რა გახსენდებათ ზაფხულის ცხელ, მზიან დღეს პირველი? ალბათ აუზი, სადაც შესაძლებელია გაგრილება, მზეზე გარუჯვა, დასვენება ან გართობა. მიუხედავად იმისა, რომ აუზს პირველ რიგში ფუნქციური დატვირთვა აქვს, მისი ვიზუალური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აუზის დიზაინზე მსოფლიოს არაერთ ძალიან ცნობილ არქიტექტორს უმუშავია.
ოსკარ ნიმეიერი, რიო დე ჟანეირო, 1951
1951 წელს ოსკარ ნიმეიერმა საკუთარი ვილა - Das Canoas House-ისათვის აუზი შექმნა, რომელიც თანამედროვე ბრაზილიური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია. მას აფორმებს ქვის ლოდი, რომელიც, ერთი მხრივ, ქმნის დეკორს, მეორე მხრივ კი - აუზს ტბას ან გუბურას ამსგავსებს.
ალვარო სიზა, პორტუგალია, 1966
ალვარო სიზას შექმნილი სანაპიროს აუზები ერთდროულად ქმნის უსაფრთხო გარემოსა და ოკეანეში ცურვის გამოცდილებას. ორივე აუზი ოკეანის წყლით ივსება, მათ ერთ-ერთ კედელს კლდე ქმნის, ამიტომ ორივე აუზი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს.
პეტერ ცუმტორი, ვალსი, 1993-96
პეტერ ცუმტორის შექმნილი აუზი შვეიცარიაში, ვალსში სპა ცენტრის ნაწილია, ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული კედლები და განათების რამდენიმე, სხვადასხვა ინტენსივობის წყარო აუზს ძალიან მშვიდ, მედიტაციურ ადგილად აქცევს.
რიკარდო ბოფილი, კატალონია, 1973
კატალონიაში მდებარე კერძო აუზს, რომლის ავტორიც რიკარდო ბოფილია, გამოარჩევს არასტანდარტული წითელი ფერი, აუზი გარშემორტყმულია ბრტყელი, განიერი კიბეებით, წითელი თაღითა და ქვის ფილებით.
რობერ მალე-სტივენსი, საფრანგეთი, 1929-32
საფრანგეთში მდებარე ვილა Cavrois-ის ავტორი რობერ მალე-სტივენსია, შენობის აუზს გამოარჩევს უჩვეულო მდებარეობა. ვილა პოლ კარვუას ეკუთვნოდა, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სისუფთავე და ჯანმრთელობა, ამიტომ არქიტექტორს მთელი ტერიტორია ამ ორი ცნების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ბუნებრივი მასალებით დააპროექტებინა.
ლუი ბარაგანი, მექსიკა, 1968
მექსიკაში, კერძო რეზიდენციის ეზოში მდებარე ლუი ბარაგანის დიზაინით შექმნილი აუზი ადამიანებისთვის კი არა, ცხენებისთვისაა - აუზის გარშემო კედლებს საჯინიბო ქმნის, ვარდისფრისა და წყლის მომწვანო ფერების კონტრასტი კი აუზს ირეალურ შესახედაობას სძენს.
ტადაო ანდო, მექსიკა, 2011-13
მექსიკაში, მონტერეიში, იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს შექმნილ აუზს იპოვით, რომელიც დისტოპიურ ფილმს მოგაგონებთ, რადგან მისი ნაწილი ჰაერშია გამოკიდებული და სიერა მადრეს მთებს გადაჰყურებს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest, Archdaily
დაწერე კომენტარი