ფრანგი დიზაინერი სიმონ პორტ ჟაკემუსი საკუთარი შემოქმედების მთავარ შთაგონების წყაროდ ხშირად ასახელებს კინემატოგრაფიას, განსაკუთრებით კი ფრანგულ კინოს, თუმცა ალბათ არავის და არაფერს ჰქონია დიზაინერზე ისეთი გავლენა, როგორც ფრანგ მსახიობ იზაბელ აჯანის, რომელიც ჟაკემუსის მუზა და მუდმივი სიყვარულის ობიექტია.
ყველაფერი კი 1983 წელს გამოსული ფილმით, ჯინ ბეკერის One Deadly Summer-ით იწყება, სადაც შესრულებული ელეინის როლისთვისაც იზაბელ აჯანიმ “სეზარი” აიღო, მსახიობი ამ ფილმის შემდეგ მოდისა და ფოტოგრაფიის სამყაროს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ის იქცა ენდი უორჰოლის, ჟან-დენიელ ლორიოსა თუ კარლ ლაგერფილდის შთაგონების წყაროდ, მრავალი წლის შემდეგ კი, ახალგაზრდა დიზაინერმა, სიმონ პორტ ჟაკემუსმა თავისი პირველი კოლექცია იზაბელ აჯანის, უფრო სწორად კი მის პერსონაჟ ელეინს მიუძღვნა.
ჟაკემუსი სამხრეთ საფრანგეთიდანაა, ამიტომ მის ნამუშევრებში აუცილებლად იპოვით სამხრეთული ცხოვრების წესს, სტილს, კიჩურსა და მძაფრ შეგრძნებებს, მზიან სანაპიროებს და ქალებს, ემოციურ, ფემინურ, ძლიერ ქალებს, რომლებმაც ჟაკემუსის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს - დედას, ბებიას, მეგობრებს და იზაბელ აჯანის პერსონაჟ ელეინს, რომლის სამოსიც 80-იანი წლებისა და სამხრეთული სტილის საუკეთესო ნაზავს წარმოადგენს. მოკლე და ფერადი საზაფხულო კაბები, მინი მაისურები, ზოლები, ასიმეტრიული ფორმები და პრინტები, რასაც ელეინის გარდერობში აღმოვაჩენთ, ხშირად გვხვდება JACQUEMUS-ის კოლექციებში, გარუჯული ელეინი კი, დაუდევრად გაშლილი მუქი თმით, დიზაინერის მუდმივი შთაგონების წყაროა.
2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში JACQUEMUS-მა გამოიყენა ელეინის ტანსაცმლის ზოლებიანი პრინტები და ასიმეტრიული მხრები, სტილი წლების განმავლობაში ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა, რომელიც ჩვენებებზე ყოველწლიურად ჩნდება. JACQUEMUS 2017, 2018 და 2019 წლებში, ისევ დაუბრუნდა One Deadly Summer-ს და საზაფხულო კოლექციებში 80-იანი წლების სილუეტები, ფუშფუშა სახელოები და დიდი ზომის სამკაული გამოიყენა, მოდელებისათვის კი, იზაბელ აჯანის მსგავსად, მსუბუქი მაკიაჟი და ხვეული, აწეწილი თმა აირჩია.
თუმცა სიმონ პორტ ჟაკემუსის აღტაცება იზაბელ აჯანით მხოლოდ Murderous Summer-ით არ შემოიფარგლება, ის კარიერის დასაწყისიდანვე შთაგონებული იყო მსახიობით - მაგალითად, 2013 წლის შემოდგომის ჩვენება დიზაინერმა მას მიუძღვნა. ჩვენება ბასტილიასთან, საცურაო აუზზე გაიმართა, შოუს ყველაზე თვალშისაცემი მომენტი კი პოდიუმზე დიზაინერის მეგობრის, ჯინ დამას გამოჩენა იყო, რომელსაც გამჭვირვალე, გრძელსახელოიანი მაისური ეცვა, წარწერით Le Pull Marine - იზაბელ აჯანისა და სერჟ გენსბურგის სიმღერის სახელით, რომლის კლიპიც ჩვენების მსგავსად აუზზეა გადაღებული.
2017 წელს სიმონ პორტ ჟაკემუსი და იზაბელ აჯანი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მსახიობი დიზაინერის ჩვენებას დაესწრო, რომელსაც “ბოშის სიყვარული” ერქვა, შოუს დასრულების შემდეგ კი კულისებში შევიდა და მიულოცა. შემდეგი წლიდან იზაბელ აჯანი JACQUEMUS-ის ჩვენებების მუდმივ სტუმრად იქცა და მისი სამოსის ტარება დაიწყო, რაც შეიძლება ერთგვარ წრის შეკვრად აღვიქვათ - ქალი, რომლის სტილიც ბრენდის ერთგვარ ღერძადაა ქცეული, ამ ბრენდის აქტიური მომხმარებელი გახდა. სიმონ პორტ ჟაკემუსი ხშირად აღნიშნავს, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა ცხოვრებაში სამხრეთმა, დედამ და კინომ მოახდინეს, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მას განსაკუთრებულად უყვარს იზაბელ აჯანი - ძლიერი და ლამაზი ქალი, რომელიც სამხრეთულ სტილს, კინოსა და 80-იან წლებს განასახიერებს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Collection Christophel, RnB ,Societe Nouvelle de Cinematographie, CAPAC, TF1 Films Production Societe Nouvelle de Cinématographie, JACQUEMUS
დაწერე კომენტარი