არქიტექტურის საინტერესო და მრავალფეროვან ნიმუშებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში იპოვით, შეიძლება მოგხიბლოთ დედაქალაქის ცენტრში არსებულმა ნაგებობამ ან რომელიმე თითქმის უსახელო სოფელში მდებარე მივიწყებულმა შენობამ. მუდმივად არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში ნახავთ სრულიად განსხვავებული არქიტექტურული სტილის შენობებს, იქნება ეს რუსეთის იმპერიის დროს აგებული შენობები არტ-ნუვოს დიზაინით, დამოუკიდებლობის წლებში აშენებული მოდერნისტული ნაგებობები თუ საბჭოთა პერიოდის კონსტრუქტივიზმის ნიმუშები. თუმცა სწორედ ამ პოლიტიკური უწესრიგობის გამო, ხშირად ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი შენობები უბრალოდ უფუნქციოდ რჩება. საბედნიეროდ, ბოლო წლებია, რაც საქართველოში კომპანიები მიტოვებულ, არქიტექტურულად საინტერესო შენობებს აახლებენ, დანიშნულებას უცვლიან და სხვა ფუნქციური დატვირთვით მათ ახალ სიცოცხლეს სძენენ.
თიბისი კონცეპტის სივრცე - ყოფილი უნივერმაღი
თიბისის კონცეპტის სივრცე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც უფუნქციოდ დარჩენილ ნაგებობას ახალი დატვირთვა შესძინა. მოდერნისტული შენობა მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზეა აგებული, მაშინ როდესაც თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი იყო თანაბრად მძაფრი აღმოსავლური და ევროპული გავლენებით. მშენებლობა 1910 წელს კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით დაიწყო, რომლის პროექტზე ცნობილი პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე როგოისკი მუშაობდა. 1912 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მშენებლობა არქიტექტორთა ჯგუფმა როგოისკისვე გეგმით დაასრულა. ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა 1913 წელს გაიხსნა და თბილისის ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა. არსებობის განმავლობაში შენობამ რამდენიმეჯერ შეიცვალა დანიშნულება: გასაბჭოების შემდეგ აქ მუშათა კოოპერატივმა დაიდო ბინა, 1934 წელს კი მასში თბილისის ცენტრალური უნივერმაღი განთავსდა. 2002 წელს უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი უნივერმაღი თიბისიმ შეიძინა, მისი განახლება 2005 წელს დასრულდა, თავდაპირველად ის თიბისის სათავო ოფისი იყო, ახლა კი თიბისი კონცეპტის სივრცეა.
“აჭარაბეთის” ოფისი - პირველი პურის ქარხანა
ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე 1928-29 წლებში აგებული შენობა, რომლის ავტორიც არქიტექტორი ნესტოროვი იყო, ქართული კონსტრუქტივიზმის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. აქ 90-იან წლებამდე თბილისის პირველი პურის ქარხანა იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელიწადში ქარხანა დაიხურა, შენობა კი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. 2019 წელს დასრულდა ყოფილი ქარხნის რესტავრაცია, რომელიც თითქმის 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის “აჭარაბეთის” ოფისად იქცა. შენობას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე, თუმცა მისი ინტერიერი სრულიად თანამედროვეა, სწორედ ძველი ფასადისა და ახლებური ინტერიერის საშუალებით შენობა სრულიად ახალ იდენტობას იძენს და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშად იქცევა.
სასტუმრო “სტამბა” - ყოფილი სტამბის შენობა
1930-იან წლებში კოსტავას ქუჩაზე წიგნების საბეჭდი სტამბა გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში წერა-კითხვის გავრცელება და წიგნიერების ამაღლება იყო. იმ პერიოდისთვის, არქიტექტურული თვალსაზრისით, შენობა ულტრათანამედროვე იყო, რადგან ის ერთგვარ ატრიუმს წარმოადგენდა - მის შუაგულში საბეჭდი დანადგარები იყო მოქცეული, სართულებზე კი სხვადასხვა სამუშაო სივრცე. წლების განმავლობაში შენობა უფუნქციოდ იყო, 2018 წლიდან კი აქ სასტუმრო “სტამბა” ფუნქციონირებს, რომლის სახელიც სწორად შენობის პირველად დანიშნულებაზე მიგვითითებს. ინდუსტრიული პერიოდით შთაგონებული სასტუმროს შენობა მოიცავს: გამწვანებულ ამფითეატრს, რესტორანსა და ღია ტერასას.
ჰოსტელი “ფაბრიკა” - ყოფილი ქსოვილების ფაბრიკა
იქ, სადაც დღეს ჰოსტელი “ფაბრიკაა”, წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე დიდი ქსოვილების ფაბრიკა მდებარეობდა. შენობა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აშენდა, თუმცა წინა ნაწილი მას უკვე გასაბჭოების შემდეგ დაემატა, 1990-იან წლებში, ისევე როგორც სხვა ყველა ინდუსტრიულმა დაწესებულებამ, ქსოვილების ფაბრიკამაც შეწყვიტა არსებობა. წლების განმავლობაში შენობა მიტოვებული იყო, თუმცა 2016 წელს მან სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წერტილად იქცა. დღეს ქსოვილების ფაბრიკის ტერიტორიაზე ჰოსტელი “ფაბრიკა” მდებარეობს, რომელსაც სრულად შენარჩუნებული აქვს შენობის ფასადი, მის სქელ ბეტონის კედლებსა კი სტრიტ-არტი აფორმებს, “ფაბრიკის” შიდა ეზოში შეხვდებით სხვადასხვა რესტორანსა და კაფეს, მაღაზიებს, ბარებსა და საოფისე სივრცეებს.
“შუქურა” - ყოფილი სანატორიუმი
ციხისძირში მდებარე რესტორანს, “შუქურას” ალბათ ყველაზე უცნაური ისტორია აქვს. ეს ტერიტორია რუსეთ-თურქეთის ომის დასრულებისას რუსეთის იმპერატორმა გამარჯვებულ გენერლებს გადასცა საჩუქრად. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გენერლების შთამომავლებს აგარაკები ჩამოართვეს და ულამაზესი შენობები სანატორიუმებად გადააკეთეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო “შუქურა”, რომლის სახელსაც დღეს რესტორანი ატარებს. “შუქურას” დასავლეთ საქართველოს ტენიანმა ჰავამ მკვეთრი კვალი დაამჩნია, თუმცა ზუსტად ეს კვალი იქცა რესტორნის იდენტობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად, აქ ისტორია არ წაშალეს და ის კონცეფციის მთავარ ღერძად ჩამოყალიბდა. სიმწვანეში ჩაფლული კაფე კი გახსნისთანავე გახდა დამსვენებელთა საყვარელი ადგილი.
კაფე Gallery - თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და რუსული ეკლესია
შენობის ისტორია, რომელშიც დღეს კაფე Gallery მდებარეობს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. იმ დროს თბილისის ამ ნაწილს ეკლიან ხევს უწოდებდნენ. ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო რამდენიმე დუქანი, რის გამოც ღამით აქ გავლა სახიფათო ხდებოდა, დუქნებიდან გამოსული მთვრალი ადამიანები ჩხუბობდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს უქმნიდნენ, სწორედ აურზაურის აღმოფხვრის მიზნით 1896 წელს გადაწყდა, რომ ეკლიან ხევში ეკლესია აშენებულიყო. 1906 წელს ეკლესიის მშენებლობა დასრულდა. 1910 წლიდან შენობაში გაიხსნა საკვირაო სკოლა და ხატწერის სახელოსნოც, შენობას აფორმებდა 5 გუმბათი, ვიტრაჟები და რუსული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი თაღები. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია მალევე დაიხურა. შენობას მოხსნეს გუმბათები, ვიტრაჟები კი ჩვეულებრივი ფანჯრებით ჩაანაცვლეს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ შენობაში მდებარეობდა თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და რამდენიმე ორგანიზაცია. ახლა შენობის ნაწილს კაფე Gallery იკავებს, შენარჩუნებულია საბჭოთა პერიოდის ფასადი, თუმცა მასში ეკლესიის ამოცნობა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია
ღვინის ქარხანა N1 - თბილისის პირველი ღვინის ქარხანა
პეტრიაშვილზე მდებარე პირველი ღვინის ქარხანა თბილისში 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით, თბილისელმა არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა ააგო. შენობაში ფუნქციონირებდა ენოთეკა, რომელშიც მე-19 საუკუნის ღვინის ბოთლებსაც კი ინახავდნენ. წლების განმავლობაში ღვინის ქარხანა უფუნქციოდ იყო დარჩენილი, თუმცა დღეს ქარხნის ტერიტორია რამდენიმე რესტორანს, კაფესა და ბარს აერთიანებს და ერთგვარ კულტურულ სივრცედაა ქცეული, სადაც შესაძლებელია გართობა, დასვენება თუ ისტორიული შენობის დათვალიერება. ამასთანავე, ღვინის ქარხნის ტერიტორიას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
კუბი კონტექსტში - საბაგირო გზის სადგური
“მზიურის” პარკში მდებარე კუბის ფორმის ნაგებობა 1982 წელს აიგო, ის ჩაფიქრებული იყო საბაგირო გზის სადგურად, რომელიც პარკის ქვედა ტერიტორიას აკავშირებდა ზედასთან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუბში სადგური აღარ ფუნქციონირებდა და წლების განმავლობაში შუა პარკში ნაგავსაყრელად იქცა. სულ რამდენიმე თვის წინ, ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ, “მზიურში” “კუბი კონტექსტი” გაიხსნა. სივრცე აერთიანებს საგამოფენო დარბაზს, სამუშაო სივრცესა და კულტურულ მედიათეკას. "კუბი კონტექსტში" სოციალური საწარმოს სახით ფუნქციონირებს და ხელოვნების ირგვლივ სხვადასხვა ადამანების გაერთიანებას ისახავს მიზნად.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: თიბისი ბანკი, ნიკა ფანიაშვილი, Adjaragroup, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, გიორგი მამასახლისი, Red Fedora Diary, შუქურა, Cafe Gallery, შუშაბანადი, ღვინის ქარხანა ნ1, კუბი კონტექსტში
დაწერე კომენტარი