5-7 აგვისტოს, უკვე მეორედ, ამჯერად ბათუმში Swing Festival გაიმართება, რომელიც კვლავ გააერთიანებს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს და სამი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ არტისტებს უმასპინძლებს. 


ფესტივალის თანადამფუძნებელმა ლაშა მარგიანმა აღნიშნა, Swing Festival მსმენელს ბათუმში ახალ კონცეფციას შესთავაზებს: “ფესტივალი ფოთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო გადავწყვიტეთ ბათუმში გადატანა. Swing Festival მსმენელს ახალ კონცეფციას შესთავაზებს. ამსტერდამში არსებული ADE Festival-ის მსგავსად, სამი დღის განმავლობაში ბათუმი საფესტივალო ქალაქად იქცევა და კლუბებში - BAHN, Zgvaze, Gate/Botanico - შესაძლებელი იქნება განსხვავებული ჟანრის მუსიკის მოსმენა.”


Swing Festival წელს ოთხ სცენას გააერთიანებს და ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლუბში 40-მდე ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლებს. მოწვეულ არტისტთა შორის წელს ისევ იქნება DVS1, გარდა ამისა, ფესტივალი უმასპინძლებს ცნობილ გერმანელ არტისტ Helena Hauff-ს.


“ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ გვეწვევა DVS1, რომელსაც, ზოგადად, ფესტივალებში მონაწილეობა არ უყვარს, თუმცა, როგორც აღნიშნა, Swing Festival-ზე თავი განსაკუთრებით კომფორტულად იგრძნო და წელსაც დაგვთანხმდა სტუმრობაზე. სიახლეებიც გვაქვს, კლუბში Zgvaze “მზესუმზირას” კომუნა დაიდებს ბინას. მუსიკის მოყვარულებს შეეძლებათ მოუსმინონ არტისტებს: Audio Space B2B VAS+++, Gio Shengelia, Huerta, Luca Lozano, Oshana, Quest, Rati B2B Kdema და Toke. გარდა ამისა, ფესტივალის მესამე დღეს კლუბ BAHN-ში ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი ანდერგრაუნდ კლუბის - Fold-ის შოუქეისზე მსმენელი Etapp Kyle-ს მოუსმენს. ამ კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი - Voicedrone - ქართველია, ლაშა ჟორჟოლიანი. Fold საქართველოში აქამდე არ ყოფილა, ძალიან გვიხარია, რომ ამ არტისტების მოსმენის საშუალება ჩვენი ფესტივალის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.”


Swing Festival 5 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია როგორც 3-დღიანი აბონემენტით, ასევე დღიური ბილეთებით

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Swing Festival, ნიკა დანელია, ავთო მამულია, თორნიკე შენგელია