტურა კი ქართული კულტურითაა შთაგონებული
და ანბანსა და ცეკვას განასახიერებს. ის ტბის პირას დგას და ალაზნის ველს გადასცქერის, რაც მის კონცეფციას კიდევ უფრო ავთენტურსა და ჰარმონიულს ხდის.
თამარა კვესიტაძე - ალი და ნინო, როტაცია, საათები
თამარა კვესიტაძის ნამუშევრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სახელოვნებო სივრცეებში. მისი კინეტიკური ქანდაკებები მსოფლიოს პრესტიჟულ გალერეებში იფინება, თუმცა საქართველოში მისი რამდენიმე სკულპტურის ხილვა ღია ცის ქვეშ, ყოველდღიურ ცხოვრებაშია შესაძლებელი. არტისტის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ბათუმში დგას - “ალი და ნინო” მოძრავი სკულპტურაა, რომელიც სიყვარულის ერთგვარ
სიმბოლოდაა ქცეული და შეხვედრისა და განშორების უწყვეტ ციკლს გამოხატავს.
არანაკლებ შთამბეჭდავია “როტაცია”, რომელიც ასევე ბათუმში შეგხვდებათ. მოძრავი ქანდაკება წყალში მხტომელის პოზაში მყოფი ქალის სხეულითა და მინის დისკოთი, დროისა და წამის შეგრძნებას გამოხატავს, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.
კვესიტაძის კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ქალაქის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული, თბილისში, გალაკტიონის ხიდსა და ჯავახიშვილის ქუჩას შორის განთავსებული საათებია. ნამუშევარი ცისფერია, თუმცა მისი შეფერილობა ამინდისა და განათების მიხედვით იცვლება. მდინარესთან სიახლოვე და გაშლილი ხედი სკულპტურას თბილისის ერთ-ერთ განუყოფელ დეტალად აქცევს.
ფოტო: ლევან მაისურაძე, Prasto, იური მეჩითოვი, ბათუმელები, რია ქებურიას რეზიდენცია, ტაბულა, TPT Art Gallery
დაწერე კომენტარი