“კინემატოგრაფის ტაძარში არის გამოსახულებები, სინათლე და რეალობა, ამ ტაძრის ქურუმი კი სერგეი ფარაჯანოვია”, - ასე ახასიათებდა ჟან-ლუკ გოდარი სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას, კინოს, სადაც გამოსახულება და ფერები თხრობის მთავარი ღერძია, ტექსტი კი უმნიშვნელოა, რადგან რეჟისორი ახერხებს, რომ მაყურებელს სათქმელი უსიტყვოდ გააგებინოს. სერგო ფარაჯანოვის კინო ძალიან ჰგავს თვითონ რეჟისორს, ექსტრავაგანტურობით, პოეტურობითა და სხვადასხვა კულტურის სინთეზით. რეჟისორი თანაბარი ჯადოსნობით ახერხებს ქართული მითის, ტრაგიკული სიყვარულის ისტორიისა თუ აშუღი ბერის ცხოვრების ჩვენებას.
ფარაჯანოვის უსასრულო ფანტაზია მხოლოდ კინოში არ აღბეჭდილა, რადგან სერგო ყველა უმნიშვნელო ნივთში პოულობდა შთაგონების წყაროს, და საკუთარი ნიჭის მარცვალს ტოვებდა ნახატებში, სამოსში, ხელნაკეთ აქსესუარებსა თუ ქილების თავსახურებისგან შექმნილ მედალიონებში. თუმცა ყველაზე მეტად მისი პოვნა მასთან დაკავშირებულ ისტორიებშია შესაძლებელი, რომლებსაც, საბედნიეროდ, დღემდე იხსენებენ. ფარაჯანოვის შემოქმედებაში თანაბრად იპოვით სომხეთის, საიდანაც ის წარმოშობით იყო, უკრაინის, სადაც მან ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და საქართველოს გავლენას, თუმცა ყველაზე მეტად რეჟისორს ალბათ თბილისი შთააგონებდა, მრავალეთნიკური ქალაქი, ევროპული და აზიური კულტურის სინთეზით და პოეტურობით. ფარაჯანოვი თითქოს სხვადასხვა ადგილას ნაპოვნ დიდ თუ მცირე შთაგონების წყაროებს კრეფდა, აგროვებდა და აქცევდა კინოდ, რომლის ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ გამოსახულებები სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს. სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ გარდაცვალებიდან 32 წლის შემდეგაც, ფარაჯანოვის გავლენა გვხვდება როგორც საავტორო კინოში, ასევე პოპ-კულტურაში, მუსიკასა თუ მოდაში.
Madonna - Bedtime Story
1995 წელს, სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, გამოვიდა მადონას მუსიკალური ვიდეო, რომელიც ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც შესაძლებელია პირდაპირ ციტირებული სცენების პოვნა “ბროწეულისფრიდან”, მასში იხილავთ ფეხს, რომელიც ყურძენს ჭყლეტს, მლოცველებს ტაძარში და სხვა დიდ თუ მცირე მინიშნებებს რეჟისორზე. ვიდეოს ავტორი მარკ რომანეკია, რომელიც გარდა ფარაჯანოვისა, კლიპის შთაგონების წყაროდ სიურრეალისტ მხატვარ ქალებს ასახელებს.
Lady Gaga - 911
2020 წელს ლედი გაგას მუსიკალური ვიდეო - 911 გამოვიდა, რომლის შთაგონების წყაროც, მადონას მსგავსად, “ბროწეულისფერია”, თუმცა ამ შემთხვევაში ვიდეოში პირდაპირ გადმოღებულ სცენას ვერ ნახავთ, მაგრამ ძალიან მარტივი შესამჩნევია მსგავსებები. კლიპის რეჟისორი ტაშემ სინგჰია, რომლის კინოკარიერაშიც შეიძლება ფარაჯანოვის გავლენების პოვნა.
The Cell
ტაშემ სინგჰია 2000 წელს გამოსული საშინელებათა ფილმის, The Cell-ის რეჟისორიც. ფილმში მოქმედება ძირითადად კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი სერიული მკვლელის გონებაში ხდება, სწორედ ამ დროს წარმოქმნილი გამოსახულებებია ფარაჯანოვის კინოთი შთაგონებული. ამ შემთხვევაში სინგჰი ირჩევს ფილმს - “ამბავი სურამის ციხისა” და ფარაჯანოვის ჯადოსნურ სცენებს შიშისმომგვრელ წარმოსახვით სამყაროდ აქცევს.
Midsommar
კიდევ ერთი საშინელებათა ფილმი, რომელშიც ფარაჯანოვით შთაგონებული სცენების პოვნა შეიძლება, არი ასტერის Midsommar-ია, სადაც იგრძნობა გავლენები როგორც “საიათნოვადან”, ასევე ფილმიდან “ამბავი სურამის ციხისა”.
Midsommar-ის ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა, სადაც ვხედავთ მთავარ პერსონაჟს, ყვავილების უზარმაზარი გვირგვინით, ვიზუალურად ძალიან ჰგავს სცენას “საიათნოვადან”, სადაც ასევე ყვავილებით შემკულ სოფიკო ჭიაურელს ვუცქერთ.
Mes Provinciales
2018 წელს გამოსული ჟან-პოლ სივეირაკის ფილმი - Mes Provinciales სტუდენტებზეა, რომლებიც კინემატოგრაფიას სწავლობენ და რომელთათვისაც კინო კომუნიკაციის მთავარი ფორმაა. ამ ფილმში არ გვხვდება ფარაჯანოვის გავლენა, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სცენაში, მთავარი პერსონაჟი გოგოს პატიჟებს კინოში, სადაც “ბროწეულისფერს” უჩვენებენ. ვხედავთ, რომ გოგოს ფილმის ყურებისას ეძინება, და ვხვდებით, რომ ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, რადგან სინეფილი ბიჭისთვის ფარაჯანოვის ფილმზე დაძინება შეურაცხყოფის ტოლფასია.
Antonio Marras 2016 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია
2016 იტალიურმა ბრენდმა Antonio Marras-მა წარმოადგინა კოლექცია, რომლის მთავარი შთაგონების წყაროც, ზოგადად, სერგო ფარაჯანოვი იყო. კოლექციაში გამოყენებული ფერები და პრინტები ფარაჯანოვის შემოქმედებას მიაგებდა პატივს, აქსესუარები ნივთებს, რომელთაც თვითონ სერგო ამზადებდა, რამდენიმე კაბაზე გამოსახული ბროწეულები კი “ბროწეულისფერს”, ფილმს, რომლის საშუალებითაც გაიგო მარსმა ფარაჯანოვის არსებობის შესახებ.
რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?
სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება, რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფსაც შთააგონებს. ალექსანდრე კობერიძის “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?” სიყვარულის ახსნაა როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კინოსადმი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ფილმში ფარაჯანოვის გავლენებიც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სცენები ნამდვილად არ არის კონკრეტული კინოთი შთაგონებული, მაინც შესამჩნევია სერგოსთვის დამახასიათებელი კომპოზიცია თუ ფერთა პალიტრა, რაც კობერიძის ნამუშევარს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.
საბჭოთა მთავრობა რეჟისორს არ სწყალობდა - 1973 წელს ის დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ კი, მრავალი წლის განმავლობაში, კინოს გადაღება ეკრძალებოდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო და იმის ნაცვლად, რომ სერგო ფარაჯანოვი მივიწყებულ რეჟისორად ქცეულიყო, ის კინოს ლეგენდა გახდა, რომელიც დღემდე შთააგონებს პოპულარულ კულტურას.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
წყარო: Madonna, “საიათნოვა”, Lady Gaga, The Cell, Mubi, Vogue, “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?”
დაწერე კომენტარი