ფრანგულ რივიერაზე, სან-ტროპეში მდებარე სასტუმრო La Ponche-ს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს, აქ ხშირად სტუმრობდნენ: რომი შნაიდერი, ბრიჯიტ ბარდო, როჟე ვადიმი, მიშელ პიკოლი, ჟან-პოლ სარტრი, უფრო მოგვიანებით   კი  ჯეკ ნიკოლსონი. სასტუმროს ისტორია ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იწყება, სანამ სან-ტროპე ცნობილი კურორტი გახდებოდა, ის ადგილობრივი მცხოვრებლების უსაყვარლესი ადგილი იყო, 50-იანი წლებიდან კი, როდესაც ქალაქში სხვადასხვა დროს ცნობილი ვარსკვლავები ისვენებდნენ, La Ponche იქცა უმაღლესი კლასის სასტუმროდ. 



შარშან  La Ponche-ის განახლება გადაწყდა, რესტავრაცია დიზაინერმა ფაბრიციო კასირაჰიმ ჩაატარა და შექმნა ინტერიერი, რომელიც პატივს მიაგებს სასტუმროს წარსულს, 60-იანი წლების სტილს და ამასთანავე ითვალისწინებს აწმყოსთვის დამახასიათებელ შტრიხებს. განახლებულ დიზაინში შეხვდებით სხვადასხვა ტონალობის თეთრ კედლებს, ხის მუქ ავეჯსა და ყვავილების პრინტებს, რაც, საერთო ჯამში, პროვანსული ზაფხულისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ქმნის და სასტუმროს რეგიონისთვის დამახასიათებელ ავთენტურობას სძენს.




როგორც დიზაინერმა აღნიშნა, La Ponche-ზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშუალება მიეცა ლეგენდარული შენობისთვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა და ამასთანავე შეენარჩუნებინა მისი სადა ელეგანტურობა და ისტორიული მნიშვნელობა. 

ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Hotel La Ponche