Fx-ის ახალი სერიალის - The Bear-ის გადაღება  ჩიკაგოში, სენდვიჩების რესტორანში მიმდინარეობს და, ერთი მხრივ, გვიჩვენებს, თუ როგორია მცირე რესტორნის მართვა, მეორე მხრივ კი - სამზარეულოსა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის კლაუსტროფობიულობაზე გვესაუბრება. 


ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს მთავარი პერსონაჟის, კარმის მუდმივი შფოთვა და სამსახურის გარეთ ცხოვრების არარსებობა წარმოადგენს, მას ტანჯავს ფსიქიკური პრობლემები და მარტოობა, რომლის გამკლავებასაც მხოლოდ სამსახურის საშუალებით ახერხებს. 


მთავარი პერსონაჟის როლს ჯერემი ალენ უაითი თამაშობს, სერიალის რეჟისორი, სცენარისა და იდეის ავტორი კი კრისტოფერ სტორერია. განსხვავებით სხვა მხატვრული თუ დოკუმენტური შოუებისგან, სადაც მოქმედება სამზარეულოში ხდება, The Bear საოცარი სიზუსტით გადმოსცემს რესტორნის რეალობას, არ ცდილობს მის რომანტიზებას ან უადგილო ტრაგიზმით დატვირთვას. 


სერიალს როგორც მაყურებელმა, ასევე კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, რამდენიმე გამოცემამ The Bear-ს წლის საუკეთესო სერიალი უწოდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პირველი სეზონის გამოსვლისთანავე Fx-მა დაადასტურა - სერიალი მეორე სეზონით დაბრუნდება. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Fx, Rolling Stone, The Cut