27 ივლისს დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Moonage Daydream-ის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი საზოგადოებისათვის უცნობი დოკუმენტური კადრებითაა აწყობილი და მიჰყვება არტისტის შემოქმედების ყველა პერიოდს - ზიგი სტარდასტიდან თეთრ ჰერცოგამდე და გვიჩვენებს იმ რადიკალურ ცვლილებებს, რაც მუსიკოსმა სხვადასხვა დროს განიცადა.
თრეილერის მიხედვით, Moonage Daydream-ის მთხრობელი პერიოდულად თვითონ ბოუია, ვიდეოს მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა - Starman აფორმებს. ფილმის დახურული პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ჟურნალ Vogue-ის განცხადებით, Moonage Daydream გადაღებული საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევარია, რომელიც, ზოგადად, მუსიკოსის შესახებ გადაუღიათ. ფილმის რეჟისორი ბრეტ მორგენია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ამ ტიპის დოკუმენტური ფილმი კურტ კობეინის შესახებ გადაიღო.
ფილმის ძირითად ნაწილზე პანდემიის პირველი ტალღის დროს მუშაობდნენ, თვითიზოლაციამ და კარანტინმა რეჟისორს საშუალება მისცა, რომ ერთსა და იმავე მასალას მრავალჯერ დაბრუნებოდა და საბოლოოდ დაეტოვებინა ის, რაც მაყურებელს ზუსტად უჩვენებდა, თუ როგორი იყო დევიდ ბოუი სინამდვილეში.
როგორც ფილმზე მომუშავე ჯგუფმა აღნიშნა, Moonage Daydream მადლიერებაა დევიდ ბოუისადმი, მუსიკოსისადმი, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ღიად გამოხატავდა, თუ როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ადამიანი და სხვადასხვა თაობას ასწავლიდა, რომ განსხვავებულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა. Moonage Daydream-ის ოფიციალური პრემიერა 16 სექტემბერს შედგება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Pitchfork, Rolling Stone, Dazed
დაწერე კომენტარი