პაოლო სორენტინოს ავტობიოგრაფიული ნამუშევარი The Hand of God 1984 წლის ზაფხულზეა, პერიოდზე, როდესაც მთელი ნეაპოლი ერთმა ჭორმა მოიცვა, რომ  ფეხბურთის ღმერთი, დიეგო მარადონა საფეხბურთო კლუბ “ნაპოლიში” იწყებდა თამაშს, იმ ზაფხულს, როდესაც მთავარ პერსონაჟს, სორენტინოს პროტოტიპ ფაბიეტოს ერთ ღამეში მოუწია გაზრდა. ფილმს თამამად შიძლება ვუწოდოთ სორენტინოს “ამარკორდი”, რეჟისორი ფრაგმენტულად იხსენებს ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ფაქტებს და ყველაფერს დიდი ტკივილის ირგვლივ აერთიანებს. მთავარი ამბავი რეჟისორის ბავშვობის ყველაზე ტრაგიკული დღეა, როდესაც მისი მშობლები ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ. 


თუმცა ყველაფერი უდარდელად იწყება, ვიცნობთ ფაბიეტოს ოჯახს, მეზობლებს, გარემოცვას და რაღაც პერიოდით ჩვენც 80-იანი წლების იტალიაში ვმოგზაურობთ და ვაკვირდებით გულჩათხრობილ 16 წლის ბიჭს, მის ხმაურიან, მრავალფეროვან, ოდნავ შეშლილ ოჯახს და ნეაპოლელების კოლექტიურ მოგონებას, როდესაც მათი ქალაქის კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დაიწყო თამაში. ფილმში ყველაფერი ორი გრძნობის -  სიყვარულისა და ნოსტალგიის გარშემო ტრიალებს, ფეხხბურთის, კინოსა და ოჯახის სიყვარულისა და იმ დღეების ნოსტალგიის, როდესაც რეჟისორს ჯერ კიდევ შეეძლო უდარდელად ეცხოვრა. 


“ღმერთის ხელი” თითქოს პასუხია იმ კითხვებზე, რასაც წლების განმავლობაში სორენტინოს ნამუშევრები ტოვებდა. რეჟისორის შემოქმედებაში ძალიან დიდი როლი აქვთ ქალებს, რომლებსაც ის ზოგჯერ კარგად ხატავს, ზოგჯერ ცუდად, ზოგჯერ “მამაკაცის მზერის” მსხვერპლად აქცევს, ზოგჯერ კი ძალიან ზუსტი კუთხით გვიჩვენებს, თუმცა ყოველთვის თანაბრად დიდია მათი მნიშვნელობა. ამ ფილმში კი მაყურებელს ეძლევა საშუალება სორენტინოს დედის პროტოტიპი გაიცნოს - მზრუნველი, ძლიერი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვის ხრიკების მოწყობა, ეშმაკური ხუმრობები და ხილით ჟონგლიორობა, დედის პერსონაჟის ნახვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რეჟისორის შემოქმედებაში ყველა ქალი  - ლამაზი თუ უშნო, ახალგაზრდა თუ მოხუცი -  სწორედ ნაადრევად გარდაცვლილი დედის ძიება და სხვა ქალებისადმი მადლიერების გამოხატვაა. “ღმერთის ხელში” რეჟისორისათვის მნიშვნელოვან ყველა ქალს ვხედავთ სრული ბრწყინვალებითა და დიდებით, პირველ რიგში - დედას, თინეიჯერ დას, რომელიც მთელ დროს სააბაზანოში ატარებს, მომხიბვლელ დეიდას, რომელსაც მოზარდი ბიჭები ტრფობის ობიექტად აღიქვამენ, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ქალებს, რომლებმაც მარტო დარჩენილ ბიჭზე მზრუნველობა ითავეს, თუმცა მაინც ვერ მოახერხეს იმ სიცარიელის ამოვსება, რაც მასში მშობლების სიკვდილმა დატოვა.


ფილმი შეიძლება აღვიქვათ ორ ნაწილად - ამბებად, რომლებიც ტრაგედიამდე და მის შემდეგ ხდება, სანამ მშობლები ცოცხლები არიან, ფაბიეტოს ცხოვრება მკვეთრი ფერებითა და ხალისიანი მოგონებებითაა აღსავსე, მისი შეშლილი ნათესავები სასაცილოები არიან და არა ტოქსიკურები, ბიჭის პრობლემები უმნიშვნელო და არასერიოზულია, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი იცვლება ტონი და თხრობა, თვალშისაცემი ხდება გარემოს კლაუსტროფობიულობა და ბიჭის სურვილი, რომ სადმე გაიქცეს. საინტერესოა, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა იზრდება ფაბიეტო. ფილმის დასაწყისში მნიშვნელოვანი თემაა  მისი სექსუალური მომწიფება, ქალებით აღფრთოვანება და მორიდება, რომლითაც მათ ეპყრობა. მშობლების სიკვდილის შემდეგ კი მაყურებლის წინაშე იშლება ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა - ფაბიეტოს სექსი აქვს ბევრად უფროს მეზობელ ქალთან და ვხვდებით, რომ ის გაიზარდა, აღარაა პატარა ბიჭი. 


მიუხედავად მძიმე თემისა, “ღმერთის ხელი” მაინც ნოსტალგიითაა გაჯერებული, ყველა ეპიზოდი ნამდვილ მოგონებასავითაა მოყოლილი, რთულია მიხვედრა, რა გადახდა რეჟისორს მართლა და რა არის მისი ფანტაზიის ნაყოფი. თუმცა ცხადია, რომ მისთვის 80-იანი წლების ნეაპოლი ისეთივე, ან უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე აწმყო, რეჟისორი ახერხებს, რომ მშობლების სიკვდილზე არა ტკივილითა და დეპრესიით, არამედ იმ სიყვარულით ისაუბროს, რომელსაც მათგან იღებდა და დღეს ცალმხრივად დაატარებს.

 


როგორც აღვნიშნე, ფილმი ტრაგედიაზეა, თუმცა ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ორი რამაა - კინო და ფეხბურთი, ორი რამ, რამაც რეჟისორი გადაარჩინა. ფაბიეტო მხოლოდ იმიტომ გადაურჩა მშობლებთან ერთად გარდაცვალებას, რომ მარადონას თამაშის საყურებლად ნეაპოლში დარჩა. მარადონა მართლაც “ღმერთის ხელად” იქცა და 16 წლის ბიჭი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა, ამ ფილმით სორენტინო თითქოს მადლობას უხდის ფეხბურთელს იმისათვის, რომ დღეს ცოცხალია. კინემატოგრაფმა კი ბიჭი უკვე მოგვიანებით იხსნა, როდესაც დეპრესიაში მყოფს აღარაფერი აინტერესებდა, ყოველგვარი მოტივაცია ჰქონდა დაკარგული, მაგრამ მიხვდა, რომ საკუთარი ტკივილი შეეძლო ხელოვნებად ექცია. და მართლაც, მრავალი წლის შემდეგ, სორენტინომ გადაიღო თავისი ცხოვრების ყველაზე რთული და პირადული ფილმი იმ დიდ ტკივილზე, რომელმაც მთელი მისი მომავალი განაპირობა.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Netflix, Forbes, Vanity Fair