მოდის ჩვენებებს, როგორც ხელოვნების დარგს, ყოველთვის განსაზღვრავდა მისი თანამდევი მასშტაბური ისტორიული მოვლენები. კორონავირუსის პანდემია მოდის სახლებს რადიკალური ცვლილებებისკენ უბიძგებს. უამრავი მოდის კვირეული გაუქმდა და გადაიდო. ეს მდგომარეობა კი განუსაზღვრელი დროით გრძელდება, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მოდის ინდუსტრიას და განსაკუთრებით, მოდის ჩვენებების კულტურას, რომელიც თავისი ბუნებით სოციალური მოვლენაა.


ხელოვნების ყველა მედიუმს თავისი შეზღუდვები აქვს. ყველა მათგანს გააჩნია თავისი ფორმა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასა და ადამიანების მოთხოვნების ცვალებადობასთან ერთად განიცდის ტრანსფორმაციას. მოდის  კვირეულების ისტორიული კურსის მიმდინარეობა ორ ფაქტორს ეფუძნება: გაყიდვების აუცილებლობასა და ტექნოლოგიების განვითარებას. მოდის ჩვენებების ისტორია იმ ტრადიციული ფორმით, რომელიც დღემდე არსებობს, 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს. თუმცა, მასმედიის ჩამოყალიბებამდე, მეთვრამეტე საუკუნეში, ტანსაცმლის დიზაინს ეგრეთ წოდებული მოდის ფირფიტების (fashion plates) საშუალებით ავრცელებდნენ. მოდის ფირფიტებზე ტანსაცმლის შემქმნელები ხელით ხატავდნენ და აფერადებდნენ ესკიზებს, ტანსაცმლის დიზაინის თვალსაჩინოებისთვის კი მინიატიურულ თოჯინებს იყენებდნენ. ამ თოჯინებს, რომელსაც ფრანგულად  poupée de mode-დ მოიხსენიებენ, პარიზიდან მთელ მსოფლიოში გზავნიდნენ და ამ გზით აცნობდნენ ტანსაცმლის დიზაინის შესახებ ფართო საზოგადოებას. დროთა განმავლობაში თოჯინებმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა, გზავნილები დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა და მათი ტრანსპორტირება ომების დროსაც შეუზღუდავად მიმდინარეობდა.

მედიისა და ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა მოდის ჩვენებების ის ფორმა, რომლითაც იგი თანამედროვე ეპოქაში  არსებობს. კორონავირუსის პანდემიის კრიზისული მდგომარეობა, ცხადია, გულისხმობს მომავალში მოდის ინდუსტრიის მიერ ტექნოლოგიური რესურსების აქტიურ ათვისებასა და ციფრული პლატფორმების გამოყენებას. თუმცა, ეს პროცესი პანდემიამდელ მსოფლიოშიც მიმდინარეობდა. მრავალი ბრენდი დღემდე თავის კოლექციებს მხოლოდ და მხოლოდ ციფრული მედიუმების გამოყენებით წარადგენს. მიუხედავად ამისა, დიზაინერებისთვის მოდის ჩვენებები, როგორც ხელოვნების დარგი, ყოველთვის წარმოადგენდა არტისტული გამოხატვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს. ნებისმიერ დროს მსოფლიოს  ერთ ქვეყანაში მაინც მიმდინარეობდა მოდის კვირეული. მოდის სახლებისა და დიზაინერებისთვის ჩვენებების კლასიკური ფორმით გამართვას, გარდა ბრენდის სტატუსის ხაზგასმისა, უამრავი დატვირთვა აქვს და კარგი შესაძლებლობაა, კოლექციის იდეა, მისი სოციალური, პოლიტიკური ან სხვაგვარი შინაარსი წარუდგინოს დამსწრე საზოგადოებას. მოდის ჩვენებების თეატრალური ხასიათი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევის საპასუხო რეაქციაა, რომელიც დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაზე დამყარებულ სამყაროში კრეატიულობისა და უნიკალურობის შენარჩუნებას გულისხმობს.


მარკ ჯეიკობსის 2020 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენების შესახებ უამრავი დეტალის გამოყოფა და გაანალიზებაა შესაძლებელი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისაა, რომ დიზაინერი ირონიის გამოყენებით მოდის თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი "ინსტაგრამული მომენტის" დაჭერის დამოკიდებულებას წარმოაჩენს. ტრადიციული პოდიუმის ნაცვლად ჩვენება გაშლილ სივრცეში გაიმართა, სადაც ქაოსური განწყობა იყო შექმნილი, ხოლო  კაროლ არმიტაჯის მაგიურმა ქორეოგრაფიამ, რომელიც ჩვენების უმთავრესი ელემენტს წარმოადგენდა, იგი დაუვიწყარ პერფორმანსად აქცია. მაყურებლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ერთი და იმავე მომენტის დაფიქსირება. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგაც სრული სურათის შესაქმნელად მისი რამდენჯერმე ნახვაა აუცილებელი, რადგან ყოველი წამი უამრავი სხვადასხვა საყურადღებო მომენტისგან შედგება. სწორედ ამიტომ, ამ ჩვენებას მოიხსენიებენ, როგორც პირველ პოსტ-ინსტაგრამული პერიოდის ჩვენებას.


მიუხედავად ტოტალური ქაოსურობისა, მთავარი ელემენტი, რაც პერფორმანსს ერთიანობას უნარჩუნებდა, ადამიანური ემოციების, კერძოდ კი, სევდისა და კოლექციის მთავარი შთაგონების წყაროს, ნიუიორკული მოდის მიმართ ნოსტალგიის დამსახურება იყო.   ეს თეატრალური დადგმა თავისი განწყობითა და ესთეტიკით არ წარმოადგენდა არც სპექტაკლს და არც მოდის ჩვენებას, მათი ტრადიციული მნიშვნელობით. ეს იყო პერფორმანსი, რომელსაც განსაზღვრული მიზანი და შინაარსი ჰქონდა: ადამიანები უცხო მდგომარეობაში ჩაეყენებინა და ამ გზით ფართოდ დამკვიდრებული სოციალური სიტუაციიდან და ნორმებიდან გაეთავისუფლებინა, რომელიც თანამედროვე ეპოქის მოდის ჩვენებებს ახასიათებს. 

უკანასკნელ წლებში აქტიურად  კამათობენ მოდის ჩვენებების აუცილებლობისა და მისი ეფექტიანობის შესახებ. რამდენიმეწუთიან ჩვენებებს უამრავი ხარჯი და ეკოლოგიური ზიანი მოსდევს. მიუხედავად ამისა, მოდის ინდუსტრია და განსაკუთრებით ჩვენებების კულტურა ძალიან ნელი ტემპით განიცდის არსებით ცვლილებებს. Business in Fashion-ის ჟურნალისტი ანჯელო ფლაკავენტო ყველაზე გავლენიან იტალიელ დიზაინერებთან საუბრის შემდეგ აღნიშნავს, რომ ყველა მათგანი, საბოლოოდ, ერთ აზრზე თანხმდება: მოდის ინდუსტრიისთვის კრიზისული პერიოდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რათა გადაიხედოს ყველაფერი ის, რაც დღეს მას ასე გადაჭარბებულად ახასიათებს, აღდგეს მოდის ძველი სულისკვეთება და შეიცვალოს დამკვიდრებული მარკეტინგული კანონზომიერებები. 


გერმანიაში ჩამოყალიბებული ტანსაცმლის ბრენდი ACRONYM ალბათ, ტექნიკური ინოვაციებისა და ტანსაცმლის ფუნქციურობის შერწყმის ყველაზე კარგი მაგალითია. ყოველი კოლექციისთვის სრულიად უნიკალური ვიდეორგოლი მზადდება, სადაც მოდელები ტანსაცმლის თითოეულ ღილსა და ჯიბეს უკიდურესად ნათლად და შეგრძნებების დონეზე წარმოაჩენენ. ბრენდის უკომპრომისო ფოკუსი ტანსაცმლის ფუნქციურობაზე პირდაპირ აისახება კომუნიკაციის და მარკეტინგის ამ ფორმაზეც.  

როგორი იქნება მოდის ჩვენებები პანდემიის შემდეგ? რა შეიცვლება მის ფორმასა და შინაარსში? ადვილად შესაძლებელია  ჩვენებების ტრადიციამ ACRONYM-ის მსგავსი ციფრული და ფუნქციური ტექნოლოგიები აითვისოს, მიუხედავად ამისა, პანდემიის გავრცელების პერიოდის შემდეგ, მოდის ჩვენებების კულტურა, რომელიც დეკადების განმავლობაში შენარჩუნდა და დღემდე განსაკუთრებულ ხელოვნების მედიუმს წარმოადგენს, ისევ გააგრძელებს კლასიკური ფორმით არსებობას. თუმცა, კორონავირუსის პანდემია, როგორც გარდამტეხი პერიოდი მოდის ინდუსტრიაში აუცილებლად გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელთა ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. მოდის კვირეულები, როგორც მსოფლიოში მუდმივად მიმდინარე მოვლენა, დღეს შეჩერებულია და ეს უნიკალური მომენტი საუკეთესო დროა არსებული გამოწვევების გადააზრებისა და  ჩვენებების მომავლის მრავალშრიანი ანალიზისთვის.