რომში მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვილა - Aurora, რომელშიც კარავაჯოს ფრესკის ნახვაა შესაძლებელი, აუქციონზე გაიყიდება.

ვილას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ეს ფრესკა კარავაჯოს შესრულებულ ერთადერთ კედლის ნამუშევრად ითვლება. სავარაუდოა, რომ ვილის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას ყველაზე ძვირფას უძრავ ქონებად აქცევს, რაც ოდესმე გაყიდულა. 


Villa Aurora მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და თავდაპირველად სანადირო კოტეჯის ფუნქცია ჰქონდა. ვილა იმ შენობების რიცხვშია, რომლებიც მე-19 საუკუნეში სახელმწიფომ შეიძინა და დაანგრია, რათა რომის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა - Via Veneto გაეყვანათ. Aurora ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც გზის გაყვანისას არ დაანგრიეს და დღეს Via Veneto-სა და Villa Borghese-ს ბაღებს შორის მდებარეობს. 


გარდა კარავაჯოსი, ვილაში მე-16, მე-17 საუკუნეების სხვა მხატვრების ნამუშევრებსაც შეხვდებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია 1621 წელს კედელზე შესრულებული ნახატი -  “ავრორა, განთიადის ქალღმერთი”, რომლის ავტორიც ბაროკოს პერიოდის მხატვარი გუერჩინოა, სწორედ ამ ნახატის სახელს ატარებს ვილა.  



კარავაჯოს ნახატი 1597 წლით თარიღდება, ის სამი მეტრის სიგრძისა და 1,80 მეტრი სიგანისაა, ჭერზე გამოხატული არიან რომაელი ღმერთები - იუპიტერი, ნეპტუნი და პლუტონი, რომელთა გარშემო ციური სხეულები და ზოდიაქოს ნიშნებია. ღმერთების სახეები კარავაჯოს ავტოპორტრეტებია, თითოეული ღმერთი სხვადასხვა მითურ არსებასთან ერთადაა გამოსახული, იუპიტერი - არწივთან, პლუტონი - სამთავიან ძაღლთან, ცერბერთან, ნეპტუნი კი - ზღვის ცხენთან ერთად. ნახატი კარავაჯოს ვილის მეორე მფლობელმა, კარდინალმა ფრანცისკო მარია დელ მონტემ შეუკვეთა, რომელიც მიუხედავად რელიგიურობისა, მეცნიერებით იყო გატაცებული და ფრესკით გაფორმებულ ოთახს ალქიმიისათვის იყენებდა. 


ვილა პირველად მე-19 საუკუნეში განაახლეს და მას საძინებლები, სააბაზანოები მექანიკური ლიფტი და დიდი სასადილო ოთახი დაუმატეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გადაღებეს კარავაჯოს ფრესკაც, რომელიც 1968 წელს აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ ვილაში ინახება არანაკლებ მნიშვნელოვანი ავეჯი და აქსესუარები, მაგალითად, გრიგორიანული კალენდრის შემქმნელის, პაპი გრეგორიო მეცამეტის მაგიდა და რეზიდენციის მფლობელის, პაპი ლუდოვიკო ლუდოვისის წითელი ხავერდის ტახტი. 

უკანასკნელ წლებში Villa Aurora-ს მფლობელის, პაპი ლუდოვიკოს შთამომავალი, პრინცი ნიკოლო ბონკომპანი ლუდოვისი იყო, რომელიც რეზიდენციაში 2003 წელს ამერიკელ ცოლთან, ყოფილ მსახიობ რიტა ჯენრეტისთან ერთად დასახლდა. ოჯახმა ვილისა და ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია დაუკვეთა და 2010 წლიდან დამთვალიერებლებს იღებენ, ვილას აუქციონზე 2023 წლის პირველ თვეებში გაიტანენ. 

ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest, Tattler, Reuters