კინოსა თუ სერიალში პერსონაჟებთან, სცენართან, კოსტიუმებთან თუ მუსიკალურ გაფორმებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინტერიერი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს და ქმნის წარმოდგენას როგორც პერსონაჟის ხასიათზე, ასევე მის წარსულსა თუ ცხოვრების წესზე. განსაკუთრებით საინტერესოა ინტერიერი სერიალებში, რადგან მრავალ სერიაზე გათვლილი სიუჟეტი საშუალებას იძლევა, რომ ის დროდადრო შეიცვალოს, და პერსონაჟის განვითარებას მოერგოს. გარდა ამისა, სახლები, რომელთაც სერიალებში ვხედავთ, ქმნიან ატმოსფეროს, წინასწარ მიგვანიშნებენ ჟანრზე ან, უბრალოდ, ამბის ვიზუალურ ესთეტიკას განაპირობებენ.

Friends


ალბათ სერიალების ინტერიერზე საუბრისას პირველი ყველას Friends გაახსენდება, სადაც მონიკასა და რეიჩელის ბინა პრაქტიკულად დამოუკიდებელი პერსონაჟია. ინტერიერი ძირითადად 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი, რადგან სიუჟეტის მიხედვით ბინა მონიკას ბებიის იყო. თუმცა იასამნისფერი კედლები და პოსტერები მიგვანიშნებს, რომ აქ ახალგაზრდები ცხოვრობენ. მონიკასა და რეიჩელის ბინა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტერიერი ზუსტად გამოხატავდეს მთავარი გმირების ხასიათს.

Marvelous Mrs. Maisel


Marvelous Mrs. Maisel გვიყვება ახალგაზრდა კომიკოსი ქალის ისტორიას, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს მოდა და დიზაინი. სერიალში მოქმედება 1950-იან წლებში ხდება, მთავარი პერსონაჟი, მიჯი, ნიუ-იორკში, აფერ ვესტ-საიდში მდებარე უზარმაზარ ბინაში ცხოვრობს, რომლის კლასიკური მისაღები ოთახი და მოდერნისტული სამზარეულო იდეალურად გამოხატავს 50-60-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ეკლექტურობასა და მეიზელების ოჯახის დახვეწილ გემოვნებას.

Only Murders In The Building


Hulu-ს კომედიური დეტექტივი სამი მეზობლის შესახებაა, რომლებიც მათ სახლში მომხდარ მკვლელობას იძიებენ. თითოეული პერსონაჟის ბინა ძალიან ლამაზი და თვალშისაცემად განსხვავებულია, განსაკუთრებით საინტერესოა სელენა გომესის პერსონაჟის, მეიბელის სახლი, სადაც რემონტი მიმდინარეობს და გომესი განასახიერებს გოგონას, რომელიც საკუთარი ბინის მსგავსად ზრდისა და განვითარების პროცესშია.

Twin Peaks


დევიდ ლინჩის საკულტო სერიალში არაერთ ძალიან საინტერესო ინტერიერს ვხვდებით, შოუს ყველა ეპიზოდში შესამჩნევია, თუ როგორი ნაფიქრია მხატვრული გადაწყვეტის თითოეულ დეტალზე. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც წითელი ოთახია, რეალურ და წარმოსახვით სამყაროებს შორის მდებარე სივრცე, წითელი ფარდებით, ზიგზაგებიანი იატაკითა და ვენერას ქანდაკებით, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს სერიალის შემაშფოთებელი ატმოსფეროს შექმნაში. 

Sharp Objects


დეტექტიური სერიალის მოქმედება პატარა ქალაქში, მთავარი პერსონაჟის სახლში ხდება, რომელიც მრავალ საიდუმლოს ინახავს, სახლის ვიქტორიანული სტილი და ყვავილებიანი შპალერი ქმნის შემზარავ გარემოს და ცხადს ხდის, თუ რამდენად მძიმე ბავშვობა ჰქონდათ სახლის მცხოვრებლებს. 

Big Little Lies


Big Little Lies-ში განსაკუთრებით საინტერესოა სელესტის სახლი, სადაც დიზაინი პრაქტიკულად უნაკლოა, თუმცა მასზე დაკვირვებისას გვეუფლება გრძნობა, რომ შეუძლებელია ამ სახლში ცხოვრება კომფორტული იყოს, ინტერიერში თითქოს ყველა დეტალი სპეციალურად განსაზღვრულია, განათება და გაშლილი სივრცე კი სახლს სცენას ამსგავსებს. სელესტის სახლი ზუსტად გამოხატავს მის ძალადობრივ ქორწინებას, რომელიც სხვების თვალში იდეალურია, თუმცა რეალურად საშინელ საიდუმლოს ინახავს. 


Nine Perfect Strangers


კიდევ ერთი სერიალი, გამორჩეული ინტერიერის დიზაინით Nine Perfect Strangers-ია. მოქმედება გარე სამყაროსგან იზოლირებულ კურორტზე ხდება, სადაც ადამიანები სულიერი სიმშვიდის პოვნას ცდილობენ, სასტუმროს მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინი აქვს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია დარბაზი მომრგვალებული ჭერითა და სამკუთხა ფანჯრებით, რომლებიც ბუნებრივი განათების წყაროს ქმნიან. 

 


ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest, Elle Design, Amazon