ფოტოგრაფი ჯამპაულო სგურა თავის პარტნიორ მიგელ არნაუსთან ერთად მაიამიში, ოკეანის ნაპირას ცხოვრობდა, თუმცა ოკეანე ხმელთაშუა ზღვა არ არის, არც პალმებია ზეთისხილის ხეები, ამიტომ ერთ დღესაც ფოტოგრაფმა იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს ის პულიაში, ისტორიულ ვილაში ცხოვრობს, რომელიც 5 საუკუნის წინ, ესპანელების მმართველობისას აშენდა.
ვილა Masseria Garzia პულიოს რეგიონში, ქალაქ ოსტუნიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მისი ფართობი 1300 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ოთახებს, დარბაზებს, შიდა და გარე სამზარეულოებს, ბაღებს, აუზსა და ზეთისხილის ხეივნებს აერთიანებს.
როგორც ფოტოგრაფის პარტნიორი აღნიშნავს, ჯამპაულოს იტალიაში დაბრუნება მოულოდნელი იყო, რადგან ის სწორედ იმ ყველაფერს გაექცა, რის გამოც საბოლოოდ უკან დაბრუნდა: სიმშვიდეს, ბუნებას, ზღვის პეიზაჟსა და გარშემო მყოფ ადამიანებს. ფოტოგრაფი თავდაპირველად მილანში არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა ყოველთვის მოდის სამყაროზე ოცნებობდა და თან ჰქონდა Vogue-ის ახალი ნომერი, შემდეგ მან სწავლა ბერლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ფოტოგრაფიის განხრით განაგრძო. მილანში დაბრუნებულს მხოლოდ პატარა პორტფოლიო ჰქონდა, თუმცა მეგობრების დახმარებით ჟურნალ Glamour-ში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სასწაული მოხდა - მას Vogue-იდან დაუკავშირდნენ, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა.
ფოტოგრაფი ჯერ ნიუ-იორკში გადავიდა, ზამთარში ფლორიდასა და კუბას იღებდა, შემდეგ კი მაიამიში დასახლდა და საბოლოოდ აიხდინა ამერიკული ოცნება. მიგელ არნაუს აზრით, სწორედ ესაა ნამდვილი ამერიკული ოცნება - დიდი ხნის შემდეგ შინ დაბრუნება. ჯამპაულომ და მიგელმა სახლი მალევე იპოვეს და Flore & Venezia-ს არქიტექტორების დახმარებით განაახლეს. რესტავრაციისას იყენებდნენ იმავე მასალებს, რომლითაც აშენებული იყო შენობა და საბოლოოდ მიიღეს ვილა, რომლის თითოეული ოთახი ცალკე რეზიდენციაა, საჯინობო სააბაზანოებმა ჩაანაცვლა, საღორე - აუზმა, შენობაში არსებული უძველესი აკლდამა კი ცხელ ამინდში იდეალურ თავშესაფრად იქცა.
განსაკუთრებით საინტერესოა ვილის ინტერიერი, რომელზეც წყვილმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშავა. სწორედ ამიტომ, ოთახები მკვეთრად განსხვავდება. ინტერიერში გამოყენებულია 1950-იანი წლების ავეჯი, ოჯახური რელიკვიები და ჰელმუტ ნიუტონის, ჰორსტისა თუ ბრიუს ვებერის ფოტოები.
ეზოს გაფორმებისას კი წყვილისთვის მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო, შეექმნათ მაქსიმალურად კომფორტული სივრცე ადამიანებისა და ცხოველებისათვის. Masseria Garzia-ში ჯამპაულო სგუროსა და მიგელ არნაუსთან ერთად ცხოვრობენ მათი ძაღლები - ულისე, აქილევსი და ექვსი მეტისი, რომლებმაც წყვილთან ერთად ცხოვრება თავად აირჩიეს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Simon Watson, Architectural Digest
დაწერე კომენტარი