სტოკჰოლმში, ეროვნული მუზეუმის შენობასთან ჩინელი არტისტის, აი ვეივეის მეტალის ინსტალაცია განთავსდა, 12 მეტრის სიმაღლის სკულპტურა გალიას მოგვაგონებს, მის ცენტრში სივრცე კი ერთმანეთში გადახლართული ორი ადამიანის ფიგურას ქმნის. 


აი ვეივეი ჩინელი მულტიმედია არტისტი და დოკუმენტალისტია, მისი ინსტალაციების ნახვა მსოფლიოს მრავალ ქალაქშია შესაძლებელი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ნამუშევარი შვედეთში აღმოჩნდა.


შვედეთის ეროვნული მუზეუმი 1792 წელსაა აგებული, შენობა რენესანსითაა შთაგონებული და ვენეციურ სასახლეს მოგვაგონებს, თანამედროვე ინსტალაციის მსუბუქი მინიმალისტური დიზაინი სრულ კონტრასტშია შენობის მოჩუქურთმებულ ფასადთან, თუმცა სწორედ ორი განსხვავებული სტილი უცნაურად ჰარმონიულ სინთეზს ქმნის.


ინსტალაცია სტოკჰოლმში კრეატიულმა ფონდმა Brilliant Minds-მა განათავსა. მათივე განცხადებით, ნამუშევარი განასახიერებს თავისუფალ გზას მსოფლიოს ყველა ადამიანისათვის და წარმოადგენს სამყაროს, რომელშიც საზღვრები არ არსებობს. ინსტალაცია ფართო საზოგადოებამ პირველად 2017 წელს, ნიუ-იორკში იხილა, მაშინ ის Brilliant Minds-ის კრეატიულ გამოფენათა სერიის ნაწილს წარმოადგენდა.


სკულპტურა ეროვნულ მუზეუმთან 1 წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მას მდებარეობას შეუცვლიან და ისევ სტოკჰოლმში, ჯერჯერობით უცნობ ადგილას გადაიტანენ.

ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Jean Lapin