ევროპაში, განსაკუთრებით კი შვეიცარიაში მოგზაურობისას, აუცილებლად წააწყდებით პიტერ ცუმტორის არქიტექტურულ დიდ და მცირე ნამუშევრებს, კერძო სახლებსა თუ მუზეუმებს, რომელთაც მინიმალისტური სტილი და გარემოსთან მაქსიმალური შერწყმა გამოარჩევთ.
ცუმტორის სტილს შეიძლება “ატმოსფერული არქიტექტურა” ვუწოდოთ - ის არ მიმართავს უჩვეულო კონცეფციებს, გამოხატვისთვის არ იყენებს ექსპრესიულ ფორმებს, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტის ლოკალურობას, იმ ადგილთან და საზოგადოებასთან ჰარმონიულად თანაარსებობას, სადაც მისი განხორციელება იგეგმება. მის შემოქმედებაში ძირითად როლს სინათლე და მასალა ასრულებს, არქიტექტორი ცდილობს, რომ ბუნებრივი სინათლე შენობის კონცეფციის ნაწილად იქცეს და გამოყენოს მხოლოდ ის მასალები, რომლებიც მშენებლობის ადგილას მოიპოვება. პიტერ ცუმტორის ოთხი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი არა კერძო, არამედ საჯარო პროექტს წარმოადგენს, ამიტომ მათი ხილვა ნებისმიერ მსურველს, შეუძლია.
თერმული სპა ვალსში, შვეიცარია, 1996
ვალსში მდებარე საჯარო სპა ცუმტორის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. შენობა მდებარეობს ბორცვის ფერდობზე, მისი ნაწილი სწორედ ბორცვშია ჩაფლული, ინტერიერსა და ექსტერიერს ბუნებრივი ქვა აფორმებს, ნახევრად ღია კონცეფციისა და ბუნებრივი განათების წყალობით, შენობის ზედაპირი სხვადასხვა ამინდსა და სეზონზე ფერს იცვლის.
ხელოვნების სახლი ბრეგენცში, ავსტრია, 1997
ავსტრიაში მდებარე მუზეუმი ორი დონისგან შედგება, პირველი მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, მეორე კი მუზეუმის ადმინისტრაციულ ნაწილს ეთმობა, მუზეუმის კაფე არა შენობაში, არამედ მის წინაა, კვადრატული ნაგებობა ერთგვარ საერთო სივრცეს ქმნის, მუზეუმის სტუმრებისა და თანამშრომლებისათვის. საგამოფენო სივრცეში კედლებს აფორმებს ოდნავ დახრილი, ზოგან ერთმანეთს დაშორებული მინის ფილები, რომელთა შორის არსებული სივრცე ბუნებრივი სინათლის წყარო ხდება, მუზეუმის ფასადიც უსწორმასწოროა, რაც განაპირობებს შენობაში შემავალი მზის სხივების მრავალგვარ გარდატეხვასა და არათანაბარ გავრცელებას.
სამლოცველო მინდორში, გერმანია, 2007
გერმანიაში, მინდორში მდებარე წმინდა კლაუსის სამლოცველო გამოირჩევა მშენებლობის არასტანდარტული მეთოდით, შენობის ექსტერიერს ქმნის 50-სანტიმეტრიანი ბეტონის 24 ფენა, ინტერიერს კი 112 ხე, რომლებიც ბეტონის გამოშრობის შემდეგ დაწვეს. დამწვარი, გაშავებული, ზოგან აქერცლილი მერქანი სამლოცველოს უცნაურ დეკორად იქცევა.
სახურავზე წვეთის ფორმის ღიობია, რომლიდან შემოსული მზეც სინათლის ერთადერთი წყაროა.
თუთიის მაღაროს მუზეუმი, ნორვეგია, 2016
ნორვეგიაში, ალმანაიუვეტის კანიონში მდებარე თუთიის მაღაროს მუზეუმი რეგიონის წარსულსა და მე-19 საუკუნის მაღაროელებს უკვდავყოფს. მუზეუმი რამდენიმე შენობას აერთიანებს და იმეორებს იმ გზას, რისი გავლაც სამუშაოდ მიმავალ მაღაროელებს უწევდათ. მცირე ნაგებობებში იპოვით მუზეუმს, მაღაზიას, კაფესა და ადმინისრაციულ ოფისს, კომპლექსი მუქი რუხი ფერისაა და მოშიშვლებულ კლდეზე მეტალის ფეხითაა მიმაგრებული. მუზეუმი, ერთი მხრივ, ქმნის წარმოდგენას ნორვეგიის წარსულზე, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საერთო სივრცეს წარმოადგენს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Archdaily, Architizer, Inexhibit
დაწერე კომენტარი