"ლიტერატურა არის კარგი ადამიანისთვის და იმისთვის, რომ იმან არ იგრძნოს, რომ მარტოა ამ ქვეყანაზე დარჩენილი". - არჩილ ქიქოძე
მდგომარეობა,, რაშიც ასე მოუმზადებლად ამოვყავით თავი,, უცხოა ბევრი ჩვენგანისთვის და იმასაც ვგრძნობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ კრიზისულ დროს ადამიანებს შორის თანაზიარობა. ლიტერატურა კი ამისთვის საუკეთესო წყაროა. Hammock Magazine გთავაზობთ წიგნების რეკომენდაციებს, რათა ამ რთულ და ამავე დროს საინტერესო გამოცდილებას ერთად მივცეთ შინაარსი.
,,პერსეპოლისი” მარჯან სატრაპი
სარჩევი სია ,,პერსეპოლისის” დიდი სიყვარულით იწყება. “პერსეპოლისი” ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი დახვეწილი იუმორით გვიყვება ირანის რევოლუციის ფონზე მიმდინარე მისი ბავშვობის შესახებ, იმ რეპრესიებზე, შეზღუდვებსა თუ რელიგიური პოლიციის ტერორზე, რაც ირანის ყველა მცხოვრებს შეეხო და მათ შორის წიგნის მთავარი პერსონაჟის, მარჯანის ცხოვრებაზე პირდაპირ აისახა. კითხვისას უამრავი ნაცნობი გარემო თუ ისტორია შეგხვდებათ, რაც კულტურებს შორის მსგავსებას გაგრძნობინებთ და კიდევ უფრო დაგაახლოვებთ ტექსტთან, ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ თურმე სრულიად განსხვავებული ირანი გაიცანით. არ შეიძლება, არ აღვნიშნო თავად ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციები, რომლებიც კითხვისას მთავარ განწყობას ქმნის. ასევე გირჩევთ, ნახოთ, რომანის მიხედვით 2007 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზიც დაიმსახურა და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნი და ეკრანიზაცია ერთნაირად შეგაყვარებთ თავს.
,,პის ცხოვრება’’ იან მარტელი
შესაძლოა ბევრ თქვენგანს ფილმი ჰქონდეს ნანახი, მაგრამ დამიჯერეთ, იმის ნახევარი შთაბეჭდილებებიც არ გექნებათ მიღებული ფილმისგან, რასაც კანადელი მწერლის, იან მარტელის “პის ცხოვრების” წაკითხვა მოგცემთ. ამ წიგნმა ისიც მოახერხა, რომ ბავშვობაში დავებრუნებინე. თუკი დიდი თავგადასავლები დაგაკლდათ ცხოვრებაში, გირჩევთ ერთი სამაშველო ნავით წყნარ ოკეანეში 16 წლის ინდოელ ბიჭთან და ბენგალურ ვეფხვთან ერთად გაცუროთ.
წიგნს 2002 წელს ცნობილი ბრიტანული ლიტერატურული პრემია - The Man Booker Prize აქვს აღებული, ხოლო რომანის მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა 2013 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალზე 4 ოსკარი აიღო.
“ჩემო მიხაელ” ამოს ოზი
ერთმანეთს ჰგვანან დღეები. წიგნი კი სრულებითაც არაა მოსაწყენი, ამის მიზეზი კი წიგნის მთხრობელი პოეტი ხანაა, რომელიც ლექსებს არ წერს. ამ იზოლირებულ დღეებში, ვფიქრობ, უფრო მარტივად შევძლებთ ებრაელი მწერლის, ამოს ოზის წიგნის პერსონაჟების გაგებას, რადგან ისინიც სწორედ ერთფეროვნების დამღლელ ხასიათზე გვიყვებიან.
"როგორც დივანი, სავარძლები, ფარდები, დღეებიც სუსტი ელფერია მხოლოდ ერთადერთი ფერისა". კითხვისას არა ერთხელ გამახსენდა ჯიმ ჯარმუშის ფილმი "პატერსონი", რომელიც მისი სრული ანტიპოდია თავისი რუტინული, მშვიდი ბედნიერებით. და ამ ორ პოეტს შორის არსებული მთავარი განსხვავება სწორედ ხელოვნების გამოხატვაა, რაც საბოლოოდ ხანა-მიხაელობისგან გადასარჩენი გზაა. რუტინაში აღმოჩენილი ხელოვნება, საბოლოოდ რიტმული თანაარსებობით კვებავენ და ავსებენ ერთმანეთს. თუმცა ეს ხელოვნება თუ არ გამოვლინდება, რაიმე სახე თუ არ მიეცემა, წარმოსახვა სინამდვილეს დაჩრდილავს, რეალობა გაგვეპარება და ვიქცევით წარმოსახვაში მცხოვრებ ხანა გონენად, პოეტად, რომელიც ლექსებს არ წერს.
პირადი სივრცის რღვევა, სიჩუმე, კონფორმიზმი, თავის შეწირვა და ამით დაკარგული საკუთარი თავი, ურთიერთობები, სიყვარული - ამ ყველაფერს ავტორი საოცარი უბრალოებით მოგვითხრობს, როგორც ჩვეულსა და ბუნებრივ ფაქტს, როგორი “ბუნებრივიც” ხანასთვის გახდა თავისი ცხოვრება, და ხანა გახდა თავის ცხოვრებაში არა მოქმედი, არამედ მაყურებელი ფიგურა.
,,უხილავი ქალაქები” იტალო კალვინო
მოგზაურობა თუ მოგენატრათ, არარსებულ ან იქნებ თქვენთვის არსებულ ქალაქებშიც კი ამოყოთ თავი. წიგნში მარკო პოლოსა და ყუბილაი ყაენის წარმოსახვითი საუბრებია გადმოცემული. ცნობილი მოგზაური უცნაური ქალაქების ფანტასტიკურ სურათებს აღუწერს ყაენს. ვკითხულობდი და მინდოდა თითოეულ ქალაქზე ცალკე ილუსტრაცია თუ ამბავი შემექმნა, გონება წიგნისგან დამოუკიდებლად, თავად აგრძელებდა და ქმნიდა ამ ქალაქების ცხოვრებას. ეცადეთ კითხვისთვის შესაფერისი გარემო შეარჩიოთ და სრულად ჩაერთოთ იმ დროსა და სივრცეში, რასაც იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს მაგიური და ზღაპრული სამყარო გვთავაზობს.
,,ვეფხისტყაოსანი’’ გრაფიკული რომანი
დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებით
ქართული ლიტერატურის მთავარ ძეგლს - “ვეფხისტყაოსანს” გრაფიკული რომანის სახით “სულაკაურის გამომცემლობამ” ახალი სიცოცხლე შესძინა. „ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ხელოვანმა პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების სრულიად ახალი და უნიკალური სახეები შექმნა. გრაფიკული რომანისთვის ტექსტის ადაპტაციაზე კი პრემია საბას ლაურეატმა მწერალმა სალომე ბენიძემ იმუშავა.
“ვეფხისტყაოსნის” ამ ახალი გამოცემის მთავარი ოსტატობა სწორედ ისაა, რომ რუსთაველის პოემა მინიმალისტურადაა გადმოცემული გრაფიკული რომანის სახით. მართალია, ტექსტი გათანამედროვებულია, თუმცა მასში შენარჩუნებულია ყველასთვის ნაცნობი აფორიზმები და ზოგიერთ შემთხვევაში რუსთაველის ორიგინალი სტრიქონებიც. გარდა ამისა, არ შეცვლილა პოემის სიუჟეტი თუ იდეური მხარე. ამრიგად, ამ 222-გვერდიანი მოცულობის მქონე გამოცემასთან ერთად, ნაცნობი და თანაც სრულიად ახალი გრაფიკული სამყარო გელით.
,,შინაგანი ინჟინერია” სადჰგურუ
ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა ექსპერიმენტებისთვის და ისეთ საკითხებზე დასაფიქრებლად, რაზეც სხვა დროს ამის საშუალება ჩვენი ქაოსური რუტინიდან გამომდინარე არ მოგვეცემოდა. შესაბამისად, საკუთარი თავის გასაცნობად და დასაკვირვებლად ამაზე უკეთეს დროს იშვიათად თუ ვიპოვით. იქნებ ინდოელი იოგის, სადჰგურუს “შინაგანი ინჟინერია” ის ტექსტი აღმოჩნდეს, რაც შინაგან სიცარიელეებსაც ამოავსებს და აღქმის ახალ შესაძლებლობასაც მოგვცემს. ეს ის წიგნია, რომლითაც სამყარო ბევრად უფრო მსუბუქი ხდება, რომლის კითხვისას შეიძლება გაუცნობიერებლად გარდაიქმნათ, აღმოაჩინოთ, რომ ყველაფრის საწყისი თქვენშია და უბრალოდ, ეზიაროთ იოგას, როგორც მეცნიერებას.
დაწერე კომენტარი