ესპანურმა მოდის სახლმა LOEWE-მ ცნობილ იაპონურ ტანსაცმლის მაღაზია GR8-ისთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია წარმოადგინა. ვიდეოსა და ფოტოების მთავარ გმირს იაპონელი რეჟისორი და კომიკოსი ტაკეში კიტანო წარმოადგენს.
კამპანია იაპონური კულტურისა და ტოკიოს ერთ-ერთი უბნის, ჰარაჯუკუს ირგვლივ ვითარდება, ქაოსური, ეიფორიული ფოტოები სიზმრისეულ შთაბეჭდილებას ტოვებს და წარმოდგენას ქმნის ტოკიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ფოტოების ავტორი მონღოლი ფოტოგრაფი რიუ იკაა. კამპანიაში გარდა ტაკეში კიტანოსი, მონაწილეობენ მსახიობები - ნიჯირო მურაკამი, ტოკიო ემოტო და DJ Jyrrel.
გარდა ფოტოებისა, კამპანიის ნაწილია მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც იაპონიის ტრადიციებსა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს. გადაჭარბებული ეფექტებითა და lo-fi ესთეტიკით გაჯერებული ფილმები ხელის კამერითაა გადაღებული და პერსონაჟებს დაჰყვება დღის განმავლობაში - სადილობისას, ქუჩაში სეირნობისა თუ იაპონური დომინოს - მაჰჯონგის თამაშის დროს.
ფოტოების, ვიდეოსა და ფილმების ექსცენტრიკული, ფერადი გამოსახულება ზუსტ წარმოდგენას ქმნის კოლექციაზე, რომელშიც გვხვდება აბსტრაქტული პრინტები, უცნაური სილუეტები და ხელნაკეთი აქსესუარები. კოლექცია განთავსდება pop-up დახლებზე, რომლებიც წარმოდგენილი იქნება GR8-ში, LOEWE-ში და ტოკიოს სხვა მაღაზიებში. კოლექცია გაიყიდება 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Ryu Ika, LOEWE
დაწერე კომენტარი