ვეს ანდერსონი ახალ ფილმს, Asteroid City-ის იღებს. მთავარ როლებს ცნობილი ვარსკვლავები შეასრულებენ. ფილმს კომპანია Focus Features გამოუშვებს, რომელთან თანამშრომლობითაც ანდერსონმა 2012 წელს  Moonrise Kingdom გადაიღო. რეჟისორი ფილმის სცენარის თანაავტორიცაა. მან ისტორია რომან კოპოლასთან ერთად დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით,  Asteroid City ერთგვარი პოეტური მედიტაციაა, რომელიც ცხოვრების აზრის პოვნას ეძღვნება. 



სიუჟეტი 1955 წელს გამოგონილ ამერიკულ უდაბნოში მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდა ასტრონომების კონკურსი ტარდება. მთავარი პერსონაჟები მშობლები და ბავშვები არიან, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ, კამათობენ, ისვენებენ და ერთმანეთი უყვარდებათ. ფილმის ერთ-ერთი ძირითადი არსი იქნება ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის ნაკლებობა, როგორც მამებთან დაპირისპირებისა და მოზარდობის ასაკის თანმდევი პრობლემების გამოხატულება.


უკვე ცნობილია სამსახიობო ანსამბლიც: რეჟისორი პირველად ითანამშრომლებს ტომ ჰენქსთან და მარგო რობისთან. ასევე  როლებს შეასრულებენ: ჯეისონ შვარცმანი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯეფრი რაითი, ტილდა სვინტონი, ბრაიან კრენსტონი, ედ ნორტონი, ედრიან ბროუდი, უილემ დეფო, ჯეფ გოლდბლამი და სხვა მრავალი. როგორც Focus Features-მა განაცხადა, კომპანია ძალიან ბედნიერია, რომ კიდევ ერთხელ ითანამშრომლებს ვეს ანდერსონთან და უნიჭიერეს მსახიობებთან, რომლებიც რეჟისორმა ახალი ფილმისთვის შეკრიბა. 

Asteroid City-ის პროდიუსერები იქნებიან სტივენ რეილსი და თავად  რეჟისორი - ვეს ანდერსონი. მათ ერთად იმუშავეს ანდერსონის სხვა ფილმებზე: The Royal Tenenbaums, Fantastic Mr. Fox და The Darjeeling Unlimited.

ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Cr Fashion