კანის მახლობლად, მთის ფერდობზე ფუტურისტული ვილა Palais Bulle მდებარეობს, რომლის მშენებლობაც 1975 წელს დაიწყო და თითქმის 14 წელი მიმდინარეობდა. შენობა უნგრელი არქიტექტორის, ანტი ლოვაგის პროექტით, ფრანგი ინდუსტრიალისტი პიერ ბერნარისთვის აშენდა, თუმცა მისი მფლობელი 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იტალიელი დიზაინერი პიერ კარდენი იყო. სამხრეთული მზის გულზე მდებარე მოვარდისფრო შენობა ერთდროულად განასახიერებს ფემინურ ფორმებს და ფუტურისტულ ხედვას, ვილას 1000-მდე მომრგვალებული კარი აქვს და იდეალურია მოდების ჩვენებებისა და წვეულებების მოსაწყობად. 


არქიტექტორი ანიტ ლოვაგის შემოქმედება მუდმივი ძიება იყო ფორმებისა, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნიდნენ, ის მიიჩნევდა, რომ სწორად გავლებული ხაზი ბუნებრიობას ეწინააღმდეგება, სწორედ ამიტომაა Palais Bulle-ში ყველაფერი გლუვი და მომრგვალებული, ფემინური ფერები და ფორმები, არქიტექტორის აზრით, შენობას მაქსიმალურად აახლოებდა ბუნებასთან,  დედამიწასა და სამყაროსთან, როგორც ყველაფრის საწყისთან.  


კარდენს არასდროს უცხოვრია ვილაში, რადგან მას არა საცხოვრებლად, არამედ ხელოვნების ნიმუშად აღიქვამდა, რომელსაც მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. დიზაინერი ხშირად აღნიშნავდა, რომ ვილა მისთვის “პირად სამოთხეს” წარმოადგენდა, მისი ფორმები ზუსტად გამოხატავდა კარდენის შემოქმედებას, სწორედ ამიტომ სურდა დიზაინერს, რომ Palais Bulle არა უბრალოდ რეზიდენცია, არამედ თავისუფალი სივრცე ყოფილიყო არტისტთათვის. 


Palais Bulle-ს არქიტექტურულ მნიშვნელობასთან ერთად გამოარჩევს მდებარეობაც, შენობა არტისტების ვილების ისტორიული უბნის ნაწილია, მის მეზობლადაა ანრი მატისის, პაბლო პიკასოსა და ჟან კოქტოს სახლები. შენობა ერთგვარ დროის კაფსულადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ზუსტ წარმოდგენას ქმნის 60-70-იანი წლების არქიტექტურაზე, მოდაზე, დიზაინზე, სტილსა და რაც მთავარია, აღქმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი. 


 

ლაბირინთივით კორიდორები შენობის სფეროსებრ ოთახებს აკავშირებს, 1000 მომრგვალებული კარი სინათლის ბუნებრივ წყაროს ქმნის, ვილას აფორმებს 60-70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სტილის ავეჯი და თანამედროვე არტისტების ნამუშევრები, რაც საბოლოოდ პიერ კარდენის მიზანს ემსახურება - ქმნის თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს, რომელმაც შეიძლება უმასპინძლოს როგორც დეფილეს, ასევე სპექტაკლებს, კონცერტებს თუ წვეულებებს. 


პიერ კარდენის გარდაცვალების შემდეგ გაურკვეველი იყო, თუ რა სახით განაგრძობდა ვილა არსებობას, არსებობდა მისი გასხვისების და საცხოვრებლად გადაკეთების საფრთხეებიც, თუმცა დღეს შენობა ღიაა საზოგადოებისთვის და ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, რომ იხილოს ანიტ ლოვაგის კონცეპტუალური არქიტექტურა, პიერ ბერნარის ნოვატორული იდეები და რაც მთავარია პიერ კარდენის მემკვიდრეობა, რაც Palais Bulle-ს არსს და მთავარ მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენს.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Cloe Harnet, Jean-Pascal Hesse, Louis-Philippe Breydel, MZ, Vogue