საუდის არაბეთში, ქვეყნის პრინცის ინიციატივით, შენდება ქალაქი, სადაც გამონაბოლქვი მავნე აირები არ გამოიყოფა. პროექტს NEOM ეწოდება და გააერთიანებს საცხოვრებელ ნაწილს, სამთო კურორტსა და ქალაქის წყლით მომმარაგებელ კომპანიას. NEOM-ში მხოლოდ განახლებად ენერგიას მოიხმარენ, პროექტის ცენტრალური ნაწილი იქნება მსოფლიოს უგრძესი ცათამბჯენი, სახელად Mirror Line, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრს შეადგენს და 9 მილიონი ადამიანის საცხოვრებლად იქცევა.


Mirror Line ორ, ერთმანეთის პარალელურად მდებარე ამრეკლი ზედაპირის მქონე შენობას გააერთიანებს, კომპლექსი ქალაქის ძირითადი საცხოვრებელი სივრცე იქნება. ცათამბჯენის დიზაინი Morphosis Architects-ს ეკუთვნის. მიუხედავად სიგრძისა, შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებითაც მისი ერთი ბოლოდან მეორეში მოხვედრას მხოლოდ 20 წუთი დასჭირდება, შენობაში და მის გარშემო კი მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი, საშუალო ტემპერატურა იქნება. 


NEOM-ის პროექტი ძალიან ჰგავს დისტოპიურ ქალაქს, სადაც ცათამბჯენი ერთგვარ სარკისებურ კედელს წარმოადგენს. გეგმის მიხედვით მშენებლობა 2030 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო Mirror Line  ქვეყნის მოსახლეობის 25%-ზე მეტის საცხოვრებლად უნდა იქცეს. საუდის არაბეთს აქვს გეგმა, რომ 2060 წლამდე სრულიად შეზღუდოს გარემოში მავნე აირების გამოყოფა, NEOM კი ამ გეგმის ერთგვარ ბიძგად მოიაზრება. 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: NEOM