Disney-ს ანიმაციურ ფილმებში ხშირად ვხვდებით პრინცესებს, ზოგი მათგანი თავიდანვე მონარქად იბადება, ზოგი ქორწინების შემდეგ იღებს ტიტულს, ზოგმა საკუთარ წარმომავლობაზე არაფერი იცის, თუმცა ყველა პრინცესას აერთიანებს ერთი რამ, მათ აუცილებლად აქვთ სასახლეები, რომლებსაც Disney-ს სტუდიის ანიმატორები ხშირად არსებული ნაგებობების მოტივებზე აგებენ და რეალურ სამყაროს ანიმაციის ნაწილად აქცევენ. 

 

ალკაზარი, ესპანეთი

“ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ერთ-ერთი პირველი ანიმაცია იყო, რომელშიც სასახლე რეალური “პროტოტიპის” მიხედვითაა შექმნილი - შუა საუკუნეების სასახლე ალკაზარი ესპანეთში, სეგოვიაში მდებარეობს. მულტიპლიკაციურ ვერსიაში შენარჩუნებულია შენობის სტრუქტურა, რომელსაც Disney-ს მაგიურობა ემატება. ანიმაციაში განმეორებულია რეალური სასახლის ქვის ფასადი და ვიწრო ფანჯრები, თუმცა შენობას დამატებული აქვს კოშკები, რაც მას უფრო ჯადოსნურ, ზღაპრულ შესახედაობას სძენს.   

ნოიშვანშტაინის სასახლე, გერმანია

გერმანიაში, ბავარიაში, მეფე ლუდვიგ II-ისთვის აგებული სასახლე ისედაც ჯადოსნური ნაგებობაა. მეფემ ის ვაგნერის ოპერებისა და შუა საუკუნეების სიყვარულით ააგო, ამიტომ შენობა ერთდროულად რენესანსის, გოტიკური და სკანდინავიური სტილის ნაზავს წარმოადგენს. გასაკვირი არ არის, რომ სასახლე Disney-ს ანიმაციების შთაგონების წყაროდ იქცა, ის მცირე ცვლილებებით გამოყენებულია “მძინარე მზეთუნახავში”, გარდა ამისა, მისი და “კონკიას” სასახლის სილუეტებით იქმნება Disney-ს ლოგო, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობია. 

მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი

საფრანგეთში, ნორმანდიაში არსებული ქალაქი-ციხესიმაგრე, მონ-სენ-მიშელი, იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს შენობა ამბის არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ სიუჟეტურ ნაწილადაც. მონ-სენ-მიშელის ციხესიმაგრე თავდაპირველად სააბატო იყო, რომელიც შემდგომში ციხედ იქცა, ქალაქ-ციხესიმაგრეს გამოარჩევს მდებარეობა, მისკენ მიმავალ ხიდს მოქცევის დროს ზღვა ფარავს, ამიტომ ქალაქში შესვლა დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, მიქცევის დროსაა შესაძლებელი. მონ-სენ-მიშელი გვხვდება “რაპუნცელში”. ის, რომ ციხესიმაგრე ციხედ გამოიყენებოდა, მთავარი პერსონაჟის პატიმრობაზე მიგვანიშნებს. ზღვის ტალღები, რომლებიც ქალაქს გარე სამყაროს აშორებს, რაპუნცელის თმას და მის იძულებით იზოლაციას განასახიერებს. 

აილინ დონანისა და დუნოტარის სასახლეები, შოტლანდია 

ანიმაციურ ფილმ “მამაცში”  მოქმედება შოტლანდიაში ხდება, მთავარი პერსონაჟის სასახლე კი ორი რეალური, შოტლანდიური სასახლითაა შთაგონებული. ქვით მოპირკეთებული სასახლეები, რომლებიც ისე როგორც რეალობაში, ანიმაციაშიც დანგრეულია, შოტლანდიურ კლანებს შორის დაპირისპირებას განასახიერებს. 

ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი

“ალადინში” სულთნის სასახლე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა, რომელსაც ანიმაციურ ფილმებში ვხვდებით. სასახლის გუმბათი და სტრუქტურა ტაჯ-მაჰალითაა შთაგონებული, თუმცა ანიმაციაში გვხვდება სხვა კულტურების გავლენებიც, მაგალითად, სასახლის ფირუზისფერი კარიბჭე, ზოგადად, ინდური არქიტექტურითაა შთაგონებული, გუმბათები კი რუსულ ეკლესიებს მოგვაგონებს.

აკერშუსის ციხესიმაგრე და ბორგუნდის ეკლესია, ნორვეგია 

 

 


 

ანიმაციური ფილმი “გაყინული” სკანდინავიური ლეგენდის ადაპტაციაა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ გამოგონილი ქვეყნის, არენდელის სასახლე ორი ნორვეგიული შენობითაა შთაგონებული. უშუალოდ სასახლის შენობა ბორგუნდის ტაძრის არქიტექტურას იმეორებს, ანიმაციაში სასახლე ხითაა გაფორმებული, რაც შუა საუკუნეების ნორვეგიაში ყველაზე ძვირფას დეკორად ითვლებოდა, სასახლის გარშემო არსებული გალავანი კი აკერშუსის ციხესიმაგრის არქიტექტურას იმეორებს.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Architectural Digest, Disney Wiki