10 აგვისტოს ტიმოთი შალამემ Twitter-ზე ლუკა გუადანინოს ახალი ფილმის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა. Bones And All - ასე ეწოდება კანიბალური სიყვარულის ისტორიას, სადაც მთავარ როლებს სწორედ ტიმოთი შალამე და ტეილორ რასელი ასრულებენ.
ფილმი შეიძლება Road Movies-ის ჟანრს მივაკუთვნოთ, რადგან მოქმედება ძირითადად მოგზაურობისას ხდება. კინო გვიყვება საზოგადოებისგან განცალკევებული წყვილის შემთხვევით შეხვედრისა და სიყვარულის ამბავს, რომელიც რეიგანის პერიოდის, 1980-იანი წლების ამერიკაში, ვიწრო და უკაცრიელ, მტვრიან გზებსა და საიდუმლო გასასვლელებში ვითარდება. წყვილი თანდათან გვაცნობს შემზარავ წარსულს და მთელი სიუჟეტის განმავლობაში აჩენს კითხვას, გაუძლებს თუ არა მათი სიყვარული იმ თავგადასავლებსა და დაბრკოლებებს, რაც გზად შეექმნებათ.
Bones And All-ში გუადანინომ და შალამემ მეორედ ითანამშრომლეს. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, მთავარ გმირად მხოლოდ ტიმოთი წარმოედგინა, თუმცა იმაში, რომ ეს ფილმი საერთოდ არსებობს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის შემთხვევითობას - პანდემიით გამოწვეული კარანტინისას რეჟისორიც და მსახიობიც რომში იმყოფებოდნენ, სწორედ აქ დაამტკიცეს ტიმოთი შალამე მთავარ როლზე.
გარდა მთავარი გმირებისა, ფილმში ითამაშებენ: ქლოე სევინი, ანდრე ჰოლანდი, დეივიდ გორდონ გრინი და ჯეკ ჰოროვიცი. Bones And All კამილ დეანჯელისის მოთხრობის კინოადაპტაციაა, სცენარზე რეჟისორმა ლუკა გუადანინომ და დევიდ კიაგანიჩმა იმუშავეს.ფილმის პრემიერა ვენეციის 79-ე კინოფესტივალზე გაიმართება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Indiewire, Deadline, Bones And All
დაწერე კომენტარი