უკვე 15 წელი გავიდა, რაც მაყურებელმა ენდი საქსი გაიცნო, მირანდი პრისლის მოუხერხებელი და უგემოვნებო ასისტენტი, რომელიც თანდათან ელეგანტურ ქალად გარდაიქმნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან მოდის ექსპერტთან მუშაობდა. 



The Devil Wears Prada დღემდე ინარჩუნებს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის სტატუსს, რომლსაც გარდა კინემატოგრაფიულისა, კულტურული მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფილმის გამოსვლიდან 15 წლის შემდეგ The Devil Wears Prada მიუზიკლად იდგმება, რომლის პრემიერაც შემდეგ კვირაში ჩიკაგოში გაიმართება. 


მიუზიკლის პრემიერა 2020 წელის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. ორწლიანმა პაუზამ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მისცა, რომ სპექტაკლი უფრო დახვეწილიყო, ის ვერსია, რასაც მაყურებელი მომავალ კვირაში იხილავს, საკმაოდ განსხვავდება 2020 წლის დადგმისგან. 


სცენარის ავტორი ქეით ვეზერჰედია, რომელიც რამდენიმე სერიალის ავტორია, მიუზიკლის რეჟისორი ანა დ. შაპიროა, მას თეატრალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯილდო - “ტონი” აქვს მიღებული August: Osage County-სთვის, სპექტაკლის ქორეოგრაფიაზე კი ბიონსეს ქორეოგრაფმა ჯეიმს ალსოპმა იმუშავა.


რაც შეეხება მუსიკას, მისი ავტორი ცნობილი მუსიკოსი ელტონ ჯონი იქნება, რომელსაც წარსულში “მეფე ლომსა” და “ბილი ელიოტზე” უმუშავია, ორივე შემთხვევაში მისი კომპოზიციები ჰიტებად იქცა.  ცნობილი გახდა სამსახიობო ანსამბლის შემადგენლობაც - მირანდა პრისლის როლს “ტონის” ლაურეატი  ბეტ ლიველი შეასრულებს, ენდი საქსისას კი ტეილორ იმან ჯოუნსი, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ჰამილტონით” გაიცნო.


ამერიკის შეერთებული შტატების თეატრალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა, რომ მაღალბიუჯეტიანი სპექტაკლები ჯერ სატესტოდ ჩიკაგოში იდგმება, შემდეგ კი, ამ ტესტის გავლის შემდეგ, დადგმა ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გადაინაცვლებს. ნიუიორკელები The Devil Wears Prada-ს მუსიკალური ვერსიის ხილვასა და მოსმენას 2023 წლიდან შეძლებენ.

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Vogue, Vox, Imdb