რა სჭირდება კარგ ბიოგრაფიულ ფილმს? ალბათ, პირველ რიგში, საინტერესო მთავარი პერსონაჟი, კარგი მსახიობები, რეალური სამყაროსა და კონტექსტის სწორი გადმოცემა და იმ შეგრძნების შექმნა, რომ მაყურებელი არა მხატვრულ, არამედ დოკუმენტურ კადრებს უყურებს. ბაზ ლურმანის “ელვისი” თითქოს ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც რთულია ფილმს კარგი უწოდო.  ამბავი საინტერსოა, რეჟისორი ელვისისდროინდელ ამერიკაზეც აკეთებს კომენტარს, თუმცა ძალიან თვალშისაცემი ხარვეზების გამო კინო საბოლოოდ არ იკვრება.

 


პირველი და ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა, რაც “ელვისს” აქვს, ტემპი და მონტაჟია, რატომღაც ბაზ ლურმანი საკმაოდ დიდი ქრონომეტრაჟის ფილმში ყოველ სცენას რამდენიმე წამის შემდეგ ჭრის, რის შედეგადაც “ელვისი” მუდმივად ტრეილერის შთაბეჭდილებას ტოვებს და ქმნის შეგრძნებას, რომ ფილმი ჯერ არ დაწყებულა და მთავარი ამბავი ჯერ კიდევ წინაა, გარდა ამისა, ფილმს ძირითადად დახრილი პერსპექტივიდან ვუყურებთ, რაც რაღაც დროს შემდეგ უბრალოდ შემაწუხებელი ხდება. პრობლემურია იმ პერიოდის ამერიკის სოციალური უთანასწორობის გაშუქების საკითხიც. ყველასათვის ცნობილია, რომ ელვის პრესლის მუსიკა შავკანიანების გეტოებში შექმნილი ბლუზიდან და გოსპელიდან მოდიოდა, თეთრმა ელვისმა, ბრჭყვიალა კოსტიუმებითა და გულთამპყრობელის გარეგნობით ეს მუსიკა რიგით თეთრ ამერიკელებამდე მიიტანა, თუმცა კინოში იქმნება ცრუ წარმოდგენა, რომ შავკანიანების მუსიკას თეთრები უკვე იცნობდნენ და კარიერის დასაწყისში ელვისს მხოლოდ იმიტომ იწუნებდნენ, რომ თეთრისთვის შეუფერებლად იქცეოდა. ბაზ ლურმანი ცდილობს ელვისის სიცოცხლის პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხოს, თუმცა მათ იმდენად ზედაპირულად, წამიერი მონტაჟით გვიჩვენებს, რომ  ყურადღების გამახვილება რთულდება, ამიტომ თითქოს მათი არსებობა უმნიშვნელო ხდება მთავარი თხრობისათვის და სცენები ლუკ ბესონის “მეხუთე ელემენტს” ემსგავსება, სადაც ლილუ ელვის სისწრაფით ცდილობს დედამიწაზე მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბის გაგებას.

 

თუმცა “ელვისის” ყველაზე დიდი ნაკლი თვითონ ელვისის ნაკლებობაა, მთავარი როლის შემსრულებელი, ოსტინ ბატლერი, უნაკლოდ ქმნის ელვის პრესლის სახეს, ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად გაიმეოროს მომღერლის მიმიკები, როგორც ამას რამი მალეკი, სრულიად არაბუნებრივად აკეთებდა “ბოჰემურ რაფსოდიაში”, ის ცდილობს მაყურებლამდე ელვისის არსი მიიტანოს, მაგრამ რეჟისორი მუდმივად ზღუდავს მსახიობს და მთავარ გმირი, ელვის პრესლი, ეკრანზე თითქოს ქარიშხალივით ჩაივლის და უჩინარდება. სამაგიეროდ დიდი დრო ეთმობა ტომ პარკერს, ელვისის მენეჯერს, რომელმაც როკ-ენ-როლის მეფის კარიერა დაასამარა, რადგან საკუთარ ნამდვილ იდენტობას მალავდა, თუმცა ფილმში თავიდანვე ვხედავთ, რომ მენეჯერი ცალსახად ელვისის საწინააღმდეგოდ იქცევა, ამიტომ შოკის ეფექტიც იკარგება. რეჟისორი ელვის პრესლის ბრჭყვიალებით, გლამურით, მწვერვალზე ასვლით, დანარცხებითა და ტრაგედიით აღსავსე ისტორიას იმდენად სწრაფად გვიყვება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ტრაგედიის გააზრება და მას მაყურებლები ძალიან ჩვეულებრივად ვიღებთ. საბოლოოდ კი ფილმში ერთადერთი ემოციური სცენას დოკუმენტური კადრი ქმნის - ელვის პრესლის უკანასკნელი ცოცხალი შესრულება, რომელიც მის სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი და სადაც ძალიან თვალნათლივ ვხედავთ, თუ რა უქნა მუსიკოსს ნარკოტიკებმა და ცხოვრების არაადამიანურმა ტემპმა, და მიუხედავად ამისა, რამხელა ნიჭს ატარებდა ის.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო:  Warner Bros. Pictures