პროფესიით არქიტექტორ თამარ ქინქლაძეს, რომელიც ამჟამად მილანში Vincenzo De Cotiis-ის ინტერიერის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელია, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში არაერთი საინტერესო პროექტი განუხორციელებია, მათ შორისაა თბილისში ბოლო დროს გახსნილი Sense Concept Store-ის დიზაინიც. თამარი უკვე მეხუთე წელია, რაც მილანში ცხოვრობს და ვინჩენცო დე კოტის სტუდიასთან ერთად თანამედროვე იტალიური დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს 

თამარ, პირველად როდის და როგორ დაინტერესდით არქიტექტურით, რა იყო ის მთავარი ბიძგი, რომელმაც გიკარნახათ, რომ ამ პროფესიას უნდა გაჰყოლოდით?

მამაჩემი არქიტექტორი იყო, ძალიან უყვარდა თავისი პროფესია. პატარაობიდანვე თავისი საქმის გამგრძელებლად მიმიჩნევდა. სულ მოჰქონდა ჩემთვის წიგნები, ჟურნალები, მაცნობდა მსოფლიო არქიტექტურას, მასწავლიდა ხატვას. არქიტექტურისადმი სიყვარულს და გატაცებას საფუძველი სწორედ ამან ჩაუყარა. რაც ყველაზე მთავარია, მამას ჩემში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია, პირიქით, პატარა წარმატებებსაც კი სულ ხაზს უსვამდა. მისმა ასეთმა მხარდაჭერამ საკუთარი თავის რწმენა გამიჩინა და ძალიან ბევრი სირთულე გადამალახვინა, დამასახვინა მიზანი და დამეხმარა, რომ არჩეულ გზას ბოლომდე გავყოლოდი. 

გახსოვთ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი? მოგვიყევით მის შესახებ...

ერთ გამორჩეულად მნიშვნელოვან ნამუშევარს ალბათ ვერ დავასახელებ, რადგან სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ყველა პროექტი ჩემთვის თავისებურად მნიშვნელოვანი იყო და არის. უნივერსიტეტის პერიოდში გერმანიაში შექმნილ ნამუშევრებს სულ სხვა გავლენა და ხიბლი აქვთ, დღევანდელ ჩემ მიერ საქართველოსა და იტალიაში განხორციელებულ პროექტებს კი სულ სხვა. არქიტექტურა მართლაც საოცარი პროფესიაა. ცარიელ სივრცეში იქმნება კომპლექსური, ადგილს მორგებული მოცულობა. მოცულობა, სადაც მომავალში ხედავ მოძრაობას, განვითარებას, სიხარულს... სიცოცხლეს. ძალიან მიყვარს კერძო საცხოვრებელ სახლებზე მუშაობა, რადგან ასეთ პროექტზე მუშაობისას დამკვეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაა საჭირო. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. საინტერესოა მათ ხასიათზე, მოთხოვნილებებზე, თვისებებსა და შეხედულებებზე დაკვირვება და ამის მიხედვით მუშაობა. საინტერესოა მათთან დისკუსიაც, დაპირისპირებაც, მათი ნდობის მოპოვებაც... ეს ყველაფერი შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია.

უკვე დიდი ხანია, რაც ამ სფეროში მუშაობთ, როგორ ფიქრობთ, წლებთან ერთად  განიცადა ევოლუცია თქვენმა სტილმა ან ტექნიკამ?  ხომ არ შეიცვალეთ ზოგადი მიდგომები?

ზოგადი მიდგომები და პრინციპები, რომელიც სწავლის დროს ჩამომიყალიბდა, არ შემცვლია. არქიტექტურა ისეთი პროფესიაა, რომელიც გამოცდილებასთან და წლებთან ერთად იხვეწება. ეს მუდმივი და უწყვეტი პროცესია. აქედან გამომდინარე ჩემი შეხედულებები, სტილი და ტექნიკა, რა თქმა უნდა, თანდათან დაიხვეწა და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ახლაც განვითარების პროცესში ვარ. განსაკუთრებით იტალიაში მუშაობამ ძალიან ბევრი არქიტექტურული ელემენტის სრულიად ახლებური ხედვა გამიჩინა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცვლილებები ჩემი სამუშაო პროცესის ჩვეული ნაწილი გახდება.

პროფესიით არქიტექტორი ხართ, თქვენი ძირითადი გამოცდილებაც არქიტექტურას უკავშირდება. როგორ მოხვდით Vincenzo De Cotiis-ის დიზაინ-სტუდიაში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით?

გამოგიტყდებით, როგორც არქიტექტორს, ინტერიერის დიზაინი ნაკლებად საინტერესოდ მიმაჩნდა. ყოველთვის დიდი მასშტაბის პროექტებზე მუშაობა უფრო მიზიდავდა, შესაბამისად, ჩემი ინტერესის სფერო ინტერიერი და დიზაინი ნაკლებად იყო. მილანში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, რამდენიმე ადგილობრივი არქიტექტურული სტუდიის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია.  სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე Vincenzo De Cotiis-ის ნამუშევრები. ვინჩენცოს ინტერიერის დიზაინი ყოველთვის არქიტექტურული ხედვით არის გადაწყვეტილი, ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, ეს არის არქიტექტურა პატარა მასშტაბში. გარდა ამისა, ყველა პროექტი უჩვეულო და განსხვავებული მასალებით არის შესრულებული. მივხვდი, რომ ამ კუთხით დანახული ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ძალიან უცნობი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო იყო.

Vincenzo De Cotiis  იყო ერთადერთი ინტერიერის დიზაინის სტუდია, სადაც ჩემი ნამუშევრები გავგზავნე, როდესაც სამსახურის ძებნა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული სტუდიიდან, გადავწყვიტე, მაინც ვინჩენცოსთან გამეგრძელებინა კარიერული განვითარება. 

რა არის ის მთავარი მამოძრავებელი მოტივი და ყველაზე საინტერესო ელემენტი, რის გამოც დღეს მილანში Vincenzo De Cotiis-ის კომპანიაში რჩებით?  რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ქალაქში ყველაზე მეტად?

დეკოტის სტუდია უწყვეტი განვითარება,  გამოწვევები და დინამიკაა.  იმდენად საინტერესო და განსხვავებული გამოცდილებაა  ამ სტუდიაში მუშაობა, რომ უკვე მეხუთე წელია, რაც აქ ვმუშაობ და ერთგვაროვნების ან რუტინის განცდა არც ერთხელ არ მქონია. გარდა იმისა, რომ ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან გვაქვს და ჩვენი კლიენტების სიაც საკმაოდ გამორჩეულია, მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩემთვის სიახლისკენ სწრაფვა რჩება, იქნება ეს ახალი მასალები, ფორმები თუ მეთოდები. 

რაც შეეხება მილანს, სიმართლე გითხრათ, ჩემი დღე სრულადაა დაკავებული სამსახურით და შემდეგ ოჯახით. შესაბამისად, მილანს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ ამ ქალაქზე რაიმე სიღრმისეული ანალიზი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი და კომფორტული ქალაქია, ბევრი შესაძლებლობით სავსე, რაც ხელოვანი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

იტალიის და საქართველოს გარდა გერმანიაშიც მუშაობდით, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კულტურა, ობიექტის მდებარეობა და მისი კონტექსტი პროექტის  შექმნის დროს?

პროექტის შექმნის დროს ლოკაცია გადამწყვეტია. არ არსებობს არქიტექტურა ადგილმდებარეობისა და კონტექსტის გარეშე. ჯერ არის ადგილი და სივრცე თავისი კულტურით, ისტორიით, მახასიათებლებით, ფერებით, მოსახლეობით... შემდეგ მოდის არქიტექტურაც, კონტექსტიდან გამომდინარე. ჩემთვის წარმოუდგენელია, იფიქრო პროექტზე ისე, რომ მოცემული გარემოებები არ გაითვალისწინო.

რომელია თქვენ მიერ საქართველოში განხორციელებული საყვარელი პროექტი და რატომ?

მიჭირს საყვარელი პროექტის გამორჩევა, თუმცა არის ერთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ეს გახლავთ კერძო სახლის პროექტი,  რომელიც გიორგი ზაუტაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტი ჩემი ოჯახისთვის იყო, შესაბამისად, მუშაობისას სრული შემოქმედებითი თავისუფლება გვქონდა. ამ სახლში დღემდე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი, ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად, საინტერესო გამოცდილებაა შენ მიერ შექმნილ სივრცეში ცხოვრება. 

რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე, რომელი პერიოდის ნაგებობები მოგწონთ ყველაზე მეტად?

საქართველოს, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულე აქვს გადასალახი. ეს ნათლად აისახება თანამედროვე არქიტექტურაზეც. თუმცა, მასიურ არქიტექტურულ ნაგებობებს თვალი რომ ავარიდოთ, ბევრ საინტერესო ნაშრომს დავინახავთ ისეთი არქიტექტორების მიერ შექმნილს, როგორებიც არიან ლევან მუშკუდიანი, LOA, NOA და ა.შ. ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ და მათ ნამუშევრებს. 

თუმცა, როგორც აღვნიშნე, საქართველოში მუშაობა ამ პროფესიით მარტივი არ არის. პირადად ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ლოკალურ ბაზარზე სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალების შოვნაა. ხშირ  შემთხვევაში ამა თუ იმ მასალაზე სამუშაოდ ხელობის მცოდნე ადამიანების მოძიებაც დიდი პრობლემა ხდება.  

ვისაუბროთ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ბოლო პროექტის, Sense Concept Store-ის შესახებ, რა იყო ამ პროექტში თქვენთვის ყველაზე საინტერესო, რის გამოც მასზე მუშაობას დათანხმდით?

Sense Concept Store ერთ-ერთი პირველი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო კონცეპტ სთორია თბილისში. ძალიან საინტერესო დავალებით დამიკავშირდნენ -  ერთ სივრცეში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სამოსი და სახლის აქსესუარები. მაღაზიის დიზაინიც საკმაოდ არასტანდარტული და სხვადასხვა კონცეფციაზე ერთდროულად მორგებული უნდა გამოსულიყო. დამკვეთმა სრული თავისუფლება მომცა დიზაინის პროცესში, უკან არცერთ სირთულეზე არ დაუხევია. შედეგიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, უამრავ ადამიანზე მოახდინა შთაბეჭდილება.

რა შეიძლება გახდეს არქიტექტორისთვის შთაგონების წყარო ყოველდღიური ცხოვრებიდან?

იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შთაგონება დავინახოთ, ალბათ ყოველდღიურობასაც კრეატიული ხედვით უნდა მივუდგეთ. ჩემთვის, მაგალითად, საინტერესოა ჩრდილები, განათება, ფერები... შთამაგონებს ბუნებაში ფერების ცვლილება სეზონების მიხედვით, ზოგჯერ მატარებლის ფანჯრიდან დანახული ხედები, სივრცეები...

საკუთარი ცხოვრებისთვის როგორ გარემოს ისურვებდით, როგორია თქვენთვის შექმნილი იდეალური საცხოვრებელი?

მიყვარს სიმწვანე. ჩემი იდეალური საცხოვრებელი ადგილი ალბათ არის ნათელი, გაშლილი, მინიმალისტური სივრცე, ინტერიერში შეჭრილი ბუნებით. 

არის რაიმე, რაც დღეს ხელოვნების ან დიზაინის სფეროში თქვენს ყურადღებას იქცევს ან  განსაკუთრებით მოგწონთ?

განსაკუთრებით მომწონს და ვცდილობ თვალი ვადევნო თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარებას.  საინტერესოა ახალი მიმდინარეობები, განსაკუთრებით სცენის გაფორმება, განათება, ფერები, კოსტიუმები... თანამედროვე ბალეტი ჩემში დიდ ემოციას ბადებს და ყოველთვის შთაგონებითაა სავსე. 

რას ურჩევდით ახალგაზრდა დამწყებ არქიტექტორებს?

ახალგაზრდა არქიტექტორებს ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ უნივერსიტეტის წლები, რათა გაიმყარონ არქიტექტურის საფუძვლების ბაზისი. არ შეწყვიტონ განვითარება,  არ შეწყვიტონ თვითკრიტიკა, რაც განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ვურჩევდი, არ დასჯერდნენ პირველივე იდეას, ყოველთვის გააგრძელონ შთაგონების წყაროს ძიების პროცესი და შეძლებისდაგვარად იმოგზაურონ რაც შეიძლება მეტი, ეს მათ წარმოსახვასა და ხედვის განვითარებაში ძალიან დაეხმარებათ. 

როგორ ხედავთ არქიტექტურის მომავალს და თქვენს თავს ამ მომავალში?

ცოტა რთულია ამ ეტაპზე არქიტექტურის მომავლის განსაზღვრა, მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური და ეკოლოგიური რევოლუციის პიკის ზღვარს მიაღწია ყველაფერმა. ფაქტია, რომ არქიტექტურაში და ქალაქგეგმარებაში დიდი, შეიძლება ითქვას, რადიკალური ცვლილებები მოხდება. იმედი მაქვს, ჩემი კარიერული განვითარების მომავალ ეტაპზე ზუსტად ამ ცვლილებების პროცესის ნაწილი და თანმდევი იქნება ჩემი ნამუშევრებიც.  

არის რაიმე, რასაც ისურვებდით, რომ თქვენზე ვიცოდეთ და არ მიკითხავს?

ალბათ სამომავლო გეგმები. მინდა იცოდეთ, რომ მომავალში ჩემს კოლეგასთან,  ინანო მუშკუდიანთან ერთად აქტიურად ვგეგმავ პროექტებზე მუშაობას. ამ  კოლაბორაციის ჩანაფიქრია გააერთიანოს არქიტექტურა, ინტერიერის და ავეჯის დიზაინი. ამჟამად უკვე ვმუშაობთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე, რასაც ახლო მომავალში გაგაცნობთ. ეს წამოწყება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ მინდა გავწყვიტო საქართველოსთან პროფესიული კავშირი. 

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: გიორგი დადიანი, Vincenzo De Cotiis Studio