დღევანდელ სამყაროში, სადაც ციფრული ტექნოლოგიები ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და ყურადღებას გვიფანატავს, შვედი არტისტი ჯონ კოკო ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც თვალსა და გონებას დასვენების საშუალებას აძლევს. მისი სახლების მაკეტები, ნახატები და ილუსტრაციები შთაგონებულია აზიაში მოგზაურობით, და პატივს მიაგებს მარტივ და სადა იაპონურ ესთეტიკას. 

 

 

 

ჯონ კოკომ განათლება თავდაპირველად შვედეთში მიიღო, თუმცა პირველი მოგზაურობა იაპონიაში მისთვის ერთგვარი სულიერი გამოღვიძება იყო, ამიტომ არტისტმა კიოტოში ხეზე ხატვის შესწავლა გადაწყვიტა. იმ დროიდან შეიცვალა მისი ესთეტიკა და ნამუშევრები იაპონური ხელოვნების ნიმუშებს დაემსგავსა. კოკოს კომპოზიციები მოგონებებისა და ოცნებების ფრაგმენტებია, რაც საერთო ჯამში მედიტაციურ გამოცდილებას ქმნის. მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება პეიზაჟები, შენობები, ინტერიერის ილუსტრაციები და პერსონაჟები, რომელთაც ადამიანებს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ყველაზე საინტერესო არტისტის არჩეული ბალანსი და მკრთალი ფერებია. 

 

 


 

მხატვარი ყოველთვის იცავს ერთგვარ დისტანციას, რაც ნახატებს სიმშვიდესა და ჰარმონიულობას სძენს. კოკოს ნამუშევრებში მუდმივად გვხვდება სიცარიელე, როგორც პაუზა ამოსუნთქვისათვის. იაპონურ კულტურაზე დიდი გავლენა აქვს ძენბუდისტურ სწავლებას, რაც გულისხმობს ყოველგვარი არასაჭირო და ზედმეტის განდევნას და სიცარიელით სულიერი სიმშვიდის პოვნას. სწორედ ამ მიდგომას შეისწავლის არტისტი და ქმნის სიცარიელეს, სადაც სხვადასხვა ადამიანებს, ფაქტებსა და ადგილებს თანაარსებობა შეუძლიათ, დამთვალიერებელს კი აძლევს საშუალებას, რომ ნახატებზე დაკვირვებისას ფიქრებს გაჰყვნენ და დროებით მაინც მოსწყდნენ გარე სამყაროს. 


მიუხედავად იაპონური სამყაროს უდიდესი გავლენისა, არტისტი საკუთარი შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მარკ როთკოს მიიჩნევს, რომლის აბსტრაქტული, იმპულსური ნამუშევრები და კონტრასტული ფერები ერთგვარ ბიძგად იქცა ჯონ კოკოსთვის, რომ  გამოხატვის სრულიად სხვა ფორმით მსგავსი შედეგი მიეღო. 


საბოლოო ჯამში კი ჯონ კოკოს შემოქმედებას სტრესით, შფოთვითა და სწრაფი ტემპით მიმდინარე დასავლურ ცხოვრებაში, აღმოსავლური სამყაროსთვის დამახასიათებელი სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია შემოაქვს და ქმნის ნამუშევრებს, რომელთა ხილვაც დამთვალიერებელს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად მოდუნების საშუალებას აძლევს.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Jon Koko